გაქცეული ზემასიური შავი ხვრელის არსებობის მტკიცებულება?

 თვრამეტი ასტრონომისა და ასტროფიზიკოსისგან (აშშ-დან, ავსტრალიიდან და კანადიდან) შემდგარმა ჯგუფმა, რომელსაც იელის უნივერსიტეტის პროფესორი, პიტერ ვან დოკუმი ხელმძღვანელობდა (arxiv.org), ობიქტი აღმოაჩინა, რომელიც პატარა გალაქტიკიდან არც ისე დიდი ხნის წინათ გაქცეული ზემასიური შავი ხვრელი უნდა იყოს. ასეთი მარტოხელა შავი ხვრელების არსებობა, რომლებსაც ჩვენი გალაქტიკის ზემასიური შავი ხვრელის (ზმშხ), ან მასზე რამდენიმეჯერ მეტი მასა აქვთ, თეორეტიკოსებმა დიდი ხანია იწინასწარმეტყველეს, მაგრამ არ იყო ამის არც პირდაპირი და არც ირიბი მტკიცებულება.

 “ჰაბლით” და “კეკი I“-ით გადაღებულ ფოტოებზე, თითქმის სწორხაზოვანი მანათობელი წყარო გამოვლინდა, ზომით 200 ათასი სინათლის წელი, რომლის “კუდი”, ირმის ნახტომზე 12-ჯერ პატარა გალაქტიკის (მანძილი – 7,5 მლრდ.ს.წ.) ცენტირსკენაა მიმართული (მთავარი ფოტო). რას შეიძლება ნიშნავდეს ეს? აღმოჩენილი წაგრძელებული მანათობელი ობიექტი, შეკუმშული ცხელი გაზის მძლავრი ჭავლი შეიძლება იყოს, რომელშიც აქტიური ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესები მიმდინარეობს, გამოწვეული ამ ხვრელის გავლით და რაც მთავარია – ჭავლის სათაო ნაწილში ზემასიური შავი ხვრელი შეიძლება იმალებოდეს, რომლის მასა 20 მილიონჯერ აჭარბებს მზის მასას. ჭავლის ერთ მახარეს კიდევ ერთი კომპაქტური ობიექტი ჩანს, რომლის ბუნება ჯერჯერობით დაუდგენელია.

 2011 წლიდან დაწყებული, უამრავი მოხეტიალე ე.წ. ვარსკვლავური მასის შავი ხვრელია აღმოჩენილი (მიკროლინზირებით აღმოჩენილი შავი ხვრელი), რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით ზემასიურ შავ ხვრელებზე. ზმშხ-ს თავისი გალაქტიკიდან გაქცევის რამდენიმე გზა აქვს. ერთმანეთთან ახლოს მდებარე გალაქტიკების შერწყმა და გრავიტაციულად დაკავშირებული ორი ზმშხ-ს წარმოქმნა, რომლებიც ინერციის საერთო ცენტრის გარშემო ბრუნვს. ასეთი სისტემა, ორმაგი ვარსკვლავის სისტემის ანალოგია, რომელიც საკმაოდ სტაბილურია და მილიარდამდე წლის განმავლობაში არსებობს. თუმცა, ფარდობითობის ზოგადი თეორიიდან ვიცით, რომ ასეთი სისტემა, გრავიტაციული ტალღების გენერატორია (ზემასიური შავი ხვრელების შერწყმა), რის გამოც, იგი ნელ-ნელა კინეტიკურ ენერგიას კარგავს. საბოლოოდ, ხვრელები ერთმანეთს ეჯახება და მეტი მასის ხვრელს წარმოქმნის. გარკვეულ პირობებში, ახლადდაბადებულმა ხვრელმა საკმაოდ დიდი სიჩქარე შეიძლება შეიძინოს, რაც მას საშუალებას მისცემს შემომფარგლავი გალაქტიკის გრავიტაციული “ჭიდან” ამოვიდეს (ილუსტრაციაზე – 1, 2).

 არსებობს განსხვავებული მექანიზმიც, ითვლება, რომ უფრო ხშირი. ორმაგი შავი ხვრელი ხვდება მესამე ხვრელს, ალბათ, კიდევ ერთ გალაქტიკასთან შეჯახების გამო. ასეთი სამეული, არასტაბილურია და მესამე კომპონენტს, სამიდან ყველაზე მსუბუქს, სისტემიდან გატყორცნის (ილუსტრაციაზე – 3, 4, 5). ასეთი მოვლენა არაერთხელ იქნა შემჩნეული ვარსკვლავურ და პლანეტურ სისტემებში. ამ ნახატზე (2) ზმშხ-ს გაქცევის ორივე ვარიანტია წარმოდგენილი.

6 – მარტოხელა და ორმაგი ზმშხ-ს გალაქტიკათშორის სივრცეში მოძრაობის მოდელირება, რაც ამ სივრცეში დიდ შეშფოთებებს იწვევს.

 როგორც ვან დოკუმი და მისი კოლეგები აღნიშნავენ, ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა, მაგრამ დაკვირვებებით მიღებული მცირე რაოდენობით ინფორმაციის ფონზე, დამაჯერებლად ვერ გამოიყურება. ახალი მონაცემების მიღებამდე შეიძლება ჩაითვალოს, რომ ობიექტი სულაც არ არის კავშირში დანარჩენ ორთან და შემთხვევით აღმოჩნდა კადრში. ახალი და დეტალური მონაცემების წყაროდ “ნენსი გრეის რომანის” კოსმოსური ტელესკოპი შეიძლება იქცეს, რომლის ორბიტაზე გაყვანა ნასას ამ ათწლეულისთვის აქვს დაგეგმილი (შავი ხვრელი ყველასათვის გასაგებ ენაზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.