რა არის სინათლის წელი?

  წელიწადი ხომ დროის ერთეულია? მაშინ, სინათლის წელი რაღაა? რამდენ კილომეტრს უტოლდება? რამდენ ხანში დაფარავს კოსმოსური ხომალდი 1 სინათლის წელიწადს?

 ვირტუალური მრბოლელი

 წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომელიც გზაზე, ყველანაირი წესების დარღევით, 250 კმ/სთ. სიჩქარით მიქრის. 2 საათისგანმავლობაში ის 500 კმ-ს გაივლის, 4 სთ-ში – 1000 კმ-ს, თუ სადმე არ გადაიჩეხა 🙂 .

 ჩვენთვის ჩვული სიჩქარეებიდან გამომდინარე, 250 კმ/სთ. ძალიან ბევრია, მაგრამ დედამიწის ეკვატორის შემოსავლელად(≈ 40 000 კმ.) მრბოლელს უკვე 40-ჯერ მეტი დრო დაჭირდება – 4 х 40 = 160 საათი, ან 2 კვირიანი უწყვეტი მოგზაურობა!

 როგორც არ უნდა იყოს, ჩვენ არ ვიტყვით, რომ მან 40 000 000 მეტრი გაიარა, შედარებით პატარა ალტერნატიულ საზომ ერთეულებს განოვიყენებთ.

 ზღვარი

 ალბათ ყველამ იცით, რომ სამყაროს ყველაზე სწრაფი ”მრბოლელი” არის – სინათლე(ელექტრომაგნიტური გამოსხივება, ხილული სინათლეც მისი ნაწილია). სინათლის სხივი 1 წამში 300 000 კილომეტრს ფარავს და დედამიწის შემოვლას სულ რაღაც 0,134 წამს მოანდომებს. 4 298 507-ჯერ სწრაფად, ვიდრე ზემოთ ხსენებული მრბოლელი! დედამიწიდან მთვარემდე – 1,23 წმ, მზემდე(150 მლნ.კმ.) – 8 წუთი(სინათლის სიჩქარეგრავიტაციაც სინათლის სიჩქარით ვრცელდება?!).

 კოლოსალური სიჩქარეა, ამაზე მეტი ბუნებაში არ არსებობს, მაგრამ კოლოსალურია კოსმოსური მანძილებიც, ამიტომ მეცნიერებმა გადაწყვიტეს, რომ ლოგიკური იქნება თუ ამ უზარმაზარ დისტანციებს გავზომავთ ერთეულებით, რომელთაც სინათლე(ელ.მაგნიტური ტალღა) გარკვეულ დროში გაივლის.

 მანძილები

 ამგვარად, სინათლის წელი არის მანძილი, რომელსაც სინათლის სხივი 1 წლის განმავლობაში დაფარავს. უაზრობაა ვარსკვლავთშორის მასშტაბებში უფრო მცირე ერთეულების გამოყენება, თუმცა ისინი მაინც არსებობს:

  •  1 სინათლის წამი ≈ 300 000 კმ.
  •  1 სინათლის წუთი ≈ 18 000 000 კმ.
  •  1 სინათლის საათი ≈ 1 080 000 000 კმ.
  •  1 სინათლის დღე-ღამე ≈ 26 000 000 000 კმ.
  •  1 სინათლის კვირა ≈ 181 000 000 000 კმ.
  •  1 სინათლის თვე ≈ 790 000 000 000 კმ.

სინათლის წელი

წელიწადში 365 დღე-ღამეა, დღე-ღამეში – 24 სთ, საათში – 60 წუთი, წუთში – 60 წამი. ანუ წელიწადში 365 х 24 х 60 х 60 = 31 536 000 წამია. შესაბამისად, ერთ წელიწადში სინათლის სხივი ამ მაინძილს გაივლის(S=vt) 31 536 000 წმ. х 300 000 კმ/წმ. = 9 460 800 000 000 კმ.

ეს რიცხვი ასე იკითხება: 9 ტრილიონ, 460 მილიარდ, 800 მილიონი კილომეტრი!

 მასშტაბები

 დავუშვათ, თანამედროვე კოსმოსური ხომალდი 17 კმ/წმ. სიჩქარით(ე.წ. მესამე კოსმოსური სიჩქარე) ტოვებს მზის სიტემას. პირველ სინათლის წელიწად ის 18 000 წელიწადში დაფარავს!

უახლოეს ვარსკვლავამდე, ანუ კენტავრის ალფამდე (4,36 ს.წ.) მისვლას დაახლოებით 78 000 წელიწადს მოანდომებს!

 ჩვენს გალაქტიკას, ირმის ნახტომს, რომლის დისკოს ზომა დაახლოებით 100 000 სინათლის წელს უტოლდება, 1 მილიარდ 780 მილიონ წელიწადში გაივლის.

 უახლოეს დიდ გალაქტიკამდე, ანდრომედამდე – 36 მილიარდი წლის მერე  მიაღწევს. ეს დრო კი სამყაროს ასაკზე 2,6-ჯერ მეტია.

One comment

  1. კარგი სტატიაა. ყოჩაღ!

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.