16 მილიონი სინათლის წლის ზომის რადიოგალაქტიკა…

 გალაქტიკური ბუნების აქამდე ცნობილთა შორის ყველაზე დიდ ობიექტს ალკიონევსი (Alcyoneus) შეარქვეს. დედამიწიდან 3 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარე ობიექტის ზომა 5 მეგაპარსეკია, ანუ 16,3 მილიონი სინათლის წელი. ეს აღმოჩენა იმაზე მეტყველებს, რომ მსგავსი გიგანტების ფორმირების პროცესების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით (წინა რეკორდსმენია ელიფსური ფორმის IC 1101 — 6 მლნ.სწ.).

შედარებით მოკრძალებული ზომის კენტავრის A-ს რადიო-ჭავლი.

 თვითონ რადიოგალაქტიკებია უკვე სამყაროს კიდევ ერთი გამოცანა. აღნაგობით ისინი სხვა გალაქტიკების მსგავსია – ცენტრალური ბირთვი ზემასიური შავი ხვრელით ცენტრში და მის გარშემო მოძრავი ვარსკვლავების ჯგუფები. გიგანტურ ზომას ასეთ გალაქტიკებს ჭავლები (დამუხტული ნაწილაკების ნაკადი, “ჯეტი”) და ყვავილის ფურცლების მსგავსი სტრუქტურები სძენს, რომლებიც ცენტრიდან ძალიან შორს ვრცელდება. ჭავლებისა და ფურცლების შემადგენელი მატერია, გალაქტიკათშორის სივრცეზე ზემოქმედებს, ზოგჯერ კი ყველაფერი ეს, ბუნებრივ ამაჩქარებლად იქცევა ხოლმე, რომელიც ელექტრონებს აჩქარებს, ეს უკანასკნლენი კი ზედმეტ ენერგიას რადიოგამოსხივებით იშორებენ (სინქროტრონული გამოსხივება).

 ზემოაღნიშნულში უჩვეულო არაფერია, ასეთი სტრუქტურები სხვა გალაქტიკებსაც აქვს, თვით ჩვენს ირმის ნახტომსაც (ირმის ნახტომის ცენტრი 3,5 მილიონი წლის წინ “აფეთქდა”). თუმცა, ზოგჯერ, ეს ფურცლები კოლოსალურ ზომამდე “იზრდება” ხოლმე, ხოლო მათ წარმომქმნელ გალაქტიკებს რადიოგალაქტიკებს უწოდებენ.

LOFAR-ის ნაწილი (დიდი ბრიტანეთი).

 გიგანტური რადიოგალაქტიკების საძებნელად მეცნიერებმა გამოიყენეს მონაცემები, რომლებიც სისტემა LOFAR (ანტენათა დაბალსიხშირული მასივი)-მა შეაგროვა. სისტემში შემავალი 20 ათასი რადიოანტენა, ევროპის ტერიტორიაზე 52 სხვადასხვა ადგილზეა გაფანტული. ამ მონაცემებიდან ყველა პატარა რადიოწყაროს მოშორების მერე, მიღებული იქნა გამოსახულება, რომელზეც მეცნიერებმა ალკიონევსის რადიო-ფურცლები აღმოაჩინეს (მოკლედ რადიოტალღებისა და რადიოასტრონომიის შესახებ).

 თავდაპირველად მიღებული ინფორმაციის თანახმად, ალკიონევსის ზომა 4,99 ± 0,04 მეგაპარსეკს უტოლდებოდა. სლოანის ცის ციფრული დამზერით (SDSS) მიღებული მონაცემების გამოყენებით კი ფურცლების ზომის დასაზუსტება მოხერხდა — 5,04 ± 0,05 მეგაპარსეკი.

 ამასთან ერთად, აღმოჩნდა, რომ ალკიონევსი, კატალოგებში შეტანილი ჩვეულებრივი ელიფსური გალაქტიკაა. მისი მასა 240 მილიარდი მზის მასას უტოლდება, ხოლო ცენტრალური ზემასიური შავი ხვრელის მასა 400 მილიონჯერ აჭარბებს ჩვენი მზის მასას. ამ პარამეტრებში საოცარი და აქამდე გაუგონარი არაფერია და მეცნიერები სწორედ ამან ჩააგდო საგონებელში: რას შეიძლებოდა გამოიწვია რადიო-ფურცლების უზარმაზარ ზომამდე ზრდის პროვოცირება?

 არსებული ჰიპოთეზების მიხედვით, ალკიონევსი შეიძლება მდებარეობდეს სივრცეში, რომელშიც მატერიის სიმკვრივე ძალიან დაბალია. ანუ, ცენტრალური ზემასიური შავი ხვრელიდან ამოფრქვეული მატერიის გავრცელებას ვერაფერი აბრკოლებს (გაზი, მტვერი). სხვა მოსაზრების მიხედვით, ეს ყველაფერი იმ გალაქტიკური ქსელის ზემოქმედებით შეიძლება ხდებოდეს, რომლიდანაც ალკიონევსი (დაუზუსტებელია) 11 მილიონი სინათლის წლით არის დაშორებული.

 დასასრულს, უნდა აღინიშნოს, რომ რაც არ უნდა იყოს უზარმაზარი რადიო-ფურცლების ფორმირების მიზეზი, გალაქტიკა ზრდას აგრძელებს, ახლა ის კიდევ უფრო დიდია, ჩვენ კი ისეთს ვხედავთ, როგორიც ზემოაღნიშნული 3 მილიარდი წლის წანათ იყო (გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულებიყველაფერი გალაქტიკების შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.