2023 წლის პირველ მარტს, მზის ჩასვლის შემდეგ…

2023 წლის თებერვლის ბოლო ორი კვირაა, დასავლეთის ცის კაბადონი საოცარ სანახაობას გვთავაზობს: ცაზე ორი პლანეტა – ვენერა და იუპიტერი ერთმანეთს ”ეცეკვება”, ამ ფერხულში, ზოგჯერ, მთვარეც ”ჩაერთვება”-ხოლმე.

 იუპიტერი (ზემოთ), ნამგალა მთვარე და ვენერა (ქვემოთ) 2023 წლის თებერვლის ცაზე. canon 200D, 75-300, iso-200, f/4, 1s. ავტორი – ვახტანგ ქაჩლიშვილი.

 პირველ მარტის საღამოს კი მორიგი სიურპრიზი გველის – დედამიწელებს საშუალება გვექნება, ცაზე ვენერას და იუპიტერის ”შეერთებას” დავაკვირდეთ.

 მაინც, რა არის პლანეტების ”შეერთება”? ეს მაშინ ხდება, როდესაც, დამკვირვებლის თვალით, ორი ციური ობიექტი ერთმანეთს ძალიან, ძალიან მიუახლოვდება. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ისინი ერთმანეთს ”შეეხებიან, თუმცა სინამდვილეში, კოსმოსში მილიარდობით კილომეტრით არიან დაშორებული და საკუთარ ორბიტებზე აგრძელებენ სრბოლას (რას გვიშვება ეს ”პერსპექტივა”).

პირველ მარტს, საღამოს 7 საათზე, როდესაც მზის სხივები ჰორიზონტს მიღმა ”გაიკრიფება”, დასავლეთის ცაზე იუპიტერისა და ვენერას ”წყვილი” აკიაფდება. ამ დროისთვის ისინი უკვე საკმაოდ ”ახლოს” იქნებიან ერთმანეთთან. @Stellarium.
საღამოს 8 საათისთვის, დედამიწელი დამკვირვებლის თვალთახედვით, ცაზე ორი პლანეტის – ვენერას და იუპიტერის ”შეერთება” მოხდება (გადი, ღრუბელო!), და ასტრომოყვარულები ისტორიული ფოტოების გადაღებას შევძლებთ. @Stellarium.

 2 მარტს პლანეტები ერთმანეთს ისევ ”მიუახლოვდებიან”, თუმცა შეერთება აღარ მოხდება. მომდევნო დღეებში ”წყვილი” კიდევ უფრო დაშორდება, აპრილის ბოლოს კი დასავლეთით მხოლოდ ვენერა ამოვა, ხოლო მზის სხივებში გაუჩინარებულ იუპიტერს, უკვე აპრილის ბოლოს, აღმოსავლეთით, მზის ამოსვლამდე ვიხილავთ.

 სხვა პლანეტების ”შეერთებისაგან” განსხვავებით, იუპიტერსა და ვენერას შორის ასეთი ”წაცეკვება” არც თუ ისე იშვიათია და დაახლოებით 13 თვეში ერთხელ ხდება. თუ ამ მოვლენის დამახსოვრება ან ფოტოზე აღბეჭდვა გადაწყვიტეთ, დაიწყეთ მზადება 18.00 საათიდან. თუ ამინდმა არ გაგვიმართლა (გადი, ღრუბელო!), ჩვენი მეგობარი, ასტრონომი, ჯანლუკა მასი, ამ მოვლენის პირდაპირ ვიდეოტრანსლაციას შემოგთავაზებთ პროექტით ვირტუალური ტელესკოპი.

 და ბოლოს, დაათვალიერეთ 2020 წელს საქართველოს ასტრომოყვარულების მიერ გადაღებული იუპიტერისა და სატურნის ”შეერთება”.

 ველით თქვენს სურათებს! სიყვარულით – საქართველოს ასტროკლუბი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.