განახლდა: 15/04/2026
სამყაროს გაფართოების სიჩქარის მაჩვენებელი, იგივე ჰაბლის მუდმივის ყველაზე ზუსტი თანამედროვე მნიშვნელობა არის: H0 = 67,4 ± 0,5 კილომეტრი/წამი/მეგაპარსეკზე. ეს სიდიდე გამოყვანილია კოსმოსური ტელესკოპებით: WMAP და “პლანკი”, მიკროტალღურ რელიქტურ გამოსხივებაზე დაკვირვებით მიღებული მონაცემების საფუძველზე, რომელთაც მიწაზე განთავსებული მიკროტალღური ტელესკოპებისა და ცის ოპტიკური ციფრული დამზერის მონაცემებიც ემატება. ეს მონაცემები საკმაოდ კარგად ეთანხმება ერთმანეთს, ხოლო რიცხვითი მაჩვენებელი ეფუძნება სამყაროს სტანდარტულ მოდელს, სახელად ΛCDM (Λ გვიჩვენებს ბნელი ენერგიის როლს, CDM კი ცივი ბნელი მატერიაა).
- მთავარი და თითქოს შეუძლებელი, რაზეც ჰაბლის კანონი მიუთითებს: სამყარო ფართოვდება! ანუ მას ჰქონდა საწყისი მომენტი დროში. თუ წარმოდგენაში, ასეთი გაფართოების ტემპების გათვალისწინებით, სამყაროს განვითარებას უკან მივადევნებთ თვალს, ზემკვრივი და ცხელი პროტომატერიის წერტილამდე მივალთ, რომელიც აფეთქების მერე ფართოევდება და ცივდება, ასე გაჩნდა დიდი აფეთქების თეორია (უკეთესი კოსმოლოგიური მოდელი დღეისათვის არ არსებობს).
- კოსმოსური მიკროტალღური ფონი, იგივე რელიქტური გამოსხივება (CMB), მაშინ გაჩნდა, როცა დიდი აფეთქებით წარმოქმნილი ზემკვრივი სამყარო გარკვეულ ზომამდე გაფართოვდა და გამოსხივებისთვის გამჭვრივალე გახდა. სამყარო გაფართოებას აგრძელებდა, ეს გამოსხივება სივრცეში გაიწელა და დაბალენერგიულ, მიკროტალღურ დიაპაზონში გადავიდა (160,4 გჰც), ამიტომ ამ დიაპაზონში მომუშავე ტელესკოპების (WMAP, “პლანკი”) დეტექტორები თითქმის აბსოლუტურ ნულამდეა გაცივებული.
- ΛCDM (ლამბდა სი-დი-ემ) – ლამბდა-ცივი ბნელი მატერია, თანამედროვე კოსმოლოგიური მოდლია, რომელშიც სივრცობრივ-ბრტყელი სამყარო ჩვეულებრივ მატერიასთან ერთად, ბნელი ენერგიითა (აღიწერება კოსმოლოგიური მუდმივა ლამბდათი აინშტაინის განტოლებებში) და ცივი ბნელი მატერიით არის შევსებული. ამ მოდელის მიხედვით, სამყაროს ასაკი 13,82 მილირდი წელია.
რამდენიმე წლის წინ, ადამ რისის ჯგუფმა სრულიად განსხვავებული მეთოდით, ჰაბლის მუდმივის შესამჩნევად დიდი მნიშვნელობა მიიღო, დაახლოებით 73 კმ/წმ/მპს. ადამ რისი ძალიან ცნობილი და დამსახურებული ადამიანია, ის არის ერთ-ერთი, ნობელის პრემიის სამი ლაურეატიდან, რომლებმაც სამყაროს აჩქარებული გაფართოება დაამტკიცეს (ბნელი ენერგიით). რისი და პერლმუთერი, სხვადასხვა გალაქტიკებში აფეთქებულ Ia-ს ტიპის ზეახლებს აკვირდებოდნენ, რომელთა აფეთქების ელვარება მსგავსია, რის გამოც ამ ვარსკვლავებს კოსმოსური “სტანდარტული სანთლებიც” კი უწოდეს. თუ ვიცით როგორია ახლოს მდებარე “სანთლის” ნათობა, გავიგებთ, როგორი იქნება ის, სანთლის გარკვეულ მანძილზე გადატანით, შესაბამისად, იქამდე მანძილსაც. რისის ჯგუფის ახალი შედეგია: 73,04 ± 1,04 კმ/წმ/მპს. ამავდროულად, პლანკის გუნდის შედეგებიდან გადახრამ 5σ (სიგმა)-ს მიაღწია, მაღალი ენერგიის ფიზიკაში ეს მნიშვნელობა გამოიყენება, როგორც შედეგის აღიარების ზღვარი. სწორედ ამ უთანხმოებას უწოდეს ჰაბლის დაძაბულობა.

“პლანკით” მიღებული შედეგები ადრეულ სამყაროზე მიღებულ მონაცემებს ეყრდნობა (რელიქტური გამოსხივება), ხოლო რისის ჯგუფისა კი “თანამედროვე” სამყაროზე დაკვირვებებს. იქნებ, ორივე შედეგი მართებულია, ხოლო ჩვენი წარმოდგენები სამყაროზე არასრული? მართლაც, როგორ შეიძლება სტანდარტული მოდელის ისე შესწორება, რომ დამზერით მიღებული შედეგები მასთან თანხმობაში მოვიდეს. პრინციპში, ეს შესაძლებელია, თუ ჩართული იქნება “ახალი ფიზიკა”. უფრო ეგზოტიკური ვარიანტია ბნელი ენერგიის მდგომარეობის განტოლების შესწორება. რუტინულია, მაგრამ მაინც ახალ ფიზიკასთან (რომელიც ჯერჯერობით არსად ჩანს) დაკავშირებული იმის დაშვება, რომ ბნელი მატერია მსუბუქ ნაწილაკებად შეიძლება დაიშალოს.

სიმართლესთან ახლოს, როგორც ჩანს, მაინც “ნულოვანი ჰიპოთეზაა” (H0): ერთ-ერთი ან ორივე შედეგი მცდარია და არანაირი წინააღმდეგობრიობა არ არსებობს. “პლანკის” ჯგუფი ე.წ. ბარიონულ აკუსტიკურ ოსცილაციებსაც იყენებდა — სივრცული კორელაციები გალაქტიკებს შორის. ეს კორელაციები სხვა არაფერია, თუ არა თანამედროვე სამყაროს რელიქტური გამოსხივების მცირე არაერთგვაროვნება (ანიზოტროპია). გარდა ამისა, გამოყენებულ მონაცემებშია ინფორმაცია ზეახლებზეც, ოღონდ სხვანაირი კალიბრირებით. რისის ჯგუფის უპირატესობა ისაა, რომ მანძილების კალიბრირება თანამედროვე კოსმოსური ტელესკოპის, Gaia-ს საშუალებით მოახდინეს. კალიბრირების ამ მეთოდში, შუალედური სტანდარტული სანთლების როლში გამოყენებულია ცეფეიდები – ვარსკვლავები, რომელთა ნათობის პერიოდული ცვლილება ამ პერიოდთან არის კავშირში. ცეფეიდები (ცეფევსის თანავარსკვლავედი), რა თქმა უნდა, ჩვენს გალაქტიკაშიც ბევრია, ხოლო ამ ვარსკვლავებამდე მანძილის დადგენა პარალაქსის მეთოდით არის შესაძლებელი. ცეფეიდები არის ახლო გალაქტიკებშიც, სადაც ზეახლებიც ფეთქდება, მათი საშუალებით კი ეს ზეახლები კალიბრირდება. თუმცა, სისტემატური შეცდომები აქაც შეიძლება იყოს.

შარშან, ვენდი ფრიდმანის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც ზეახლები სრულიად განსხვავებული მეთოდით არის კალიბრირებული. მან გამოიყენა წითელი გიაგნტები — მზის მსგავსი ვარსკვლავების ევოლუციის ბოლო სტადია. მათ ელვარებას ზღვარი გააჩნია (წითელი გიგანტების შტოს ბოლო. TRGB – Tip of the Red Giant Branch), რომელსაც ვარსკვლავების “წვის” ფიზიკა განსაზღვრავს, რაც ძალიან კარგად ჩანს ჰერცშპრუნგ-რასელის დიაგრამაზე.
ფრიდმანმა გამოიყენა მაგელანის დიდი ღრუბლის (მეზობელი ჯუჯა გალაქტიკა) წითელი გიგანტებით კალიბრირება, ზეახლების ნათობის ცეფეიდებით განსაზღვრის მსგავსად. მიღებული რიცხვი, დაახლოებით, რისის ჯგუფისა და “პლანკის” შედეგების შუაში მოექცა — 69,8 ± 1,9 კმ/წმ/მეგაპარსეკზე და დიდ წინააღმდეგობაში არ მოდის “პლანკთან”. ფრიდმანი: “შეუძლებელია ცალსახად ლაპარაკი ΛCDM მოდელის გადახედვის აუცილებლობაზე, ვინაიდან, შესაძლოა, ჯერ კიდევ არის აუხსნელი სისტემატიკა ცეფეიდების კალიბრაციაში”.

რაც შეეხება დარემის უნივერსიტეტის ჯგუფის ნამუშევარს. მათ ასევე გამოიყენეს ცეფეიდები და მათი კალიბრება Gaia-ს მონაცემებზე დაყრდნობით, მაგრამ განსხვავებულად მოახდინეს მონაცემების სისტემური შეცდომების მოდელირება, მხედველობაში მიიღეს „ადგილობრივი ხვრელიც“ გალაქტიკების განაწილებაში (ჩვენ ვიმყოფებით სივრცეში, რომელშიც გალაქტიკების რაოდენობა საშუალოზე მცირეა (კოსმოსურ უდაბნოში ვცხოვრობთ)), რომელმაც გაზომილი Н0-ის სიდიდე 1,8%-ით წაანაცვლა: 68,8 ± 1,9 კმ/წმ/მეგაპარსეკზე, რაც შესაბამისობაშია პლანკის გუნდის შედეგთან (სტატიის მთავარი ნახატი).
H0 Distance Network-ის მიერ ჩატარებული ახალი კვლევა, ლოკალურ (ახლომდებარე) სამყაროში მანძილების გაზომვის რამდენიმე დამოუკიდებელ მეთოდს აერთიანებს. მეთოდები მოიცავს ცეფეიდებზე, წითელ გიგანტებზე, Ia-ს ტიპის ზეახლებზე და გარკვეული ტიპის გალაქტიკებზე დაკვირვებით მანძილების დადგენას. ნამუშევარში გამოყენებული იყო როგორც კოსმოსური, ასევე ზედაპირზე არსებული ობსერვატორიებიდან მიღებული მონაცენები. შედეგად, ჰაბლის მუდმივის ახალი მონაცემი იქნა მიღებული — 73,5 (± 0,81) კილომეტრი წამში მეგაპარსეკზე. აღსანიშნავია, რომ ეს მნიშვნელობა უცვლელი რჩება მცირე რაოდენობით მონაცემების ან გამოთვლის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებისას, ანუ ის არ არის დამოკიდებული ერთ რომელიმე გაზომვაზე.
კვლევით დადგინდა, რომ ანალიზიდან, გაზომვის რომელილმე ტექნიკური ხრიკის ამოღებით, ჰაბლის მუდმივის მნშვნელობა დიდად არ იცვლება. ეს ფაქტი დამაჯერებლად მიუთითებს, რომ დაკვირვებითი შეუსაბამობა არ არის გამოწვეული რომელიმე კონკრეტულ მეთოდში არსებული მოუხელთებელი შეცდომით. პირიქით, სხვადასხვა ლოკალური გაზომვები ერთმანეთთან თანხვედრაშია, რაც მიღებული მნიშვნელობის სანდოობას კიდევ უფრო ამაგრებს.
ჰაბლის მუდმივის დაბალი მნიშვნელობა, სტანდარტული კოსმოლოგიური მოდელიდან გამომდინარეობს, რომელიც აღწერს კოსმოსის ევოლუციას დიდი აფეთქების შემდეგ. თუ ეს მოდელი არასრულია, მისი პროგნოზები მიმდინარე გაფართოების სიჩქარის შესახებ შეიძლება მცდარი იყოს. ახალი კვლევა აძლიერებს ჰიპოთეზას, რომ პრობლემა არა გაზომვათა შეცდომებში, არამედ, სავარაუდოდ, კოსმოლოგიურ ფიზიკაში ჯერ კიდევ შეუსწავლილი ელემენტების არსებობაზე შეიძლება მიუთითებდეს – ბნელი ენერგიის ქცევის მოდიფიკაციებს, ნაწილაკების ახალი ტიპების არსებობას ან გრავიტაციის თეორიაში ცვლილებებს ძალიან დიდ მასშტაბებზე. ახალი ობსერვატორიებისა და უფრო ზუსტი ინსტრუმენტების ექსპლუატაციაში გაშვებით, ასტრონომები აპირებენ საბოლოოდ დაადგინონ ამ იდუმალი შეუსაბამობის გაჩენის მიზეზი. ამ ეტაპზე, ღიად რჩება მთავარი შეკითხვა: მოგვარდება თუ არა ჰაბლის დაძაბულობა სულ უფრო ზუსტი გაზომვების ხარჯზე, თუ ის კვლავ მიმდინარე კოსმოლოგიური მოდელის გადახედვისა და განახლების სასწრაფო აუცილებლობაზე მიუთითებს.
ჰაბლის მუდმივის სხვადასხვა მეთოდით გაზომვებს შორის შეუსაბამობა სტატისტიკურად მნიშვნელოვანია, რაც, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს შეუსაბამობების მეთოდოლოგიურ წყაროებს. ზეახლებით კალიბრაცია საკმაოდ რთული საქმეა, რაც თავისთავად საინტერესოა. მეთოდოლოგიის ანალიზი ამ სტატიის ფარგლებს სცილდება, მაგრამ რადგან თავად კითხვა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ მას კიდევ ბევრჯერ დავუბრუნდებით.