“მიდი ვებ, მიდი!!!”

 დეკემბრის ბოლოს ნასამ, როგორც იქნა კოსმოსში გაუშვა ტელესკოპი “ჯეიმს ვები”. ეს ნამდვილად დიდი ხნის ნანატრი მოვლენა იყო, რადგან დიდი კოსმოსური ტელესკოპის აგების იდეა ჯერ კიდევ წინა საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს გაჩნდა, ხოლო ფინანსური თუ ტექნიკური პრობლემების გამო, სტრატი ათეულობითჯერ გადაიდო. ახლა ისიც გაირკვა, რომ ტელესკოპი ნავარაუდებ 10 წელზე მეტ ხანს იმუშავებს.

რამდენი ხანი იმუშავებს?

 სტარტიდან მალევე, ნასამ დაადგინა, რომ ევროპულმა რაკეტა მატარებელმა “არიან 5”, მაქსიმალურად კარგად შეძლო დაკისრებული დავალების შესრულება, რამაც დანიშნულების წერტილისკენ გეზის აღებისას და მასზე გასვლისას საჭირო დამატებითი მანევრების აუცილებლობა გამორიცხა, ანუ, ცოტა საწვავი დაიხარჯა. ცნობილია, რომ ძირითადი და რვა მცირე გაწევის ძრავების განკარგულებაში 163 ლიტრი ჰიდრაზინი და სარეზერვო 80 ლიტრი დიაზოტის ტეტროქსიდია.

“ჰაბლი” თუ “ჯეიმს ვები”?

 თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ფუნქციონირების ხანგრძლივობის თვალსაზრისით, ახალი აპარატი “ჰაბლის” რეკორდს ვერ მოხსნიდა. ვების მუშაობა საწვავის მარაგზეა დამოკიდებული, რადგან დედამიწასთან ახლოს მდებარე ჰაბლისგან განსხვავებით, ასტრონავტები 1,5 მლნ.კმ-ს იქეთ, ლაგრანჟის მეორე წერტილზე განთავსებულ ტელესკოპთან საწვავის ჩასასხმელად ვერ მიფრინდებიან.

 სად არის ახლა “ჯეიმს ვები”?

კოსმოსური ტელესკოპი ”ჯეიმს ვები”(NASA).

 ტელესკოპმა მზის პანელები, საყრდენი კონსტრუქცია და მზისგან დამცავი ფარი უკვე გაშალა. ბოლომდე გასაშლელია მისი 18 სეგმენტიანი სარკე, რომლის სრული ფართობი 27 კვადრატული მეტრია. ამ ყველაფერს 126 ძრავა გააკეთებს, არცერთი მათგანი არ უნდა გამოვიდეს მწყობრიდან. წინააღმდეგ შემთხვევში, ტელესკოპი მთელი სიმძლავრით ვერ იმუშავებს და ამოცანების ჩამონათვალიც შესამცირებელი გახდება.

 გასავლელი გზის 43%-ზე მეტი ტელესკოპმა უკვე გაიარა და ამ სტატიის კითხვის დროს, კიდევ უფრო მეტს გაივლის. სავარაუდოდ, დანიშნულების ადგილს ის 23 იანვარს მიაღწევს (კიდევ ვების შესახებ). თუ რაიმე საინტერესო მოხდება, აუცილებლად მოგიყვებით. გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ უღრუბლო ცას და საინტერესო დაკვირვებებს 🙂

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.