ენკეს კომეტა (2P/Encke)

 ყველაზე მოკლე პერიოდის მქონე ენკეს კომეტა (2P/Encke), მზის შემოვლას 3,3 წელი ანდომებს. ეს სახელი გერმანელი ასტრონომის, იოჰან ფრანც ენკეს (1791-1865) საპატივცემულოდ შეარქვეს, რომელმაც რამდენიმე კომეტის ორბიტების შესწავლით დაასკვა, რომ ეს ერთი და იგივე კომეტა იყო, რაც მისი მომდევნო გამოჩენის პროგნოზირებითაც დაამტკიცა (1822 წ.).

 სხვა კომეტების მსგავსად, მზესთან პერიოდული მიახლოება მასაც შლის. ბირთვის სავარაუდო ზომა 2 – 4,8 კილომეტრი უნდა იყოს. ასტრონომები თვლიდნენ, რომ აქროლადი ნივთიერებების მარაგი ამ კომეტაზე 2007 წლის მზესთან მიახლოებისას ამოიწურებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. კომეტა აჩქარებით მოძრაობს, რაც ბირთვიდან ამოფრქვეული გაზის რეაქტიული ძალით არის გამოწვეული. აქროლადი ნივთიერებების ამოწურვასთან ერთად, აჩქარებაც მცირდება. ამ კომეტის ფრაგმენტებთან არის დაკავშირებული მეტეორული ნაკადები ბეტა-ტაურიდები და ტაურიდები.

 ერთი ჰიპოთეზის თანახმად, ენკეს კომეტის ფრაგმენტი იყო ტუნგუსკის მეტეოროიდიც, ასევე, დედამიწასთან ახლოს მოძრავი ასტეროდი 2004 TG10.

 ამ ფოტოზე (ფრიც ჰელმუთ ჰემერიჰი) ენკეს კომეტას 3 კუდი აქვს, რადგან იონებისგან შემდგარი ნაწილი ფოტოს გადაღების დროს გაწყდა. უჩვეულო ფორმის კუდების ფორმირების მთავარი მიზეზია მზის ქარის ტურბულენტურობაც.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.