მაგნიტური ხიდი გალაქტიკათა გროვებს შორის

 გალაქტიკათა გროვები ეიბელ 0399 და ეიბელ 0401, ერთმანეთს 1 მილიარდი სინათლის წლით არის დაშორებული და ასტრონომიული მასშტაბებით არც თუ ისე დიდი ხნის მერე, ერთმანეთს შეეჯახება. იქამდე ჩვენ ვერ ვიცოცხლებთ, ხოლო ჩვენი შორეული შთამომავლობაც მხოლოდ კარგი ტელესკოპებით თუ შეძლებს ამ მოვლენის დამზერას.

 გროვებს შორის გრავიტაციული ზემოქმედება ახლაც არის, თუმცა, როგორც გაირკვა, რეალური სურათი მარტო ამით არ შემოიფარგლება. ევროპული რადიოტელესკოპის, LOFAR-ის გამოყენებით, 140 მეგაჰერც სიხშირეზე ასტრონომთა ჯგუფმა ამ გროვების შემაერთებელი მანათობელი ობიექტი აღმოაჩინა, სავარაუდოდ – წაგრძელებული პლაზმის ღრუბელი.

 თანამედროვე წარმოდგენებით, ასეთი სიხშირის გამოსხივება მაშინ გენერირდება, თუ ელექტრონების ნაკადს ლამის სინათლის სიჩქარემდე ავაჩქარებთ, ხოლო შემდეგ კი რაიმე ზემოქმედებით ტრაექტორიას შევუცვლით, მაგალითად, მაგნიტური ველით. სწორედ ეს ხდება თანამედროვე სინქროტრონებში (რადიოტალღა ერთი ელექტრონისგან; ამაჩქარებლების მოკლე ისტორია), თუმცა კოსმოსური “ამაჩქარებელი” მათზე გაცილებით დიდია.

 ამ ელექტრონებისა და მათზე მოქმედი მაგნიტური ველის წარმოშობა ამ მომენტისთვის უცნობია, მეცნიერები კი თვითონ გამოსხივების მექანიზმის ახსნას ცდილობენ. რელატივისტური ელექტრონების წყარო ზეახლები უნდა იყოს, თუმცა გროვებს შორის ამხელა მანძილის გავლის მერე მათი ენერგია მცირდება. ალბათ, დამატებით აჩქარებას გრავიტაცია სძენს მათ.

 ასეთი ობიექტის დამზერა ისტორიაში პირველად მოხდა, რაც რადიოტელესკოპ LOFAR-ის მგრძნობელობის დამსახურებაა, რომლის ნაწილები 5 ევროპულ ქვეყანაშია განაწილებული. ეს პროექტი მიზნად ისახავს ინტერფერომეტრული მასივის შექმნას, რომელიც მთელ ევროპაში იქნება გადანაწილებული. LOFAR დაბალ სიხშირეზე მუშაობს – 10-დან 240 მეგაჰერცამდე (რა არის ელექტრომაგნიტური ველი?; კიდევ LOFAR-ის შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.