”Hubble” დაგვიბრუნდა! სახელოვანი კოსმოსური ტელესკოპის კომპიუტერი შეაკეთეს და ის კვლავ მწყობრშია

კოსმოსური ტელესკოპი ’Hubble” 1990 წელს, როდესაც ის კოსმოსური შატლის ”Discovery” დახმარებით პირველად გავიდა ორბიტაზე. სურათზე მოჩანს შატლის ტვირთების სათავსო (ქვემოთ) და ”მკლავი” – (გრძელი, სახსრისმაგვარი აპარატი). ახლახანს ტელესკოპმა (უკვე მეორედ) კლინიკური სიკვდილი გადაიტანა, მაგრამ საბედნიეროდ, მისი გადარჩენა მოახერხეს (NASA).

 სახელგანთქმული, თუმცა ხანდაზმული კოსმოსური ტელესკოპი ”Hubble” კვლავ მწყობრშია – ივნისში ის ერთი თვის განმავლობაში იყო გამორთული, ბოლოს კი მთავარი კომპიუტერი მწყობრიდან გამოვიდა და აპარატი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. ბორტ-კომპიუტერზე განთავსებული სათადარიგო პროგრამული უზრუნველყოფიდან ძირითადი კომპიუტერის მეხსიერებაში ინფორმაციის კოპირებაზე მეცნიერების ჯგუფი 24 საათის განმავლობაში უწყვეტად მუშაობდა, რის შედეგადაც ტელესკოპთან კავშირის აღდგენა მოხერხდა, ხოლო 2021 წლის 18 ივლისს ყველა მისი ინსტრუმენტი ჩვეულებრივ ოპერაციულ რეჟიმს დაუბრუნდა.

 “Hubble” დაბრუნდა! დილის 5:56 საათზე ჩვენ კოსმოსური ტელესკოპების ინსტიტუტიდან ყველა თანამშრომელს შემდეგი შეტყობინება გავუგზავნეთ: “მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ კოსმოსური ტელესკოპი ”Hubble” მწყობრშია და ის სამყაროს შესწავლას დაუბრუნდა” – აღფრთოვანებით აღნიშნავს ტომ ბრაუნი, მისიის ოფისის ხელმძღვანელი.

 პირველად პრობლემამ 2021 წლის 13 ივნისს იჩინა თავი, როდესაც საბორტო კომპიუტერმა პროგრამული ხარვეზი დააფიქსირა და მისი კონტროლის ქვეშ მყოფი ყველა სამეცნიერო ხელსაწყო უსაფრთხო რეჟიმში გადაიყვანა. ”ჰაბლის” ოპერატორებმა ჩათვალეს, რომ ხარვეზი მეხსიერების ბარათში წარმოიქმნა, მაგრამ მოულოდნელად ზუსტად იგივე განმეორდა ტელესკოპის სათადარიგო მეხსიერების სამივე მოდულში. ხანგრძლივი კვლევის შემდეგ გაირკვა, რომ ეს არ იყო ტელესკოპის რომელიმე ცალკე ხელსაწყოში წამორქმნილი პრობლემა – ხარვეზის სრული აღმოფხვრა ვერაფრით ვერ მოახერხეს.

 ხანგრძლივი თათბირის შემდეგ გადაწყდა, რომ სამეცნიერო ინტრუმენტების, კომპიუტერული ბრძანებისა და მონაცემთა მართვის (Science Instrument Command and Data Handling – SIC&DH) სეგმენტი, რომელიც საბორტო კომპიუტერის მართვის ქვეშაა, უნდა გაეთიშათ და ჯერ ისევ მწყობრში მყოფი ხელსაწყოები დისტაციურად უნდა გადაეტვირთათ, სანამ ტელეკოპის სამარქაფო მეხსიერების დედამიწაზე შენახული ასლის რეზერვში არსებული ყველა შესაძლო ხარვეზი გამოსწორდებოდა. ამ ურთულესი  ოპერაციის შესასრულებლად, თანამშრომლები ერთი კვირის განმავლობაში ვარჯიშობდნენ დედამიწაზე არსებული მყარი მეხსიერების ასლებზე. 18 ივლისის წარმატებამდე ორი დღით ადრე NASA-ში განაცხადეს, რომ ხარვეზის წყარო ელექტრული სიმძლავრეების საკონტროლო ხელსაწყო – PCU იყო, რომელიც ტელეკოპის ზემოაღნიშნული SIC&DH სეგმენტის ნაწილია. PCU სენსორი მწყობრიდან გამოვიდა და  საბორტო კომპიუტერმა, ძაბვის მოულოდნელი ცვლილების დაფიქსირებისთანავე, მისი მართვის ქვეშ მყოფი ყველა ხელსაწყო დაუყოვნებლივ უსაფრთხო რეჟიმში გადაიყვანა.

 ბრაუნის თქმით, განსაკუთრებულ სირთულეს ის წარმოადგენდა, რომ პრობლემა წარმოიქმნა ტელესკოპის SIC&DH სეგმენტის ”B” მხარეს, ანუ კოსმოსისკენ მიმართულ ნაწილში, ხოლო დედამიწიდან წვდომა ჰქონდათ ”A” მხარეს. – პირველად მოხდა, რომ “ჰაბლი” დისტაციური ოპერირების ასეთ რეჟიმში დავუბრუნეთ ფუნქციონირების ნორმალურ რეჟიმს.” – აღნიშნავს მეცნიერი. – ”ყველაფერი კარგადაა, კვირის ბოლოსთვის ტელესკოპი სრული დატვირთვით ამუშავდება.”

 ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ასტრონომი რიჩარდ ელისი განსაკუთრებით განიცდიდა კოსმოსური ტელესკოპის ასეთ მდგომარეობას. ივნისში მან სოციალურ ქსელში დაწერა: ”გადაეცით ყველას, რომ ჩვენ საშინლად ვღელავთ! ეს ტელესკოპი კაცობრიობის საგანძურია! ყველა დედამიწელი მისი მეგობარია! ის ხომ უნიკალურია!”

იხილეთ ვიდეო “ჰაბლის” ისტორია:

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.