ცნობისმოყვარე მარსმავალის დილა-შუადღის საოცარი პანორამა

მარსმავალ “Curiosity”-ს დილა-შუადღის პანორამა, კომპოზიტი, 2023 წლის 13 ივნისი.

 NASA-ს მარსმავალმა ”Curiosity” (”ცნობისმოყვარეობა”, იგივე ”კოკროჭინა”), შავ-თეთრი სანავიგაციო კამერების გამოყენებით, დილა-შუადღის გასაოცარი პანორამები გადაიღო. სურათები დედამიწის დროით 2023 წლის 8 აპრილს, და მარსის დროით დილის 9:20 და შუადღის 3:40 არის გადაღებული. ფერები მარსმავლის კალიბრატორის გამოყენებითაა დამატებული. მანამდე ასეთი პანორამა ცნობისმოყვარე მარსმავალმა 2021 წლის ნოემბერში გადმოსცა, რაც მსოფლიოს გარშემო საფოსტო ბარათივით დაიგზავნა.

 სურათი A. პანორამის ანოტაცია, გეოგრაფიული სტრუქტურებისა და მარსმავლის ტექნიკური დეტალების აღნიშვნით.
სურათი B. მარსული დილის შავ-თეთრი პანორამა.
სურათი C. მარსული ნაშუადღევის შავ-თეთრი პანორამა.

 თითოეული პანორამის ექსპოზიცია დაახლოებით 7 წუთის განმავლობაში ხდებოდა, ისინი დედამიწაზე 5 ზოლის სახით გამოიგზავნა და შემდეგ სპეციალური პროგრამის დახმარებით იქნა შეერთებული; სურათების გადაღების დროს მარსმავალ ”Curiosity”-ს ლოკაციაზე მარსული ზამთარი იყო – ამ დროს მარსის ატმოსფეროში ყველაზე ნაკლები მტვერია, ხოლო კამერების მიერ გადაღებული ჩრდილები და პეიზაჟები – ყველაზე მკვეთრი. სურათზე ფერები თავად მარსმავალზე მოთავსებული ფერების კალიბრატორით იქნა დამატებული და დაბალანსებული.

 პანორამის ქვედა, მარჯვენა ნაწილში თავად მარსმავალი ”Curiosity” მოჩანს, კერძოდ – მისი სამი ანტენა და ენერგიის ბირთვული წყარო. მარსმავლის უკან, ე. წ. ”მარყუჟოვანი ველის” მიხვეულ-მოხვეული ბილიკების ფონზე, მისი ბორბლების მიერ დატოვებულ კვალს დაინახავთ, სადაც მან, მკლევარებისთვის სრულიად მოულოდნელად, უძველესი ტბის ნიშნები გამოავლინა. მისგან მოშორებით ორი გორაკია – “ბულვარი” და “ღრმაღელე” (აჰაჰაჰ!) – მათ შორის ”Curiosity”-მ მაშინ გაიარა, როცა “პარატეპუის გასასვლელს” -ს შეისწავლიდა.

 ამჟამად ”Curiosity” საკმაოდ რისკიან მოგზაურობაშია და გეილის კრატერის ციცაბო კლდეზე მიცოცავს, რომელიც 5 კმ სიმაღლისაა. სურათზე ეს კრატერი დაახლოებით 40 კმ მანძილზე მოჩანს. საოცარია, მაგრამ ჰაერი იმდენად კრიალაა, რომ ჩვენ გეილის კრატერის მიღმა, 87 კმ მანძილზე მდებარე მთასაც კი ვხედავთ.

 მეტი ცნობისმოყვარე მარსმავალ ”Curiosity”-ს, ანუ ”კოკროჭინას” შესახებ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.