შეუძლია თუ არა მილიარდერ რობერტ ბიგელოუს, კოსმოსი ადამიანების საცხოვრებელ გარემოდ აქციოს?

 დედამიწის ახლო ორბიტების ბარონი

 სქაიუოქერის გზას გავუყვებით, მარცხნივ მოვუხვევთ გამრუდებული სივრცის ქუჩაზე და თვალწინ, ფარდულის მსგავსი შენობა წარმოგვიდგება(popsci.com). შენობაში ნაცრისფერ კოსტუმში გამოწყობილი, მაღალი, ულვაშიანი ჯენტლმენი გველოდება. სწორედ მის საკუთრებას წარმოადგენს ფარდულიც და ყველაფერი მის გარშემო. ასევე, ცნობილი სასტუმრო ლას–ვეგასში – Budget Suites of America, რომელიც ამ ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. ეს, მისი ფინანსური იმპერიის მცირე ნაწილია – ლოს–ანჯელესის სამხრეთ დასავლეთის სანაპიროზე ყველა დანარჩენი სასტუმროც მას ეკუთვნის.

 ჩვენ აქ, მომავალ დროზე სასაუბროდ ჩამოვედით – ეს მომავალი კი ის კონსტრუქციებია, რომლებიც მთლიანად შეიძლება კომპაქტურად დაკეცო, შეფუთო, რაკეტაში მოათავსო და კოსმოსში გააგზავნო… იქ კი გაშალო, შიგნით მოთავსდე და იცხოვრო. ჩვენ, მილიარდერ რობერტ ბიგელოუსთან(Robert Bigelow) მოვედით, რომელიც ცნობილია თავისი რეპორტაჟებით კოსმოსზე, განსაკუთრებით კი – უცხოპლანეტელებზე. ის ახლა ფარდულის სცენაზე დგას და ყავისა და ორცხობილების ფონზე, იქ შეკრებილ საზოგადოებას მიმართავს.

 “თქვენ მე დამცინეთ” – ამბობს ბიგელოუ ღიმილით. – “დამცინეთ, როდესაც მე განვაცხადე, რომ სულ რაღაც ორნახევარ წელიწადში გასაშლელ სისტემას კოსმოსში გავუშვებდი და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მივამაგრებდი. აი, გავიდა ორი წელიწადი და თქვენ აქ ხართ”.

 ბიგელოუ ასე, NASA–ს, JAXA–ს, Bigelow Aerospace-ის თანამდებობის პირებს და მედიას მიმართავს. მის უკან, შემოსაზღვრულ სივრცეში, თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი კორპორაციის მუშები დგანან და მათ წინ, დაახლოებით მაცივრის ზომის, კევლარის მსგავს მასალაში შეფუთული მონაცრისფრო ობიექტია. ეს არის  BEAM – ბიგელოუს ფირმის გასაშლელი მოდული (Bigelow Expandable Activity Module), რომელიც ახლო მომავლის, კოსმოსური საცხოვრებელი მოდულების პროტოტიპია.

 დაცინვის სურვილი წარსულში დარჩა – მალე, მუშები კომპაქტური შეფუთვისათვის გაამზადებენ მოდულს და BEAM-ი, კენედის კოსმოსური ცენტრისკენ გაემგზავრება, სადაც მას SpaceX–ის რაკეტაზე – Falcon 9, განათავსებენ და საერთაშორისო კოსმოსური სადგურისაკენ (ISS–International Space Station) გაუშვებენ. კოსმოსში, სადგურზე არსებული მექანიკური მკლავი–რობოტი, SpaceX Dragon-ის კაფსულას დაიჭერს, BEAM–ს ამოიღებს და სადგურის Tranquility–ს მოდულზე დაამაგრებს. შემდეგ, ის ჰაერით გაივსება და სტაბილური წნევის დამყარების მომენტში 3 მეტრის სიგანის, ხოლო გარშემოწერილობით – 170 კუბური მეტრის მოცულობის ნაგებობად გადაიქცევა, დაახლოებით, რვაკაციანი კარავის ხელა. ამ ზომების მისაღწევად მას, მხოლოდ 4–5– წუთი დასჭირდება, რის მერეც რეალური მუშაობაც დაიწყება.

 ორი წლის განმავლობაში, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფი ასტრონავტები გაარკვევენ, გამოდგება თუ არა BEAM, ან მისი გაცილებით უფრო დიდი ვერსია, კოსმოსში ხანგრძლივი არსებობისათვის: განისაზღვრება ჰარის გადინების სისწრაფე, შეღწეული რადიაციის ინტენსივობა, ცარიელი მოდულის სითბური კონტროლის მექანიზმები; მოდულის რბილმა კედლებმა უნდა გაუძლოს კოსმოსურ დაჯახებებსა და ხახუნს, ადამიანებიც შეიგრძნობენ, საკუთარ თავზე გამოცდიან, თუ რას ნიშნავს მსგავს გარემოში ცხოვრება.

bigelou gsabertan
 მილიარდერი რობერტ ბიგელოუ გასაშლელ საცხოვრებელ მოდულთან(Zuma Press Inc./Alamy Stock).

 ყველასთვის გასაგებია, თუ რამდენი უპირატესობა აქვს გასაშლელ მოდულს: ის შეიძლება მცირე მოცულობამდე დაიყვანო და ტრანსპორტირებისთვის შეფუთო, მსუბუქია და ყველა სხვა კოსმოსურ კონსტრუქციასთან შედარებით წარმოუდგენლად იაფი. BEAM–ის დამზადება, მხოლოდ 25 მილიონი დოლარი ჯდება, მისი კოსმოსში გაგზავნა კი – 150 მილიონი დოლარი. შედარებისთვის, მთლიანად კომოსური სადგური – 100 მილიარდ დოლარამდე დაჯდა (თუმცა, ნურც მის წარმოუდგენლად რთულ სტრუქტურასაც დავივიწყებთ), აწყობას კი ათეულობით წლები და ოცამდე სარაკეტო ტვირთზიდვა დასჭირდა.

 ეს ყველაფერი კარგი, თუმცა სანამ ქაღალდზე შესრულებული გათვლები რეალურ მკაცრ პირბებში გამოცდას არ გაივლის, გასაშლელი კონსტრუქციების უპირატესობა არ იქნება აღიარებული.  არგუმენტისთვის, ავიღოთ თუნდაც BEAM – ვთქვათ, მან იმუშავა და ყველა მოლოდინი გაამართლა, როგორც ბიგელოუ მოელის. შემდეგ რა მოხდება? სავსებით შესაძლებელია, რომ მისმა კორპორაციამ კოსმოსურ სადგურზე კიდევ რამდენიმე მოდული დაამატოს.

 სინამდვილეში, ბიგელოუს კორპორაცია უკვე მუშაობს დამოუკიდებელი ხომალდის პროექტზე, მაგრამ ეს ყველაფერი როდია – კორპორაციას გაცილებით ამბიციური გეგმები აქვს – მისი გასაშლელი კონსტრუქციები მთვარეზე გაიგზავნება. ის ამ საიდუმლოს, ფარდულში შეკრებილ საზოგადოებასაც გაანდობს: “BEAM ჩემი კონცეფციის დამამტკიცებელი საბუთი კი არა.. მთვარის ზედაპირის დასახლებისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩატარებული ცდები და მთვარის მისია, ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და ეს ყველაფერი საერთაშორისო ინტერესებს ემსახურება, იქნება ეს სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორი”.

 90–იან წლებში NASA–ს, გასაშლელ კონსტრუქციებთან დაკავშირებით, მსგავსი გეგმები ჰქონდა, პროგრამა TransHab, რომლის ფარგლებშიც, საერთაშორისო კოსმ. სადგურის მოდელის საფუძველზე, გასაშლელი ხომალდი უნდა აეგოთ და მარსზე გაგეგზავნათ. NASA–მ კონსტრუქციის დიზაინიც კი მოამზადა – მეტეორიტებისა და გამოსხივებისაგან დამცავი ფარის ჩათვლით, მაგრამ 2000 წელს კონგრესმა ბიუჯეტი შეკვეცა და პროგრამა დაიხურა. ბიგელოუმ მაშინ გადაწყვიტა შური ეძია ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე და გასაშლელი საცხოვრებელი მოდულების საკუთარი პროგრამა წამოიწყო. ” ჩვენ არა მარტო გავაუმჯობესეთ, არამედ შევქმენით ახალი კოსნტრუქცია და როგორც ყოველთვის – იაფი და თავისი მიზნების შესაფერისი” – აცხადებს მილიარდერი.

 და მაინც, რა მიზნები იმალება ბიგელოუს ქმედებების მიღმა? ღია კოსმოსისაგან განსხვავებით, მთვარე სავსეა სასარგებლო რესურსებით, მათ შორის არის ბირთვული წვისათვის საჭირო ჰელიუმი–3. ჩინელები უკვე გეგმავენ მის მოპოვებას. მთვარეზე არის წყლის ყინული, რომელიც სასმელად და საწვავად შეიძლება გამოიყენოთ. მარსისკენ მიმავალი კოსმოსური მისიებისთვის, საწვავის შესავსებად მთვარე იდეალური ადგილია.

 ბიგელოუ, მთვარის ბაზების აგების მხრივ კონკურენტებს ვერ ხედავს: NASA–ს, როგორც ჩანს, საერთოდ არ აინტერესებს  მუდმივი ბაზის არსებობა მთვარეზე. ჯეისონ ქრუსანი, რომელიც NASA–ს კვლევითი სისტემების განყოფილების გამგეა და კოსმოსზე ორიენტირებული, თითქმის ყველა ბიზნეს სექტორის (მათ შორის Bigelow Aerospace) დაფინანსებას კურირებს, ამბობს, რომ ოდესმე, მთვარესა და დედამიწას შორის რეგულარული ფრენები განხორციელდება. „დიახ, მაგრამ ჩვენ, მარსზე გაფრენას ვგეგმავთ. მთვარის საკითხებს მოგვიანებით შეიძლება მივუბრუნდეთ”– ამბობს ქრუსანი.

big mikrofontan
მილიარდერი რობერტ ბიგელოუ(NG Images/Alamy Stock).

 “მთვარისგან იმას მივიღებთ, რაც მას გააჩნია და მთვარეზე მოგზაურობა მოსალოდნელზე 90%–ით უფრო იაფი დაგვიჯდება”  – ამბობს ჯორჯ ზამკა, ყოფილი ასტრონავტი, ახლა კი კორპორაცია Bigelow Aerospace–ს დირექტორი.

 სცენის მიღმა მასიური სტრუქტურა მოჩანს – კოსმოსურ სადგურის – Olympus, პროტოტიპი, წარსულში BA2100, რომელიც სიგანეში 12, ხოლო სიგრძეში – 20 მეტრია. ფარდულში ძლივს ეტევა და სამ განყოფილებასა და 12 ოთახს აერთიანებს; თითოეულის ბოლოში, შეპირაპირების სისტემებია, რაც კონსტრუქციაზე დამატებითი განყოფილებების დამაგრებას უზრუნველყოფს. Olympus–ზე ორჯერ უფრო მეტი სივრცეა, ვიდრე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, და როდესაც კოსმოსში გაიშლება, ასტრონავტებს 2250 კუბური მეტრი სივრცით უზრუნველყოფს. მისი გამოყენება შეიძლება მთვარეზე, მარსზე გასამგზავრებლად და იქ დასახლებისთვის.

 თუ ბიგელოუს კორპორაციაში დღეს რაიმე თვალით უხილავი არსებობს, ეს არის B330 – საცხოვრებლად გამზადებული, ყველა საჭირო დეტალით აღჭურვილი, გასაშლელი საცხოვრებელი მოდული. როგორც ზამკა ამბობს, ხომალდი ექვსი ადამიანის კომფორტულ ცხოვრებას უზრუნველყოფს: კონსტრუქციის კედლები დაახლოებით 50 სმ. სისქისაა და რადიაციულ–სითბური იზოლაციისა და მიკრომეტეორიტებისგან დამცავ ფენებს მოიცავს. ხომალდი იყენებს მზისა და თერმული რადიაციის ტალღებს, გააჩნია ნახევრად იზოლირებული საძინებლები, ნულოვანი გრავიტაციის საპირფარეშო, ოთხი ფანჯარა, საკონტროლო ძრავების ორი კომპლექტი და შეუძლია მიიერთოს სხვადასხვა კონსტრუქციისა და დანიშნულების მოდულები და ხომალდები. მოდულის კოსმოსში გაშვების თარიღად 2018 წელია განსაზღვრული. როგორც ჩანს, ამ კონსტრუქციას, მისი მასიდან გამომდინარე, კოსმოსში SpaceX–ის Falcon Heavy გაიყვანს.

bigel mtv baza
 მთვარის ბაზა – როგორც კი Olympus – ის მსგავსი გასაშლელი სტრუქტურები მთვარეზე დამკვიდრდება, მთვარის მუდმივი დასახლების შექმნას წინ ვეღარაფერი დაუდგება. ილუსტრაცია : ერთმანეთთან შეერთებული რამდენიმე სისტემა B330. მისი ტექნოლოგია, NASA–ს მიერ 90–იან წლებში შემუშავებული მთვარის სადგურის კონცეფციის ანალოგია.

ავტორი: მარიკა ტარასაშვილი.

 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.