ჰიქსონ 90

 გალაქტიკების ძებნაში ცის თვალიერებისას, კანადელმა ასტრონომმა პოლ ჰიქსონმა და მისმა კოლეგებმა, გალაქტიკათა ასამდე მჭიდრო ჯგუფი აღმოაჩინეს, რომელთაც ახლა ჰიქსონის კომპაქტურ ჯგუფებს უწოდებენ(Hickson Compact Groups, HCG). ამ მკაფიო გამოსახულებაზე, რომელიც “ჰაბლმა” გადაიღო, ერთ-ერთი ასეთი ჯგუფია ნაჩვენები – HCG 90. სამი გალაქტიკა, რომელთაგან მხოლოდ ორი ჩანს ამ ფოტოზე, ძლიერი ზემოქმედების ნიშნებს ავლენს: მტვრით მდიდარი დეფორმირებული სპირალური გალაქტიკა, ორ დიდ ელიფსურ გალაქტიკას შორის არის გადაჭმული. ასეთ მოკლე მანძილზე მიახლოებამ ვარსკვლავთ ფორმირების პროცესები უნდა გააძლიეროს. დროის კოსმოსური სკალის მიხედვით, ეს ურთიერთქმედება სამი გალაქტიკის შერწყმით დასრულდება. ითვლება, რომ გალაქტიკათა შერწყმა მათი ევოლუციის ერთ-ერთი ჩვეულებრივი ეტაპია, მათ შორის, ჩვენი გალაქტიკისთვისაც. სამხრეთ თევზების თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარე HCG 90-მდე მანძლი 100 მილიონამდე სინათლის წელია. ასეთ მანძილზე, წარმოდგენილი გამოსახულება 40 ათასი სინათლის წლის სივრცეს მოიცავს. რა თქმა უნდა, ჰიქსონის კომპაქტური ჯგუფების დანახვა დედამიწიდანაც შეიძლება, საშუალო ზომის ტელესკოპების საშუალებით(გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.