“ჯეიმს ვების” კოსმოსური ტელესკოპის გასწორება დასრულებულია

 ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის გასწორება დასრულებულია. დადასტურდა, რომ თავისი ოთხი, მძლავრი საბორტო სამეცნიერო ინსტრუმენტით, ობსერვატორიას შეუძლია გადაიღოს მკვეთრი, კარგად ფოკუსირებული სურათები.

 ტელესკოპის გასწორების მეშვიდე და ბოლო ეტაპის დასრულების შემდეგ, სამეცნიერო გუნდმა დაასკვნა, რომ Webb მზად არის მომზადების საბოლოო ეტაპზე გადავიდეს, რაც ძირითადი სამეცნიერო ინსტრუმენტების ამუშავებას გულისხმობს. ინსტრუმენტების დაყენებისა და ტესტირების ამ პროცესს დაახლოებით ორი თვე დასჭირდება, ხოლო სამეცნიერო ოპერაციები ზაფხულში დაიწყება.

 სურათზე ”ვების” ყველა ინსტრუმენტიდან გადაღებული საცდელი სურათებია ნაჩვენები. თითოეული მათგანის მხედველობის არეში მყოფი ვარსკვლავების მკვეთრი გამოსახულება მეტყველებს იმაზე, რომ ტელესკოპი სრულად არის გასწორებული და ფოკუსირებული. გამოსახულების სიმკვეთრის  შესამოწმებლად  ტელესკოპი მაგელანის დიდი ღრუბლისკენ მიმართეს, რომელიც ჩვენი ირმის ნახტომის პატარა, თანამგზავრი გალაქტიკაა. თითოეულ სენსორზე ასობით ათასი ვარსკვლავის სუფთა გამოსახულება გამოჩნდა.

 ”ვებს” გამოსახულების მიმღები სამი ინსტრუმენტი აქვს: NIRCam (ტალღის სიგრძე – 2 მიკრონი), NIRISS (1,5 მიკრონი) და MIRI (7,7 მიკრონი, უფრო გრძელი ტალღის სიგრძე გამოავლენს ემისიას – გამოსხივებას ვარსკვლავთშორისი ღრუბლებიდან და თვით ვარსკვლავებიდან).

 ESA-ს NIRSpec სპექტროგრაფია და არა ფოტოაპარატი, მაგრამ შეუძლია სურათების გადაღებაც, როგორიცაა, მაგალითად, აქ ნაჩვენები 1.1 მიკრონის გამოსახულება, რომელიც კალიბრაციისა და სამიზნე ობიექტების განსაზღვრისთვის გამოიყენება. NIRSpec მონაცემების ნაწილებში ხილული ბნელი უბნები განპირობებულია მისი მიკროჩამკეტის მასივის სტრუქტურებით; რამდენიმე ასეული ათასი კონტროლირებადი ჩამკეტის გახსნით ან დახურვით სპექტროგრაფში სასურველი გამოსხივების წყარო იგზავნება.

 და ბოლოს, Webb-ის ზემკვეთრი სენსორები თვალყურს ადევნებს მეგზურ ვარსკვლავებს, რომ ობსერვატორია უზუსტესად იყოს დამიზნებული კვლევის ობიექტზე. ეს ორი სენსორი ზოგადად არ გამოიყენება სამეცნიერო გამოსახულების მისაღებად, მაგრამ, როგორც ნაჩვენებია, სურათების გადაღება შეუძლიათ. მონაცემები გამოიყენება არა მხოლოდ გამოსახულების სიმკვეთრის შესაფასებლად, არამედ უწვრილესი დამახინჯებების გასასწორებლად. ეს სენსორები Webb-ის ინსტრუმენტების კალიბრაციის პროცესშიც დიდ როლს თამაშობს.

 ტელესკოპის ოპტიკურმა შესაძლებლობებმა საინჟინრო ჯგუფის ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზებიც კი გაამართლა. Webb-ის სარკეები ახლა კოსმოსიდან შეგროვებულ, სრულად ფოკუსირებულ შუქს თითოეულ ინსტრუმენტში მიმართავენ და უმაღლესი ხარისხის გამოსახულებებს გვაწვდიან.  გამოსახულების ხარისხი მხოლოდ დიფრაქციითაა ”შეზღუდული“, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ დეტალების სიზუსტე, რომელთა დანახვა ფიზიკურად  შესაძლებელია, მაქსიმალურია ტელესკოპის ზომების გათვალისწინებით. ამ მომენტიდან ”ვების” სარკეების პოზიციები მხოლოდ მინიმალურად შეიცვლება, რაც ძალიან მცირე, პერიოდული კორექტირების პროცესის ნაწილია.

 ახლა Webb-ის გუნდი სამეცნიერო ინსტრუმენტების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებაზე იქნება ფოკუსირებული. თითოეული ინსტრუმენტი დეტექტორების უაღრესად დახვეწილი ნაკრებია და აღჭურვილია უნიკალური ლინზებით, ნიღბებით, ფილტრებით და დამიზნების სისტემით; ამ მომენტიდან თითოეული ინსტრუმენტის ექსპლუატაციაში ჩართული ძირითადი პერსონალი მისიის ცალკეულ ოპერაციულ ცენტრში დაიწყებს პროექტებზე მუსაობას, რომლის ცენტრიც კოსმოსური ტელესკოპის სამეცნიერო ინსტიტუტში, ბალტიმორში (აშშ) განთავსდება, ხოლო ტელესკოპის გასწორებასთან დაკავშირებულმა ზოგიერთმა პერსონალმა  თავისი თანამდებობა უკვე დატოვა.

 მიუხედავად იმისა, რომ ტელესკოპის გასწორება დასრულებულია, კალიბრაციის ზოგიერთი აქტივობა კვლავ გრძელდება – დასაზუსტებელია გამოსახულებების თერმული სტაბილურობის ზოგიერთი დეტალი, რაც ზოგიერთი ცვალებადი ვარსკვლავის გამოსხივების თანმხლები მოვლენაა.

 Webb არის კოსმოსური ტელესკოპი, რომელიც შეიქმნა საერთაშორისო პარტნიორობით NASA-ს, ESA-სა და CSA-ს შორის.

 წყარო: www.esa.int

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.