ყველაზე მძლავრი კოსმოსური ლაზერი

 ლაზერი – კოჰერენტული, მონოქრომული, პოლარიზებული და ვიწრო ნაკადად მიმართული გამოსხივების წყარო (როგორ მუშაობს ლაზერი).

 სამხრეთ აფრიკაში არსებული რადიოობსერვატორიის (MeerKAT) ასტრონომებმა, კოსმოსის სიღრმეებში ბუნებრივი წარმოშობის უმძლავრესი ლაზერი აღმოაჩინეს (space.com). ამ მეგალაზერამდე, უფრო სწორედ მაზერამდე (დაბალი სიხზშირის ლაზერი) მანძილი 5 მილიარდი სინათლის წელია. რადიოტელესკოპების ანტენებზე დაცემამდე, ამ გამოსხივებამ 58 ათასი მილიარდი მილიარდი (58 ოცდაერთი ნულით)  კილომეტრი გამოიარა (რა არის სინათლის წელი?).

 კვლევის ავტორთა თქმით, ბუნებრივი მეგამაზერის გაჩენის მიზეზი გალაქტიკების შეჯახებაა — მასშტაბური კატასტროფის ადგილზე, ზოგჯერ, კოლოსალური ზომის გაზის შესქელებები ჩნდება, ისეთი ფორმისაც, რომ კოჰერენტული რადიოგამოსხივების წყაროებადაც იქცევა ხოლმე. MeerKAT-მა სრული დატვირთვით ფუნქციონირება ახლახანს დაიწყო და ეს რეკოდრული აღმოჩენა დაკვირვებების დაწყების ღამესვე მოახდინა.

64 ანტენისგან შემდგარი MeerKAT.

 რეკორდულ მეგამაზერს ნკალაკათჰა (Nkalakatha) უწოდეს, რაც ზულუს ენაზე “დიდ ბატონს (პატრონს)” ნიშნავს. ეს არის ჰიდროქსილის (კოვალენტური კავშირის მქონე წყალბადისა და ჟანგბადის ატომები) ტიპის პირველი და ყველაზე შორს მდებარე მეგამაზერი აქამდე აღმოჩენილ მსგავს წარმონაქმნთა შორის.

კვადრატულ კილომეტრიანი მასივი (SKA).

 და ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ MeerKAT არის დასავლეთ ავსტრალიასა და სამხრეთ აფრიკაში მდებარე რადიოტელესკოპების შემადგენელი ნაწილი, რომელთა შემდგომი ინტეგრაცია ერთ მთლიანობაში, შექმნის მსოფლიოში ყველაზე დიდ და სრულყოფილ რადიოტელესკოპს – კვადრატულ კილომეტრიან მასივს (SKA).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.