სწრაფი რადიოანთებები უხილავი მატერიის აღმოჩენაში დაგვეხმარება

 არსებული კოსმოლოგიური თეორიების მიხედვით, რომლებიც პრაქტიკული დაკვირვებებით არის არგუმენტირებული, სამყაროს მთლიანი მასის მხოლოდ 5% მოდის ჩვეულებრივ (ბარიონულ) მატერიაზე, რომლის დანახვა, შეხება დ ა.შ. არის შესაძლებელი. დანარჩენის სამყოფელი ახლაც დაუდგენელი რჩება. ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ შემუშავებული ახალი მეთოდით, ამ იდუმალებით მოცულ მატერიას, არანაკლებ იდუმალი მოვლენის, სწრაფი რადიოანთებების (FRB) საშუალებით მოძებნიან.

 ბარიონულია ჩვენთვის ცნობილი ნორმალური ნივთიერება, მატერია, რომელიც შედგება პროტონების, ნეიტრონებისა და ელექტრონებისგან. არსებობს ბარიონული ანტიმატერიაც.

 არსებული თეორიები და მათემატიკური მოდელები, დიდი აფეთქების დროს გაჩენილი მატერიის რაოდენობის საკმაოდ ზუსტ მაჩვენებელს გვაძლევს. შორეულ ობიექტებზე დაკვირევბისას კი, ანუ წარსულში ჩახედვით, ასტრონომები ხედავენ, რომ გარკვეული მომენტიდან მატერიის დიდი ნაწილი, 40%-მდე, სადღაც გაქრა.

 ჰიპოთეზების მიხედვით, ეს მატერია ძალიან გაიშვიათბეული გაზის სახით შეიძლება იყოს განაწილებული ცივ ვარსკვლავთშორის კოსმოსურ სივრცესა და ე.წ. ვოიდებში, რომლებშიც ვარსკვლავები და მატერიის გროვები საერთოდ არ არის. ამ გაზის სიმკვრივე იმდენად მცირეა, რომ ერთ კუბურ მეტრზე არა ერთი ატომი მოდის, არამედ ერთი ელექტორნი. შესაბამისად, ასე გაიშვიათებული მატერიის აღმოჩენა ძალიან ძნელია.

 ამ საიდუმლოს ამოხსნაში, ზემოთ ხსენებული ჯერ ისევ ბოლომდე გაურკვეველი წარმოშობის მოვლენა – სწრაფი რადიოანთება შეიძლება დაგვეხმაროს, რომელიც ძალიან მოკლე ხანრგძლივობის, თუმცა უკიდურესად მაღალი ენერგიის მქონე რადიოგამოსხივებაა. ეს ანთებები ცის ყველა მხირდან მოდის და ჯერჯერობით, მათ წყაროებად პულსარები და მაგნიტარები განიხილება (რა შეიძლება იყოს სწრაფი რადიოანთებების წყარო?).

 ავსტრალიელმა მეცნიერებმა, ტელესკოპ ASKAP-ით მღებული ხუთი ასეთი სწრაფი რადიოიმპულსი შეისწავლეს. არჩეული იქნა მხოლოდ ის იმპულსები, რომლებმაც კოსმოსის უზარმაზარი მანძილები გამოიარეს. ამ რადიოგამოსხივებას რომ სრულ ვაკუუმში ემოძრავა, მთელი მისი სიხშირული შემადგენელი ზუსტად ერთ დროში მოაღწევდა რადიოტელესკოპებამდე. თუმცა, არსებულ მონაცემებში, სხვადასხვა სიხშირის ტალღების მოსვლაში დაყოვნება იქნა აღმოჩენილი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იმპულსები გზად არსებული მატერიის მოლეკულებთან ურთიერთქმებდა.

 ამ მატერიის რაოდენობის დასადგენად მხოლოდ გამოსხივების დაყოვნების მაჩვენებლის ცოდნა საკმარისი არ არის. სხვა ასტრონომიული მეთოდების გამოყენებით, იმპულსების წყაროებამდე მანძილი იქნა დადგენილი. ყველა მაჩვენებლის მიღების მერე, დამატებითი ექსტრაპოლაცია იქნა ჩატარებული, რომელიც გვიჩვენებს, მიღებული რაოდენობის მატერიის მაჩვენებელი ახლოს არის თუ არა თანამედროვე თეორიებით ნავარაუდევ რაოდენობასთან.

 აქ ჩვეულებრივ მატერიაზეა საუბარი, არა ბნელ მატერიაზე (ბნელი მატერია სამყაროს ”ბავშვობის დროინდელ” ფოტოზე), რომელიც სრულიად სხვა თემაა. ეს “დაკარგული მატერია” ჩვეულებრივ ბარიონულ მატერიას წარმოადგენს, რისგანაც ჩვენ და ჩვენი გარემო სივრცე შედგება.

 ამ მეთოდით მიღებული მაჩვენებელი, ასტრონომიული ინსტრუმენტებით რეგისტრირებული სიგნალების რაოდენობის ზრდასთან ერთად დაზუსტდება. როცა შესწავლილი სწრაფი რადიოანთებების რაოდენობა ასს გასცდება, მხოლოდ მაშინ დაიხატება მკაფიო სურათი, რომელიც ამ სფეროში არსებულ რეალურ ვითარებას ასახავს (მოკლედ კოსმოლოგიური მოდელის შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.