ირმის ნახტომის ზემასიური შავი ხვრელის მაგნიტური ველის ახალი გამოსახულება

“მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპის” კოლაბორაციამ, ირმის ნახტომის ზემასიური შავი ხვრელის – მშვილდოსანი А* (Sgr A*), მაგნიტური ველის ახალი გამოსახულება მიიღო. ამჯერად, მეცნიერებმა აღბეჭდეს სინათლის სტრუქტურის პოლარიზაცია, რომლის ფორმა იქ მოქმედ მაგნიტურ ველზეა დამოკიდებული (eventhorizontelescope.or).

 სინათლის პოლარიზაციის ეს სურათი ძალიან ჰგავს მანამდე გადაღებული ზემასიური შავი ხვრელის, გალაქტიკა M87-ში მდებარე პოვეჰის (Powehi. ჰავაიელების ენაზე – ბნელით შემკული უძირო ქმნილება) (“ბნელი ძალა”) ახლო სივრციდან გამოსხივებული სინათლის პოლარიზაციას. ბუნებაში არსებული ოთხი ფუნდამენტური უქრთიერთქმედებიდან, მხოლოდ ორი ვრცელდება ძალიან დიდ მანძილებზე – ელექტრომაგნიტური და გრავიტაციული. ამ უკანასკნელისგან განსხვავებით (გრავიტაციული ასტრონომია ჯერ ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს), ელექტრომაგნიტური დიაპაზონით სამყაროს შესწავლა უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს, თვით სინათლეც ხომ მისი ერთ-ერთი ნაწილია. სწორედ ელექტრომაგნიტური გამოსხივებაა ჩვენი მთავარი მეკავშირე შორეული კოსმოსის კვლევის საქმეში.

 ელექტრომაგნიტური ტალღა, ერთმანეთის პერპენდიკულარულად მერხევი ელექტრული და მაგნიტური ველების ერთობლიობაა. დროის ინტერვალში მომხდარი რხევათა რაოდენობა – სიხშირეა, ტალღის ქიმებს შორის მანძილი – ტალღის სიგრძე.

 ელექტრომაგნიტური გამოსხივება, ვაკუუმში ან გარემოში გავრცელებადი ტალღური ტიპის მოვლენაა. შედგება ერთმანეთისგან განუყოფელი ელექტრული და მაგნიტური ველებისგან, რომლებიც ერთიდაიგივე ფაზაში ირხევა, ერთმანეთისა და ტალღის გავრცელების მიმართულების მართობულ სიბრტყეში. ტალღები, რომელთა ელექტრული (E) და მაგნიტური (H) ველის მიმართულებები სივრცეში უცვლელია ან გარკვეული კანონზომიერებით იცვლება, პოლარიზებულს უწოდებენ. კოსმოსური ობიექტების შემთხვევაში, პოლარიზაცია, მასხივებელი წყაროს შემომფარგლავი პლაზმის თვისებებით არის განპირობებული. რხევათა სიბრტყის ვექტორის ბრუნვა, მაგნიტური ველის ძალწირების მიმართულებაზე დამოკიდებული ხდება.

 ძალწირების გარშემო მბრუნავი გავარვარებული პლაზმის ნაწილაკები, პოლარიზაციის სურათს ქმნიან, რომელიც ამ ველის პერპენდიკულარულია. მეცნიერთა აზრით, გამოსახულება ცხადყოფს, თუ რამდენად ძლიერად არის გამრუდებული მაგნიტური ველები შავი ხვრელის მახლობლად. ეს მნიშვნელოვანია იმის გასაგებად, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ეს ობიექტები გაზთან და მიმდებარე ვარსკვლავთშორის მატერიასთან.

M87-ის ცენტრალური ზემასიური შავი ხვრელის რადიოგამოსახულება.
შავი ხვრელების ზომების შედარება გალაქტიკა M87-ის ცენტრში და ირმის ნახტომის ცენტრში. როგორც ხედავთ, „ჩვენი“ შავი ხვრელი, აკრეციული დისკოს რეგიონთან ერთად, რომელიც აქტიურად ასხივებს რადიო დიაპაზონში, მთლიანად თავსდება მერკურის ორბიტაში (რომლის ნახევარღერძი ~ 58 მილიონი კმ-ია). და შავი ხვრელი M87-ში, ზომით შედარებულია პლუტონის ორბიტასთან (რომლის ნახევრღერძი ~ 5,9 მილიარდი კმ-ია) (eso.org).

 2022 წლის 12 მაისს, იგივე კოლაბორაციამ, მშვილდოსანი А* (Sgr A*)-ს გამოსახულება გამოაქვეყნა (შავი ხვრელის ჩრდილის ნამდვილი ფოტო). ჩვენი გალაქტიკის ზემასიური შავი ხვრელის ზომა 1500-ჯერ მცირეა ზემოთ ხსენებული პოვეჰის ზომაზე, ანუ მისი მოვლენათა ჰორიზონტის ზომა მერკურის ორბიტისას უტოლდება. მიუხდედავა იმისა, რომ ამ ხვრელების მასები ძალიან განსხვავებულია, მათი გამოსახულებები ფორმით ძალიან ჰგავს ერთმანეთს. აინშტაინის გრავიტაციის თეორიაც იგივეს წინასწარმეტყველებს – შავი ხვრელის ზომა, მხოლოდ მის მასაზეა დამოკიდებული. რადგან პოვეჰი 2000 ჯერ შორსაა, ვიდრე Sgr A*, გამოსახულებაზე ისინი ერთნაირი წარმოგვიდგება, დიდი განსხვავების მიუხედავად მათ მასებს შორის.

პროექტში მონაწილე რადიოტელესკოპების ადგილმდებარეობა.

 “მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპში” რვა ობსერვატორია შედის, რომლებიც დედამიწის სხვადასხვა წერტილებშია განლაგბეული. ერთად ისინი მქნიან რადიოტელესკოპს (ე.წ. ინტერფერომეტრი), რომლის დიამეტრი ათი ათასი კილომეტრია, რაც მიღებული ფოტოების გარჩევადობასა და დეტალიზაციას საგრძნობლად ზრდის (ელექტრომაგნიტური ტალღების პოლარიზაცია).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.