პიტერ ჰიგსი – არა მარტო თეორიული ფიზიკა

 2024 წლის 8 აპრილს, მსოფლიომ შეიტყო თეორიული ფიზიკოსის, ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორისა და ნობელის პრემიის ლაურეატის, პიტერ ჰიგსის გარდაცვალების შესახებ. ჰიგსი, უპირველეს ყოვლისა, ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ავტორი თეორიისა, რომელიც აღწერს მექანიზმს, რომლითაც სუბატომური ნაწილაკები იძენენ მასას. 2012 წელს, დიდ ადრონულ კოლაიდერზე მრავალწლიანი ექსპერიმენტების შემდეგ, ჰიგსის ბოზონის აღმოჩენის შესახებ გამოცხადდა, რაც იმ თეორიის საბოლოო ტრიუმფად შეიძლება ჩაითვალოს, რომელზეც ჰიგსი და რიგი სხვა თეორეტიკოსებისა 1960-იან წლებში მუშაობდნენ.

 1950-იანი წლების ბოლოს, ჰიგსი, ორი წელი იყო კონსულტანტი საჯარო ორგანიზაციისა, რომელიც1957 წელს დაარსდა და დღესაც არსებობს, სახელწოდებით – კამპანია ბირთვული განიარაღებისთვის (CND). 1963 წლის სექტემბერში, ჰიგსი დაქორწინდა ამერიკელ ჯოდი უილიამსონზე, რომელიც მაშინ ედინბურგში ენათმეცნიერებას ასწავლიდა და ასევე იყო CND-ის აქტივისტი (რამდენიმე წლის შემდეგ, პიტერი და ჯოდი განქორწინდნენ. ჯოდი გარდაიცვალა 2008 წელს).

 პიტერ ჰიგსმა კავშირი გაწყვიტა CND-თან, რადგან მისმა ხელმძღვანელობამ არა მხოლოდ ბირთვული იარაღის, არამედ ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი გამოყენების მიმართ დაიწყო წინააღმდეგობა; ერთ დროს, ჰიგსმა მონაწილეობა მიიღო მოძრაობაში “გრინპისი” (Greenpeace), მაგრამ იქედანაც მოუხდა წამოსვლა, მიიჩნია რა მათი ანტიმეცნიერული მოსაზრებები ძალიან რადიკალურად.

 1976 წელს, ჰიგსი ეწვია CERN-ს და მონაწილეობა მიიღო დიდი ელექტრონულ-პოზიტრონული კოლაიდერის (LEP) აგების გეგმების განხილვაში, რომელშიც, როგორც მაშინ იმედოვნებდნენ, ჰიგსის მიერ ნაწინასწარმეტყველები სკალარული ბოზონების წარმოქმნა შეიძლებოდა მომხდარიყო. ეს მანქანა 1989 წელს ამოქმედდა და დიდი ადრონული კოლაიდერის წინამორბედი გახდა, სადაც 2012 წელს, ჰიგსის ბოზონების აღმოჩენა მოხერხდა.

 პიტერ ჰიგსი, მეოცე საუკუნის ფიზიკის ისტორიაში მხოლოდ სამი მცირე სტატიის წყალობით შემოვიდა, ორი გამოჩნდა 1964 წელს და ერთიც 1966 წელს. ამით ის ძალიან განსხვავდებოდა ფრანსუა ენგლერისგან, რომელთანაც მან შემდეგ ნობელის პრემია გაიყო. ენგლერმა მარტომ გამოაქვეყნა, ან იყო თანაავტორი 116 სტატიისა ნაწილაკების ფიზიკის, ზოგადი ფარდობითობის, კოსმოლოგიის და სიმების თეორიის შესახებ.

 1964 წელმა ფიზიკას არა მხოლოდ პიტერ ჰიგსის და მისი კოლეგების, ბრიუსელიდან და ლონდონიდან, აღმოჩენები მოუტანა. იყო სხვა დიდი მიღწევებიც: კვარკების თეორია, მიკროტალღური რელიქტური გამოსხივება, ექსპერიმენტული მტკიცებულება კომბინირებული სიმეტრიის შეუნარჩუნებლობისა (CP-ინვარიანტულობა) კაონების დაშლის დროს, მომხიბვლელი კვარკის არსებობის ჰიპოთეზა (არომატული კვარკები 🙂).

 რა იქნება მერე? ნაწილაკების ფიზიკაში, ჰიგსის მექანიზმი მათემატიკურად უნაკლოდ არის აღწერილი და დადასტურებული მრავალ ექსპერიმენტში. ახლა უკეთ უნდა იქნეს შესწავლილი ჰიგსის ბოზონის თვისებები, ამის საფუძველზე კი გაირკვეს სკალარული ველების წარმოშობა და შემადგენლობა. არ არის გამორიცხული, რომ ეს პრობლემები ვერ გადაიჭრას ახალი სუპერამაჩქარებლების მშენებლობის გარეშე… ყოველ შემთხვევაში, ფუნდამენტური ფიზიკის დასასრული ჯერ არ ჩანს. და ეს მშვენიერია… (ჰიგსის ბოზონი 12 წლისაა (სამომავლო გეგმები)).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.