NASA-ს მარსმავალმა ”Perseverance” დედამიწისკენ გამოსაგზავნად უკვე ნიმუშების 6 კონტეინერი გაამზადა

სურ. 1. სურათი გვიჩვენებს NASA-ს მარსმავალ ”Perseverance”-ს გავლილ გზას და ექვს ლოკაციას (დაშვების ადგილის ჩათვლით), საიდანაც მან ნიმუშები აიღო. აქედან ბოლო 4 ლოკაციაზე ნიმუშების ორმაგი/სამმაგი კოლექციები შეგროვდა. (NASA/JPL-Caltech/ASU/MSSS).

 2021-ის კალენდრის ბოლო ფურცელი გადავშალეთ, ამიტომ კარგი იქნება თვალი გადავავლოთ კაცობრიობის ზოგიერთ მიღწევას პლანეტა მარსზე. ცხადია, ყველას აინტერესებს, თუ რა სამუშაო შეასრულეს ამ წლის მანძილზე NASA-ს ახალმა მარსმავალმა ”Perseverance” და მისმა მეგობარმა შვეულმფრენმა (ჩვენმა ”კოღომ”) “Ingenuity”!

 NASA-ს წყვილმა ტექნოლოგიურმა გენიამ წითელ პლანეტაზე უკვე 300 სოლზე (მარსული დღე-ღამე) მეტი გაატარა. როგორც უკვე არაერთხელ ავღნიშნეთ,  ”Perseverance” -ს ერთ-ერთი უმთავრესი მისსია მარსის გრუნტის ნიმუშების შეგროვებაა, რომლებიც სპეციალურ კაფსულებში განთავსდება, ხოლო ”Mars Sample Return campaign” მისსიების ფარგლებში ამ ნიმუშებს სხვა აპარატები დედამიწისკენ გამოამგზავრებენ.

 შესაგროვებელი ნიმუშები მრავალგვარ გეოლოგიურ წარმონაქმნს მოიცავს, როგორიცაა: მარსის სხვადასხვა ზედაპირული ფენა (რეგოლითი), ქვებისა და კლდეების ზედაპირული და ღრმა ფენები, შესაძლო ჰიდროლოგიური წარმოშობის ქანები და შეკუმშული ატმოსფერო. ნიმუშის აღებამდე ”Perseverance” ბურღის მეშვეობით ამოამტვრევს რამდენიმე მილიმეტრს, შემდეგ მასზე ზედაპირულ ანალიზატორებს მიმართავენ, როგორიცაა მაღალი გარჩევადობის ფოტოკამერა, მიკროსკოპი, გეოქიმიური და მინერალოგიური ლაზერული სპექტრომეტრები და სხვა. ამ მონაცემების შეგროვების შემდეგ, მარსმავლის რობოტულ ”მკლავზე” განთავსებული მბრუნავ-პერკუსიული (ჩაქუჩის მექანიზმი) ბურღის მეშვეობით, გამოსაგზავნი ნიმუშები ზესუფთა კონტეინერებში მოთავსდება და ჰერმერტულად დაილუქება.

 ”Perseverance”-მ მარსზე ასაღები ნიმუშებისთვის სულ 43 კონტეინერი წაიღო. ამ დროისთვის მან მხოლოდ 1+6 შეავსო:

  1. კონტეინერი შესაძლო დაბინძურების კონტროლისთვის – მარსმავალს ”Perseverance” ასეთი 5 აქვს. მათში აპარატის უშუალო სიახლოვეს შეგროვებული ზედაპირული ფენები მოთავსდება, რომ შემდეგ კონკრეტულ ადგილზე შეგროვებული ნიმუშების მიკრობიოლოგიური სისუფთავე შეფასდეს.
  2. მეორე კონტეინერი ქვა “რუბიონი”-დან აღებული ნიმუშისთვის იყო განკუთვნილი, რომელის მოხელთებაც ვერ მოხერხდა, რადგან ის ბურღის ყველა შეხებაზე იფშვნებოდა. ამიტომ გადაწყვიტეს რომ კონტეინერი მარსის ატმოსფეროს ნიმუშისთვის გამოეყენებინათ.

3 და 4. ეს წყვილი ნიმუში გორაკის თავზე ამოკვეთეს, რომელსაც “როშეტი” ეწოდება. ნიმუშებს ”მონდენიე” და ”მონტანიაკი” დაარქვეს.

5 და 6. ეს წყვილი ნიმუში შეგროვდა გორაკიდან, რომელსაც “ბრაკი” ეწოდება. ის Se´i´tah -ს რეგიონში მდებარეობს. ნიმუშებს “სალეტი” და “კოლეტი” დაარქვეს.

7. იმავე რეგიონის ვულკანური ქედიდან, რომელსაც ”ისოლი” ეწოდება, ”Perseverance” ნიმუშების კიდევ ერთ წყვილს ამზადებს. მან უკვე აიღო ერთი – “რობინი”, ხოლო 2022 წლის იანვარში მეორე ნიმუშის აღებასაც დაასრულებს და მომდევნო საკვლევი არეალისკენ გაემართება.

 უფრო დაწვრილებით მარსმავალ ”Perseverance”- ს ნიმუშების და მათი დედამიწაზე გამოგზავნის მისიების შესახებ იხილეთ სტატია.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.