როგორ შევარჩიოთ ტელესკოპი?

 პირველ რიგში, სანამ ტელესკოპის ყიდვას გადაწყვეტთ, დარწმუნდით, რომ ტელესკოპი მართლა ძალიან გინდათ (ვიყიდო თუ არა ტელესკოპი?). ინტერნეტში და ასტრონომიის წიგნებში ნანახი შთამბეჭდავი ფოტოები დიდი ობსერვატორიების და ხანგრძლივი დაყოვნებით გადაღების დამსახურებით მიიღება, რასაც სამოყვარულო ტელესკოპში ვერ იხილავთ. პირველ ტელესკოპს შეიძლება დიდი მნიშვნელობა ქონდეს, რადგან ზოგი ამბობს, რომ შთაბეჭდილებებმა ისე მონუსხა, მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგრძელდა მისი ასტრომოყვარულობა, ზოგის შემთხვევაში კი ტელესკოპით მიღებული სიამოვნების ფარდობა ამ საქმიანობისთვის საჭირო ნებისყოფასთან იმდენად მცირე იყო, რომ იმედგაცრუებულებმა საერთოდ დაკარგეს ინტერესი. ასტრონომები ხშირად იძლევიან რჩევას, რომ ჯობია ბინოკლით დაწყება. ის საკმაოდ იაფია და გასაკვირად კარგ შედეგს იძლევა დამწყები ასტრომოყვარულისთვის. ხარისხიანი ბინოკლი ჯობია კიდეც იაფფასიან ტელესკოპებს. თან ორი ოკულარი ბევრად ჯობია ერთს! ასტრონომიისთვის საუკეთესო ბინოკლების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ – საუკეთესო ბინოკლები ასტრომოყვარულისთვის

 თუ მაინც გადაწყვეტთ ტელესკოპის შეძენას, ან უკვე იყენებთ ბინოკლს (ან დამწყების დონის ტელესკოპს) და გინდათ, უფრო ღრმად შეტოპოთ ვარსკვლავთჭვრეტაში, პირველ რიგში დაგაინტერესებთ რის ნახვას შეძლებთ მისი საშუალებით. პირველი რაც ცაზე ახედვისას თვალში მოგხვდებათ არის… დიახ, მთვარე. ყველაზე იაფფასიანი ტელესკოპებითაც შესაძლებელია მთვარის ასობით კრატერის ხედით ტკბობა, თუნდაც 30 გადიდების ტელესკოპით. ცოტა უფრო ძლიერი ტელესკოპი მთლიანად შეავსებს ობიექტივის ჭუჭრუტანას მთვარის კრატერებით. თუ ტელესკოპს არ მიადევნებთ მთვარეს, ის ნელ-ნელა ჩაივლის ობიექტივში და გაუჩინარდება. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, ვითომ ასტრონავტი ხართ, რომელიც კოსმოსური ხომალდის სარკმლიდან უყურებს ამ უდაბურ, კრატერებით დასერილ სამყაროს. გაგიკვირდებათ, რამდენად წრაფად მიიმალება მთვარე უძრავი ტელესკოპის ობიექტივიდან.

 მოკრძალებული – 40 გადიდების ტელესკოპით პლანეტების ნახვაც შეიძლება. მერკურის და ვენერას ფაზების ცვლილება (დიახ, ჩვენი მთვარის მსგავსად ეს პლანეტებიც ფაზებს გადიან), მარსის გოგრისფერი დისკო, იუპიტერი თავისი 4 ძირითადი მთვარით, სატურნის რგოლები და ნათელი მთვარე – ტიტანი და ვარსკვლავების მსგავსად წერტილივით ოდნავ მბჟუტავი ურანი და ნეპტუნი.

 გადიდების ძალის გაზრდის შემთხვევაში (თუ შესაბამის, ხარისხიან ოპტიკას იყენებთ) მარსის პოლარული ქუდების ნახვაც არის შესაძლებელი, ასევე იუპიტერის ენიგმატური წითელი ლაქის, სატურნის ცალკეული რგოლების და ურანის მოლურჯო-მწვანე დისკოს გარჩევა შეიძლება.

 საკმარისად მძლავრი ტელესკოპით ქალაქის განათებიდან მოშორებული ადგილიდან ორმაგი ვარსკვლავების, ვარსკვლავური გროვების, ნისლეულების და ჩვენგან 2.2 სინათლის წლით დაშორებული ანდრომედას გალაქტიკის ნახვაც კი შეიძლება.

 ტელესკოპების შერჩევისას ბევრი რამ უნდა გავითვალისწინოთ. არასდროს იყიდოთ ტელესკოპი ფასის და დაპირებული სანახაობების მიხედვით. ზოგჯერ შეიძლება შეგხვდეთ „ტელესკოპი არის 500 გადიდების!“ ან „ამ ტელესკოპით შეხედავთ მთვარეებს, ნისლეულებს, კომეტებს და ბევრ სხვას…“ ტიპის განცხადებები. ასეთი ტელესკოპების უმრავლესობა ნაგავია და მარკეტინგული ხრიკით ცდილობენ გაუთვითცნობიერებელი მყიდველების მოზიდვას. ჯობია სანდო ონლაინ გადამყიდველს მიმართოთ, რომელსაც ექნება სხვადასხვა წარმოების ტელესკოპები და მყიდველებისგან უკვე მოხმარების შემდეგ დაწერილი შეფასებები.

 გარდა „ნაგავი ტელესკოპებისა“ მათი კიდევ 3 ტიპი არსებობს: რეფრაქტორები, რეფლექტორები და კატადიოპტრული ტელესკოპები.

 რეფრაქტორი (ანუ სინათლის გარდამტეხი) ტელესკოპს აქვს ობიექტივის ამოზნექილი ლინზა ერთ ბოლოში და ოკულარი – მეორეში. როცა ადამიანების უმრავლესობა ტელესკოპს წარმოდგენს, ისინი სწორედ რეფრაქტორ ტელესკოპზე ფიქრობენ. პირველი ტელესკოპები რეფრაქტორები იყო. გალილეო სატურნის რგოლებსა და იუპიტერის მთვარეებზე დაკვირვება სწორედ ასეთი ტელესკოპით მოახდინა 1600-იან წლებში. რეფრაქტორები გამოსახულების უკეთეს კონტრასტს გვთავაზობენ ხოლმე, ვიდრე რეფლექტორები, თუმცა საუკეთესო რეფრაქტორები ძალიან ძვირიცაა.

 რეფლექტორი (ანუ სინათლის ამრეკლი) ტელესკოპი არ იყენებს ობიექტივის ლინზას. მას აქვს ჩაზნექილი სარკე. რეფრაქტორი თუ გრძელი დახურული მილისგან შედგება, რეფლექტორი ერთი მხრიდან ღიაა. მას აქვს მთავარი სარკე და დამხმარე სარკე. ძირითადი სარკე აგზავნის სინათლის კონას მილის გავლით შედარებით პატარა დამხმარე სარკისკენ, რომელიც დაიჭერს ამ სინათლეს და ოკულარისკენ გააგზავნის, რომელიც მილის გვერდზეა მოთავსებული. რეფლექტორის უპირატესობა ისაა, რომ შედარებით უფრო იაფია მათი წარმოება და, შესაბამისად, უფრო იაფად იყიდება.

 კატადიოპტრული ტელესკოპი რეფლექტორის განსაკუთრებული ტიპია, რომელსაც მაკორექტირებელი ლინზა აქვს ზედა ბოლოში გამოსახულების უკეთესი ფორმირებისთვის. კატადიოპტრული ტელესკოპების უმრავლესობა შმიდტ-კასეგრეინის დიზაინისაა (Schmidt-Cassegrain). სინათლე გადის მაკორექტირებელ ლინზაში, აირეკლება მთავარ სარკეზე და შემდეგ დამხმარე სარკეზე, საბოლოოდ კი გაივლის ძირითად სარკეში არსებულ ხვრელში და მიაღწევს ოკულარს. ასევე გამოიყენება მაკსუტოვ-კასეგრეინის ვარიანტი, რომელიც გამოსახულების კორექციის განსხვავებულ მეთოდს მიმართავს.

 რეფლექტორი ტელესკოპის შემთხვევაში შეგიძლიათ არჩევანი გააკეთოთ სამფეხა შტატივზე დამაგრებულ ნიუტონის ტელესკოპებსა და პოპულარულ დობსონის სტილის ტელესკოპებს შორის. ეს უკანასკნელი სამფეხას ნაცვლად დაბალ, ბრუნვად პროფილზე დგას და მათი სარკე უზარმაზარი შეიძლება იყოს. ბევრი მოყვარული ფლობს 25-დან 45-მდე სანტიმეტრიანი სარკის მქონე დობსონებს. დიდი სარკე საკმაოდ სუსტი ნათების ობიექტებისგან სინათლის შეგროვების საშუალებას იძლევა, რაც დიდი პლიუსია. თუმცა რაც უფრო დიდია დობსონის ტელესკოპი, მით უფრო მეტი დროა საჭირო მისი აწყობისთვის.

ტელესკოპების შედარება

 რეფრაქტორები ადვილი გამოსაყენებელია, კარგია მთვარეზე და პლანეტებზე დასაკვირვებლად, განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება და დალუქული მილი იცავს ოპტიკას ამინდის გავლენით გამოსახულების დეგრადირებისგან, თუმცა ასეთ ტელესკოპებს ძირითადად პატარა აპერტურა ახასიათებთ, რაც შორეული ობიექტების ნახვას ართულებს. სხვა ტიპის ტელესკოპებთან შედარებით უფრო მძიმე და გრძელია და დანარჩენ ტელესკოპებზე უფრო ძვირია ხოლმე აპერტურის თითო სანტიმეტრზე.

 რეფლექტორებს დიდი აპერტურა აქვთ, რაც საშუალებას იძლევა „ღრმა ცის“ ობიექტებსაც დავაკვირდეთ (გალაქტიკებს, ნისლეულებს, ვარსკვლავურ გროვებს). ახასიათებს მცირე ოპტიკური ხარვეზები და ყველაზე იაფია აპერტურის თითო სმ-ზე, თუმცა მილი ღიაა და შეფუთვის შემთხვევაშიც გამორიცხულია ოპტიკის მტვრისგან სრულყოფილად დაცვა. მათ შედარებთ მეტი მოვლა და უკეთესი შენახვის პირობები ჭირდება.

 კატადიოპტრული ტელესკოპები ყველაზე მრავალმხრივია, კარგია პლანეტებზე დაკვირვებისთვისაც და ღრმა ცის ობიექტებისთვისაც, როგორც დაკვირვების, ასევე ფოტოგრაფირებისთვის. დახურული მილი იცავს გამოსახულებას ჰაერის გავლენით დეგრადირებისგან. არის კომპაქტური და ხანგრძლივი გამძლეობის. განსაკუთრებით კარგია ასტროფოტოგრაფიისთვის მისი მაღალი მგრძნობელობის გამო სინათლის მიმართ და CCD  (charge-coupled device) გამოსახულების სენსორის გამო. თუმცა ის რეფლექტორებზე ძვირი ღირს (თანაბარი აპერტურისთვის).

ტელესკოპის შერჩევისას გასათვალისწინებელი რჩევები:

  •  სანამ ტელესკოპის ყიდვას გადაწყვეტთ, შეეცადეთ სხვადასხვა ტელესკოპში გაიხედოთ და გამოსცადოთ. ამის გაკეთება შეიძლება აბასთუმანში დიდ ტელესკოპში ან ასტრონომიის მოყვარულების შეკრებაზე სხვადასხვა მოყვარულის დონის ტელესკოპში. ამ გზით გაარკვევთ რამდენად გიღირთ საკუთარი ტელესკოპის შეძენა და გაიგებთ, როგორი ტელესკოპი შეიძლება შეგესაბამებოდეთ თქვენ.
  •  ზოგი თვლის, რომ გადიდების ძალა ტელესკოპის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია და რაც შეიძლება დიდი გადიდების ძალის ტელესკოპი უნდა იყიდოს, რაც მცდარი წარმოდგენაა. გადიდების ძალა გაზრდის არა მხოლოდ გამოსახულების ზომას, არამედ ჩვენი ტურბულენტური ატმოსფეროსგან გამოწვეულ ეფექტებსაც. ასეთ ტელესკოპში გახედვისას დაინახავთ დიდ არეულ, ბუნდოვან სურათს, რომელშიც არაფრის გარჩევა არაა შესაძლებელი და პრაქტიკულად შეუძლებელია ობიექტის ხედვის არეში დიდი ხნით შენარჩუნება დიზაინის დეფექტის გამო.
  •  თუ დამწყები ხართ ან ნორჩი ასტრომოყვარულისთვის ყიდულობთ ტელესკოპს, კარგია 6-7.5 სმ-იანი რეფლექტორი ან 10-15 სმ-იანი რეფრაქტორი. ასეთი ტელესკოპები საკმაოდ მცირე ზომისაა, ადვილი გადასატანია და შედარებით იაფია.
  •  უხეშად რომ ვთქვათ, ასე 20 გადიდება არის მაქსიმუმი, რაც შეიძლება გამოყენებადი იყოს დიაფრაგმის 1 სმ-ზე. ანუ 15 სმ-იანი რეფლექტორის ყიდვას თუ აპირებთ, 300 გადიდება არის მაქსიმუმი, რაც შეიძლება რაიმე ეფექტის მომცემი იყოს. 7.5 სმ-იანი რეფრაქტორის შემთხვევაში 150 გადიდება არის ყველაზე მაღალი საჭირო გადიდება (დიაფრაგმა არის ტელესკოპის მთავარი (ობიექტივის) ლინზის დიამეტრი). გაგიკვირდებათ და უფრო ხშირად საუკეთესო გამოცდილებას მაქსიმალურზე დაბალი გადიდებით მიიღებთ ხოლმე.
  •  აპერტურის დიაფრაგმის ზომა ტელესკოპის გადამწყვეტი მახასიათებელია, ის განსაზღვრავს რამდენი ციური სხეულის ნახვას შეძლებთ, მაგრამ აპერტურის ზრდასთან ერთად ტელესკოპის ზომაც იზრდება. თუ ეზოდან უნდა დააკვირდეთ ცას, მაშინ შეიძლება დიდი ტელესკოპი თქვენთვის იყოს, მაგრამ თუ ქალაქის სინათლის დაბინძურებისგან მოშორებით უნდა წაიღოთ ტელესკოპი, მაშინ დიდი ტელესკოპი მოუხერხებელი იქნება.
  •  თავიდანვე ძალიან მაღლა ნუ დაუმიზნებთ. პირველივე ტელესკოპის შეძენისას ზოგი ძალიან ძვირიან ტელესკოპს ყიდულობს, შემდეგ კი აწყობისას იბნევა და იმედგაცრუებული რჩება. დიდ ტელესკოპს ბევრი დეტალი და დასაყენებელი აქვს. უნდა იცოდეთ როგორ გამოიყენოთ აღმომჩენი (finderscope), კოლიმატური სარკის გასწორება, ფილტრების შერჩევა სამიზნის მიხედვით, ძრავის დაყენება ხანგრძლივი დაყოვნების ფოტოებისთვის… შესაძლებელია „ჭკვიანი ტელესკოპის“ ყიდვა, რომელსაც ჩაყენებული კომპიუტერი მოყვება და ბევრ რამეს ავტომატურად აკეთებს, მაგრამ მათი კარგად გამოყენებისთვის საჭიროა გესმოდეთ კომპიუტერული ტექნიკა. ამის გამო ზოგი ისევ პატარა ტელესკოპს უბრუნდება და უფრო ბედნიერია მისით.
  •  ფასის დადგენისას გაითვალისწინეთ, რომ გამოწერილ ტელესკოპზე 300 ლარზე მაღალი ღირებულების შემთხვევაში განბაჟება გიწევთ, რაც ტელესკოპის ღირებულების და ტრანსპორტირების ხარჯის ჯამის 18%-ია. ამიტომ ფასის მესამედი შეიძლება ტრანსპორტირება-განბაჟებამ დაუმატოს.
  •  არასოდეს შეხედოთ მზეს ტელესკოპით! მზის ყურების ერთადერთი უსაფრთხო საშუალებაა თუ მისი გამოსახულების პროექციას მოახდენთ თეთრ ეკრანზე. ზოგ ტელესკოპს მოყვება ბნელი სათვალე, რომელიც შესაძლებელია ოკულარზე დამაგრდეს. მან ფილტრის ფუნქცია უნდა შეასრულოს მზის ყურებისას. ასეთი ტელესკოპის შეძენას არ გირჩევთ. ტელესკოპის მზისკენ მიმართვისას მისი სინათლე და სითბო დიდი რაოდენობით იკრიბება ოკულარში და მოქმედებს ფილტრზე, რომელიც შეიძლება რაღაც მომენტში გადახურდეს და გატყდეს, რასაც მოყვება ნაწილობრივი ან მთლიანი დაბრმავება.

 ტელესკოპით ან ბინოკლით სარგებლობისას ძალიან სასარგებლოა დამხმარე წიგნის ან ბროშურის ქონა. ქართულ ენაზე ასეთის შოვნა გაგიჭირდებათ, თუმცა თუ ინგლისურ ენას კარგად ფლობთ, საკმაოდ ბევრია მსგავსი ლიტერატურა. სანახაობების ჩამონათვალი, რისი დამზერაც შეუიარაღებელი თვალით შეგიძლიათ ან ბინოკლით, მცირე ტელესკოპით, სამოყვარულო ტელესკოპით თუ შედარებით მოზრდილი ძვირადღირებული ტელესკოპით. თითოეული კატეგორიისთვის არსებობს ჩამონათვალი თუ რისი ნახვა შეგეძლებათ ცის რომელ კიდურში და წელიწადის რომელ დროს (დედამიწის რომელი კუთხიდან). მოკლედ გამოსადეგი ლიტერატურაა და დაგეხმარებათ ტელესკოპში ჭვრეტის სიამოვნება ერთიორად გაზარდოთ. მათ სიას სტატიის ბოლოში იხილავთ.

 ტელესკოპთან ერთად აუცილებლად გჭირდებათ შესაბამისი შტატივი, რომელიც შეიძლება მოყვებოდეს ტელესკოპს ან ცალკე მოგიწიოთ ყიდვა. შტატივების 2 ძირითადი ტიპი არსებობს: ეკვატორული და სიმაღლე-აზიმუტის. ეკვატორული შტატივი მიყვება დედამიწის ბრუნვას და ბევრად უადვილებს ასტრონომებს სასურველი ვარსკვლავისთვის ობიექტივის მიდევნებას. ის შედარებით ძვირია, მაგრამ ნამდვილად ღირს მათი ქონა, თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ. სიმაღლე-აზიმუტის შტატივები შედარებით მარტივი მექანიზმისაა – შესაძლებელია მისი მოძრაობა ზევით-ქვევით და მარჯვნივ-მარცხნივ. ასეთ შტატივზე პერიოდულად მოგიწევთ ტელესკოპის გასწორება ცაზე მოძრავი ციური სხეულების მიმართ. ის ეკვატორულთან შედარებით იაფი და მსუბუქია.

 ახლა კი გადავიდეთ ბაზარზე არსებულ ტელესკოპებზე. თუ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი რჩევა-დარიგება გაიზიარეთ და ერთი სული გაქვთ როდის მოკიდებთ ტელესკოპს ხელს და როდის დაიოკებთ კოსმოსური სანახაობების მზერის წყურვილს, მაშინ ერთად შევხედოთ ტელესკოპების სხვადასხვა კატეგორიას. დროა მზისგან წამოსული და სხვადასხვა ციური სხეულებისგან ასხლეტილი ფოტონები თქვენი ტელესკოპის ოკულარში მოამწყვდიოთ… ეს არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ასტრონომიული ონლაინ ჟურნალის, space.com-ის მიერ შედგენილი სია:

საბავშვო ტელესკოპებს შორის კარგი არჩევანია Celestron FirstScope. ის შეგიძლიათ სულ რაღაც $42-ის ფარგლებში შეიძინოთ, სურვილის შემთხვევაში $20-ის დამატებითი აქსესუარების ნაკრებით.

  • დობსონის/სიმ-აზ/სამფეხა
  • მარტივი გამოსაყენებელი

 Celestron FirstScope-ის დობსონის სტილის სადგარი მას ადვილ მოსახმარს ხდის ბავშვებისთვის. შესაძლებელია მისი მაგიდაზე ან ბრტყელ ზედაპირზე დადგმა და ის ადვილად ბრუნავს და იცვლის დახრილობას. ოპტიკური მილი საპატივცემულო ასტრონომების სახელებითაა დეკორატიულად გაფორმებული, რაც უბრალოდ პასიურად დების დროსაც ახდენს ბავშვების შთაგონებას. მოყვება 2 ოკულარი – 20მმ და 4მმ დიამეტრის – ფართო და ახლო ხედისთვის. FirstScope-ის 76მმ აპერტურა პატარაა, მაგრამ მისი „სწრაფი“ ფოკუსური თანაფარდობა (3.95) ბავშვებს საშუალებას მისცემს ღრმა ციურ ობიექტებს დააკვირდნენ ბნელ (უმთვარო) ღამეებში. თუ აქსესუარების ნაკრების დამატებასაც გადაწყვეტთ, ტელესკოპს მოყვება აღმომჩენი, კაშკაშის საწინააღმდეგო მთვარის ფილტრი, დამატებით 2 ოკულარი და DVD დისკი ძალიან სასარგებლო ასტრონომიული პროგრამით სამაგიდო კომპიუტერისთვის და MAC-ისთვის. დაბალი ფასი და კარგი ოპტიკური ხარისხის გამო ეს ტელესკოპი კარგი არჩევანია ბავშვებისთვის. საკმარისი მოთმინების და ბნელი ღამის ცის პირობებში ის დაგანახებთ პლანეტებს, ნისლეულებს და რამდენიმე გალაქტიკასაც კი.

  • ფოკუსური ფარდობა – f/3.95
  • აპერტურა – 76მმ
  • ოკულარი –  20მმ (& 4მმ)
  • წონა    –        2კგ
  • ზომა   –        23სმx23სმx40სმ

სასწავლებლად space.com გირჩევთ Levenhuk LabZZ MTB3 Combo ტელესკოპის შეძენას. $64-ის ნაკრებში შედის

  • ტელესკოპი
  • ბინოკლი
  • მიკროსკოპი
  • სლაიდების/სტიკერების ნაკრები
  • სკალპელი/პიპეტი/შპადელი…

 ამ ნაკრებში მიიღებთ ინსტრუმენტების საბავშვო ზომის ვერსიებს, რაც თქვენს ბავშვებს გაუფართოებს თვალთახედვას ძალიან დიდი, ძალიან შორი და ძალიან პატარა ობიექტების შესახებ. 5სმ აპერტურის რეფრაქტორი ტელესკოპი დაგანახებთ მთვარეს, პლანეტებს და ვარსკვლავებს, დღისით კი შეგიძლიათ ცხოველებზე დაკვირვებისთვის ან სპორტში გამოიყენოთ (მზისკენ არავითარ შემთხვევაში არ მიმართოთ!). გაითვალისწინეთ, რომ 6 გადიდების ბინოკლი შექმნილია პატარა ხელების და სახისთვის. სამ ობიექტივიანი მიკროსკოპი (150x, 450x და 900x გადიდების) უზარმაზარ ზომამდე გაზრდის შეუიარაღებელი თვალით უხილავ ობიექტებს.

  • ფოკუსური ფარდობა – f/12
  • გადიდება –  60-120
  • აპერტურა – 50მმ
  • ოკულარი –  10მმ (& 5მმ)
  • წონა    –        1.8კგ
  • ზომა   –        25სმx73სმx9სმ

სხვა ვარიანტი: Celestron AstroFi 90 Wi-Fi Refractor – $290.

  • რეფრაქტორი/სიმ-აზ/სამფეხა
  • ავტომატური დამიზნება/უკაბელო მართვა

 თუ გყავთ შედარებით უფროსი შვილი, რომელსაც აინტერესებს ცაზე დაკვირვება და გაქვთ საშუალება ცოტა მოზრდილი თანხა გადადოთ მისი ტელესკოპისთვის, მას ეს ტელესკოპი წლების მანძილზე გაყვება. დღევანდელი ბავშვები ადვილად ითვისებენ აპლიკაციებს და ეს ტელესკოპი ზედგამოჭრილია მათთვის. ნავიგატორი აპლიკაციის საშუალებით ძალიან ადვილად შეძლებთ სამიზნის მოძებნას. ტელესკოპს მოყვება 36x და 91x გადიდების ოკულარები, 213x მაქსიმალური შესაძლო სასარგებლო გადიდებით. ტელესკოპის ოპერირება ხდება მისი ნავიგატორი აპლიკაციით, რომელსაც ავტომატურად შეუძლია ათასობით ციური სხეულის მოძებნა შესაბამისი სახელის ან კოორდინატების შეყვანის საშუალებით.
ფაქტიურად ციური სხეულების ენციკლოპედიაა. მას ფრთხილი მოპყრობა ჭირდება, პატარა ბავშვებისთვის რეკომენდირებული არაა. ტელესკოპი სმარტფონთან ან კომპიუტერთან უკაბელო კავშირის დამყარებით ახდენს ციური სხეულების მოძებნას, ამიტომ ქალაქგარეთ თუ გადაწყვეტთ ცაზე დაკვირვებას, არ დაგავიწყდეთ, რომ ტელესკოპისთვის გარე დენის წყარო დაგჭირდებათ. ამაზონზე თუ ნახავთ სამივე ტიპის ტელესკოპი ერთ გვერდზე იყიდება, თუმცა კატადიოპტრულ ვარიანტს ბევრი უარყოფითი შეფასება აქვს, როცა რეფრაქტორი ბევრ მოწონებას იმსახურებს. ტელესკოპი იწონის 6.3 კგ-ს.

  • ფოკუსური ფარდობა – f/10.1
  • გადიდება –  213
  • აპერტურა – 90მმ
  • ოკულარი  – 32მმ (x2)
  • წონა    –        6.3კგ
  • ზომა   –        91სმx76სმx135სმ

ჰობისთვის საუკეთესო ტელესკოპია Celestron SkyProdigy 130 – $630

  • რეფლექტორი/მოტორიზებული სიმ-აზ/სამფეხა
  • ადვილი ასაწყობი; ავტომატური დამიზნებით

 ეს მოდელი პირველი ტელესკოპია, რომელიც მომხმარებელს ბოლომდე ავტომატიზებულ მომართვას სთავაზობს ციური ობიექტების მიმართ. როცა ააწყობთ ტელესკოპს, მას 3 წუთი ჭირდება ღია ცის ქვეშ საკუთარი თავის საპოვნელად. შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ დისტანციური მართვის სისტემა, რომლის საშუალებითაც ამ ფოლადის სამფეხაზე აღმართულ მაღალი ხარისხის ნიუტონის რეფრაქტორს ცაზე ნებისმიერი მიმართულებით მიმართავთ. ამ მოდელის გამოშვებამდე შესაბამისი ტექნიკის ყიდვა რამდენიმე ათასი დოლარი დაგიჯდებოდათ დამატებითი კამერით, სპეციალური პროგრამით და დამატებით ნოუთბუქით. თუმცა ბოლო დროს ასეთი მოდელებიც გაჩნდა დამატებით. ტელესკოპს ფასისთვის შესანიშნავი ოპტიკა აქვს ადეკვატურზე მეტად კარგი აპერტურით (რომელიც განსაზღვრავს რამდენ სინათლეს შეაგროვებს ტელესკოპი). SkyProdigy-ს მოყვება Kellner-ის 25 მმ და 9 მმ ოკულარი. ფოკუსერი ძალიან კარგად არის აწყობილი და 50 მმ ოკულარის მიღებაც შეუძლია, რაც დადებითი ფაქტორია DSLR კამერით გადაღების მსურველთათვისაც. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ამ ავტომატიზაციის მექანიზმში დაახლოებთ $200-ს იხდით დამატებით. ზუსტად იგივე გამოცდილების მიღება შესაძლებელია Celestron NexStar 130 SLT ($381), Orion StarSeeker IV 130mm ($550) ან თითქმის იდენტური Levenhuk SkyMatic 135 GTA Telescope reflector 130 mm ($480) მოდელის საშუალებითაც თუ ყოველ ჯერზე ტელესკოპის ხელით მომართვა თქვენთვის სირთულეს არ წარმოადგენს და ავტომატიზაციის სარგებელი თქვენთვის თუ გადამწყვეტი არაა.

  • ფოკუსური ფარდობა – f/5
  • გადიდება  – 307
  • აპერტურა – 130მმ
  • ოკულარი –  25მმ (& 9მმ)
  • ხედვის არე – 1.9°
  • წონა            8.2კგ
  • ზომა     –      99სმx25სმx43სმ


ალტერნატიული არჩევანი: Orion SkyQuest XT8i IntelliScope – $700

  • რეფლექტორი/სიმ-აზ/დობსონის
  • ყველაზე დიდი აპერტურა ფასთან შედარებით

 Orion-ის SkyQuest ძალიან დიდი (203მმ!) აპერტურითაა აღჭურვილი. ეს არის სინათლის დიდი „სკივრი“ შესანიშნავი ხარისხის მთავარი სარკით, რომელიც შორეული გალაქტიკებიდან და ნისლეულებიდან წამოსულ ძველ, დაღლილ ფოტონებს მოუყრის თავს. ეს ტელესკოპი თქვენს ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს, თუ ხანგრძლივი დაყოვნების ასტრო-ფოტოების გადაღებას არ გეგმავთ. გაითვალისწინეთ, რომ ნაკრებს ყიდულობთ; მოგიწევთ სიმაღლე-აზიმუტის სადგარის აწყობა, დახრილი ოპტიკური მილის დაყენება და რამდენიმე დამატებითი ოპერაციის ჩატარება. მაგრამ ზოგისთვის აწყობაც მხიარული პროცესია, აწყობილი ტელესკოპი კი ათწლეულების განმავლობაში გაგყვებათ და სასიამოვნო გამოცდილებას დაგიტოვებთ. კლასიკური დობსონის ტელესკოპებისგან განსხვავებით, ამ მოდელს ტექნიკური მხარდაჭერა მოყვება. მართალია, ის მექანიკურია, მაგრამ სასურველი ობიექტის მოსაძებნად კომპიუტერი მოყვება, რომელიც გეტყვით, საით უნდა მიმართოთ ტელესკოპი. ამიტომაც ქვია SkyQuest-ის ამ მოდელს IntelliScope. IntelliScope რომ გაააქტიუროთ, ორმაგი ვარსკვლავის საშუალებით მომართვის პროცესი უნდა გაიაროთ. ტელესკოპის დამიზნება ადვილად ხდება სიმაღლის და აზიმუტის მაჩვენებლების შეყვანით.

  • ფოკუსური ფარდობა – f/5.9
  • გადიდება –  300
  • აპერტურა – 203მმ
  • ოკულარი –  20მმ (& 50მმ)
  • წონა    –        9.5კგ
  • ზომა   –        57სმx61სმx128სმ

საუკეთესო კომპაქტური ტელესკოპი: Celestron Regal M2 100ED – $773

  • რეფრაქტორი
  • ყველაზე ნათელი და მახვილი გამოსახულების

კომპაქტური ტელესკოპი

 ამ მოდელისთვის შტატივის ცალკე შეძენა მოგიწევთ. ბევრი ირჩევს ამ ტელესკოპს მისი მოსახერხებლობის და კომპაქტურობის გამო. მისი გამოყენება შესაძლებელია ბუნებაზე დაკვირვებისთვისაც. Regal M2 100ED ჩამოსხმულია მსუბუქი მაგნეზიუმის შენადნობისგან.

  • ფოკუსური ფარდობა – f/5.4
  • გადიდება –  22-67
  • აპერტურა – 100მმ
  • ოკულარი –  30მმ
  • ხედვის არე – 1.9°
  • წონა    –        2.1კგ
  • ზომა   –        49სმx12სმx12სმ

საუკეთესო იაფი ალტერნატივა: Levenhuk Blaze 90 Spotting Scope – $215

  • რეფრაქტორი/პატარა სამფეხა
  • ყველაზე ეფექტური ფასი-ხარისხის შეფარდება

 ამ ტელესკოპის 9 სმ-იანი აპერტურა საშუალებას მოგცემთ Celestron Regal M2 100ED-ის თითქმის მეოთხედ ფასად იგივე გამოცდილების ¾ მიიღოთ. Orion-ის წარმოების Heavy-Duty Tripod-თან თუ დააწყვილებთ, ტელესკოპი ურყევ გამოსახულებას და სასიამოვნო გამოცდილებას მოგცემთ. Blaze 90-ს მაღალი ფუნქციონალობის გამძლე ბალისტიკური ნეილონის ჩანთა მოყვება.

  • გადიდება –  30-90
  • აპერტურა – 90მმ
  • ხედვის არე – 1.5°
  • წონა     –       1.4კგ
  • ზომა   –       56სმx20სმx14სმ

საუკეთესო კომპიუტერით მართული ტელესკოპი დამწყებთათვის: Celestron AstroFi 102 Mak-Cas Wi-Fi – $420

 

  • მაკსუტოვ-კასეგრეინი/სიმ-აზ/სამფეხა
  • ინოვაციური/ციფრული; ლითიუმის ბატარეა

 ასევე იგივე ფასად იყიდება ამ მოდელის რეფრაქტორული ვარიანტი. ტელესკოპი ბრძანებებს იღებს სმარტფონის ან ტაბლეტის აპლიკაციისგან SkyPortal, რომელიც უფასოდ შეგიძლიათ გადმოწეროთ. 90მმ რეფრაქტორი შესანიშნავია პლანეტებზე დაკვირვებისთვის. 102 მმ-იანი მაკსუტოვ-კასეგრეინის ჰიბრიდი შესანიშნავად პოულობს ათვლის ვარსკვლავებს. ასევე არსებობს უფრო ძვირი ვერსია 130 მმ-იანი ნიუტონის რეფრაქტორი, რომელიც უფრო შორს გაგახედებთ. თუმცა ცოტა სიფრთხილეა საჭირო, რომ ალუმინის სამფეხა მსუბუქი არ გაგეღუნოთ.

  • ფოკუსური ფარდობა – f/13
  • გადიდება  – 53-132
  • აპერტურა – 102მმ
  • ოკულარი –  25მმ (& 10მმ)
  • წონა     –       6.4კგ
  • ზომა   –        91სმx76სმx135სმ


საუკეთესო მექანიკური მართვის ტელესკოპი დამწყებისთვის: Orion StarBlast 6 – $340 ან StarBlast 6i “IntelliScope” – $500

  • რეფლექტორი/სიმ-აზ
  • უმარტივესი მოსახმარად

 თუ გინდათ ტელეფონს თავი დააღწიოთ და ცაზე მოახდინოთ კონცენტრირება, ალბათ თქვენთვის საუკეთესო არჩევანი იქნება Orion-ის StarBlast 6 დობსონის რეფლექტორი. 15 სმ-იანი სარკე საკმარისია მილიონობით სინათლის წლის მანძილზე არსებული ობიექტების დასანახად ისევე, როგორც მზის სისტემის პლანეტებისთვის. დობსონის ტელესკოპების უმრავლესობისგან განსხვავებით StarBlast პირდაპირ მუშაობისთვის მზა ფორმით მოდის ყუთში. ამიტომ ეს კარგი არჩევანია ასტრომოყვარულისთვის საჩუქრად, თუ მას აწყობის პრობლემები შეექმნებოდა სხვა მოდელის შემთხვევაში.

  • ფოკუსური ფარდობა – f/5
  • გადიდება –  300
  • აპერტურა – 150მმ & 200მმ
  • ოკულარი   25მმ (& 10მმ)
  • წონა     –       18კგ
  • ზომა   –        81სმx54სმx49სმ

საუკეთესო არც თუ ისე ძვირი ტელესკოპი: Astronomers Without Borders OneSky 130 – $200

  • რეფლექტორი/სიმ-აზ/მბრუნავი სადგარი
  • ტელესკოპში გადახდილი ფული განვითარებად ქვეყნებს ხმარდება.

 ამ ტელესკოპის ყიდვით ახლობლისთვის საჩუქრად ან თუნდაც თქვენთვის, ავტომატურად ერთვებით ქველმოქმედებაში, რომელსაც არამომგებიანი ორგანიზაცია Astronomers Without Borders ეწევა. მიღებული შემოსავლით მეცნიერების ახალგაზრდა სტუდენტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიიღებენ სარგებელს საგანმანათლებლო პროგრამების სახით მანამ, სანამ თქვენ ასტრონომიის ჰობით იღებთ სიამოვნებას. ყველას ერთი ცა გვაერთიანებს.

 მისაღებ ფასად თქვენ 130 მმ აპერტურის ხარისხიანი მინის ტელესკოპს დაეუფლებით, რომელსაც მოყვება ორი პლოსლის (სიმეტრიული) ოკულარი და ინოვაციური კომპაქტური-გაშლადი დიზაინი აქვს. ეს ნიუტონის რეფლექტორი მარტივად გამოსაყენებელ სიმაღლე-აზიმუტის შტატივზე დგება და ინტეგრირებული სახელური აქვს, რაც აადვილებს მის გადაადგილებას.

  • ფოკუსური ფარდობა – f/5
  • გადიდება –  26-65
  • აპერტურა – 130მმ
  • ოკულარი – 25მმ (& 10მმ)
  • ხედვის არე – 1.7°
  • წონა    –        6.4კგ


უფრო იაფი ალტერნატივა: Levenhuk Strike 80 – $130

  • რეფრაქტორი/სიმ-აზ/ სამფეხა
  • კლასიკური რეფრაქტორი ტელესკოპი სასწავლო ნაკრებით

 მისი შესანიშნავი ღირებულების დამადასტურებელია ხანგრძლივი გამძლეობის ოპტიკური მილი, უჟანგავი ფოლადის სამფეხა, აქსესუარების განყოფილება, 2 ოკულარი და ბარლოუს ლინზა. Levenhuk გვთავაზობს 80მმ აპერტურის აქრომატულ რეფრაქტორს – როგორიც გალილეოს ქონდა – სიმაღლე-აზიმუტის სადგარზე. მარტივი და გამართული ინსტრუმენტია.

  • ფოკუსური ფარდობა f/9
  • გადიდება  – 360
  • აპერტურა – 80მმ
  • ოკულარი –  20მმ (& 6მმ)
  • წონა    –        6.1კგ
  • ზომა     –      86სმx36სმx16სმ

 რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა დანარჩენი ტელესკოპი გადასაგდებია. გაითვალისწინეთ ის რჩევები, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ და ის პარამეტრები, რის მიხედვითაც შეგიძლიათ სხვადასხვა ტელესკოპი ერთმანეთს შეადაროთ. იმის მიხედვით, რა ფუნქციაა თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი, იქნებ სხვა, თქვენთვის უფრო შესაფერისი ტელესკოპი იპოვოთ, რომელზეც აქ არც გვისაუბრია. ვარსკვლავებზე წარმატებულ თევზაობას გისურვებთ.

(წყარო: space.com)

ავტორი: ქუჯი ბიჭია (ასტრომოყვარული).

28 comments

  1. Teleskopis yidva minda.minda planetebs kargad ro shevxedo.mirchiet romeli da ranairi unda viyido da rogor.ra monacemebi unda qondes.an linki ro gamomigzavnot.zalian gtxovt.ogond iseti mirchiet ro mugami ar gamipuchos.arasdros mqonia da…:-)

  2. შეგიძლიათ მირჩიოთ რომელი ტელესკოპი ვიყიდო orion skyquest xt8 plus თუ orion 9825 apex 127 mak-cas ტელესკოპი? ( შგიძლიათ სხვა ვარიანტიც შემომთავაზოთ. წინასწარ მადლობა)

  3. საიტზე გვაქვს კარგი ტელესკოპებისა და ბინიკლების სია, ასევე შავ სიაში შეტანილი ტელესკოპებისაც. ჩაწერეთ სძებო გრაფაში ქართულად შესაბამისი სიტყვა. თუ მაინც ვერ ჩამოყალიბდით, შემოგვიერთდით ფეისბუკზე ასტრომოყვარულთა ჯგუფში… გისურვებთ წარმატებას.

  4. გამარჯობა, სად შევიძინო Levenhuk LabZZ MTB3 Combo

  5. ფრინველებზე დაკვირვებისთვის რაიმე ოპტიმალური ვარიანტს ხომვერმირჩევთ რომელიც ცაზეც საშუალო შედეგს მოგვცემს და არც ძაან ძვირი იქნება (100$ + – )

  6. გამარჯობათ ინტერნეტით გამოვიწერე ტელესკოპი ასეთუ ისე მვხმარობ მოდელი არის
    Telescope, Tasco, model 11TR D=114mm F=900mm

    რაღაც კითხვები მაქვს ლინზებთან დაკავშრებით და დახმარება თუა შესაძლებელი

  7. ფეისბუკზე ვერ ვძებნი ჯგუფს და ლინკი რომ დადოთ

  8. Levenhcuk strike 80 ამ ტელესკოპის შეძენა ღირს, ან როგორ ვიყიდო და სად?

  9. სად შემიძლია შევიძინო ტელესკოპი.

  10. დედოფლის წყაროდან ალაზნის ველის და კავკასიონის სანახავად (დასაკვირვებლად) მინდა დავდგა ტელესკოპი ან დასადგამიანი ჭუგრიტი დღის პირობებში,რას ზომის და რომელს მირჩევდით,ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ,მადლობა

  11. კავკასიონის და ალაზნის ველის დანახვა,მანძილი დაახლოებით 50-60კილომეტრია,რა ზომის და რომელ დურბინდს მირჩევდით,როგორც ვიცი ტელესკოპები საქართველოში გაყიდვაში არაა.მადლობა.

  12. გამარჯობა მაინტერესებს Aomekai AO2002P 40070 Refractor Telescope For Beginners With Tripod Optical Lens Travel Scope ამ მოდელის ყიდვა რამდენად ღირს? დამწყები ვარ და მთვარის გარდა რას შემიძლია რომ დავაკვირდე და რამდენად ბუნდოვანი იქნება გამოსახულება? დამწყები ვარ და არ ვიცი არაფერი … მადლობა წინასწარ

  13. გამარჯობა 🙂 გთხოვთ, მოგვძებნოთ ფეისბუკში – ასტრონომიის მოყვარულთა ჯგუფი, და იქ დასვით ეს შეკითხვა. გისურვებთ წარმატებას!

  14. გამარჯობა, ბავშვისთვის მინდა ტლესკოპის ყიდვა, დაბალბიუჯეტიანის, VisionKing 360×50 – ამ ტელესკოპზე რა აზრის ხართ, ღირს თუ არა ყიდვა? მადლობა

  15. 11 და 13 წლის ბიჭისა და გოგონასათვის მინდა ტელესკოპის შეძენა. ბავშვებს აინტერესებთ ცაზე დაკვირვება და თვალიერება. ვართ დამწყები, მოყვარულები. მინდა ოცნება ავუსრულო მათ. რას მირჩევთ და სად შევიძინო? თავიდან ვფიქრობ გასართობად და ინტერესის მოსაკლავად ვუყიდო ან დურბინდი ან ტელესკოპი. თავიდან უფრო ალბათ მცირე პრაქტიკის მისაღებად. საქმის მცოდნეების ნაკლებობაა, ვისაც დავეკითხე მაინცადამაინც საინტერესო და საქმიანი პასუხები ვერ მივიღე. ყველა თავისი ინტერესის პროდუქტს მთავაზობს. მადლობელი დაგრჩებით თუ გამიწევთ გულისხმიერ და საქმიან კონსულტაციას. გმადლობ

  16. გამარჯობა. ჩვენი სპონსორის ლოგო დევს მარცხენა პანელზე, აქ ჩამოტანილი ახალი და კარგი ტელესკოპები მაგათ აქვთ. იაფიანი ტელესკოპის ყიდვას კი ნამდვილად ბინოკლი აჯობებს, მალევე მიხვდებვიან მართლა საინტერესოა თუ არა ღამეების თენება და ცის თვალიერება. დანარჩენი სირთულეები მერე იწყება, ამ გამოცდილების მიღების შემდეგ… წაიკითეთ ამ სტატიის ბოლოში მოცემული ბმულებიც აუცილებლად…

  17. გმადლობ ბატონო კახა. როგორც უკვე გკითხეთ ბავშვებისათვის მინდა ტელესკოპი. მისაღებია თქვენი რჩევა ცხადია და აქვე მირჩიეთ თუ შეიძლება ბინოკლი როგორ შევარჩიოთ და საერთოდ რა ფასიდან შეიძლება ჩვენი მოთხოვნის შესაბამისი ტელესკოპის და ბინოკლის შეძენა და რა მახასიათებლებს უნდა მივაქციოთ ყურადღება ?(მოკლე ტექნიკური დავალების ჩამოყალიბებაში დამეხმარეთ)

  18. sad iyideba es ppoduqcia.levenhuk labzz momewona da ra girs larebshi an sad shevidzen

  19. მოგესალმებით,
    მირჩიეთ კარგი ტელესკოპი. შვილი 15 წლისაა და ფიზიკაში ბევრს ესაუბრებიან ტელესკოპებზე და ლინზებზე. მინდა რომ იმედგაცრუება არ ქონდეს დაბალი ხარისხის ტელესკოპის შეძენის შემთხვევაში. ამიტომ დახმარება მჭირდება რა და სად შევიძინო
    დიდი მადლობა წინასწარ

  20. გამარჯობა. სარეკლამო ბანერზე გადადით პლანეტარიუმის და ნახეთ ტელესკოპები და ფასები, 700 ლარზე ნაკლებიანი ყველა უხარისხოა… მოგვძებნეთ ფეისბუკში – ასტრონომიის მოყვარულთათვის. წარმატებები!

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.