იაპონია მარსზე ხელსაწყოს წაიღებს, რომ იქ თხევადი წყლის არსებობა დაამტკიცოს

 ბრიტანეთში, აბერდინის უნივერსიტეტის ექსპერტებმა ახალი ხელსაწყო შექმნეს, რომელმაც საინტერესო ჰიპოთეზა უნდა შეამოწმოს – წითელ პლანეტაზე ახლაც შესაძლებელია თხევადი წყლის არსებობა.  ეს ხელსაწყო ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) და რუსეთის კოსმოსური სააგენტოს (RSA) ერთობლივი მისსიით უნდა გაეგზავნათ, მაგრამ ეს უკანასკნელი, უკრაინასთან ომის გამო, ევროპის კოსმოსური პროგრამებიდან სამუდამოდ ჩაიხსნა და პროექტის მატერიალიზება ვერ მოხერხდა.

პლანეტა მარსი NASA-ს კოსმოსური ტელესკოპის Hubble თვალით (Reuters).

 ამჟამად გადაწყდა, რომ ხელსაწყოს მარსზე იაპონური მისსიის ხომალდი წაიღებს, რომლის განხორციელებაც უახლოესი 5-10 წლის შუალედში იგეგმება.

 მეცნიერების მოსაზრებით, მარსის ატმოსფერო გაჯერებულია სუბლიმირებული წყლის ორთქლით, რომელიც პლანეტის ზედაპირზე არსებული განსაკუთრებული მარილების მიერ შეიწოვება, ხოლო ღამით, როდესაც ტემპერატურა მინიმუმზეა – ეს წყალი მლაშე წყაროების სახით, ზედაპირზე მოედინება.  ეს პროცესი თითქოს შემჩნეულია ორბიტული ხელსაწყოების მიერ, თუმცა, ამჯერად, ამ პროცესს უშუალოდ ზედაპირზე განთავსებული ხელსაწყო Habit დააფიქსირებს: მასზე მარსის ზედაპირზე არსებული მარილების ანალოგიური მარილები იქნება მოთავსებული, იქვე ჩამაგრებული კამერა კი ატმოსფეროდან წყლის აბსორბციის მიმდინარეობას გადაიღებს.

 Habit -ის მეშვეობით მარსის ატმოსფეროში არსებული წყლის ორთქლის რაოდენობაც გაიზომება, დღიური და სეზონური ტემპერატურები, გრუნტის ქიმიური შედგენილობის ვარიაციები და ულტრაიისფერი გამოსხივების ცვალებადობა.

 Habit-ს პირველ პროტოტიპს მეცნიერები 2023 წლის ივნისის თვეში წარუდგენენ ბრიტანეთის კომოსურ სააგენტოსა და იაპონიის აეროკოსმოსური კვლევის სააგენტოს ერთობლივ კომიტეტს, შეხვედრა ტოკიოში გაიმართება. პროექტის ხელმძღვანელია პლანეტურ მეცნიერებათა დეპარტამენტის დირექტორი, პროფესორი ხავიერ მარტინ-ტორესი.  წელს ის ISTS კოსმოსური ტექნოლოგიებისა და მეცნიერებების საერთაშორისო სიმპოზიუმსაც ხელმძღვანელობდა.

 – “წარსულში პატივი მერგო მემუშავა განსხვავებულ ხელსაწყოზე  REMS (Rover Environmental Monitoring Station), რომელიც ახლა NASA-ს მარსმავალ ”Curiosity”-ზეა მოთავსებული. კარგი შეგრძნებაა იმაზე ფიქრი, რომ საკუთარი ხელით ავაწყვე ხელსაწყო, რომელიც ახლა მარსზეა და მუშაობს”.

 მისსიის წარმატების შემთხვეაში, Habit პირველი ევროპული ხელსაწყო იქნება, რომელიც პლანეტა მარსის ადგილობრივი რესურსების უტილიზაციის პრობლემაზე იმუშავებს. მეცნიერები მოუთმენლად ელიან მომენტს, როდესაც წითელ პლანეტაზე თხევადი წყლისა და სიცოცხლის არსებობის საიდუმლოს, ნაწილობრივ მაინც, ფარდა აეხდება.

წყალი მარსზე.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.