მთვარის კოლონიზაცია – როგორ ვიცხოვრებთ მთვარის ვულკანურ ქვაბულებში

ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით

რა იმალება მთვარის ვულკანურ ქვაბულებში? ერთ დღესაც მთვარის კოლონისტები ამ გზით ყინულის მარაგის შევსებას შეძლებენ (პასკალ ლი/მარსის ინსტიტუტი/SETI).

 NASA-ს ოფიციალური წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მთვარეზე ადამიანების დაბრუნება, ამჯერად დიდი ხნით (this time to stay), მთვარის ადგილობრივი რესურსების ათვისებას მოითხოვს. აქედან, ყველაზე მნიშვნელოვანი წყლის ყინულია (water ice), რაც დაჩრდილული პოლარული კრატერების ფსკერზე საკმაო რაოდენობით მოიპოვება ე.წ. ”ცივ ხაფანგებში”.

 თუმცა დედამიწის ”ციური კომპანიონის” რესურსების მრავალფეროვნება  ამით არ ამოიწურება – დასახლებული სადგურების უზრუნველაყოფად გაცილებით მეტია საჭირო. (Home on the Moon: How to Build a Lunar Colony).

უკან – მღვიმეებში

 მკვლევარებმა მთვარეზე უამრავი მღვიმე აღმოაჩინეს, რომლებშიც ოდესღაც ვულკანური ლავა მოედინებოდა. ახლა ისინი ბუნებრივ გამოქვაბულებს ქმნიან მთვარის გრუნტის ქვეშ. NASA-ს მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ჯიმ გრინი მიიჩნევს, რომ ლავური დერეფნები (lava tubes) მთვარის საცხოვრებელ კომპლექსებს ერთმანეთთან დააკავშირებს და ასტრონავტებს ზედაპირზე არსებული ექსტრემალური რადიაციისა და ტემპერატურებისგან საიმედოდ დაიცავს. საკუთარი ღერძის გარშემო მთვარის ერთი შემობრუნება დაახლოებით 29 დედამიწისეული დღე-ღამე გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულ ლოკაციაზე ორი კვირის განმავლობაში დღეა და მომდევნო ორი კვირის განმავლობაში – ღამე.

 -”კვლევითი ექსპედიცია დაადგენს, არის თუ არა წყალი ამ დერეფნებშიც.”- ამბობს გრინი. – ”ამ ბოლო დროს წყალს მთვარეზე ყველგან ვპოულობთ”.

 მარსის ინსტიტუტის დირექტორის და NASA-ს მიზნობრივი კვლევების ჰაპტონის მარსის პროექტის ხელმძღვანელი, პასკალ ლი აღნიშნავს, რომ მთვარეზე ყველა მღვიმე არც ვულკანური წარმოშობისაა და არც ლავური დერეფნები აქვს. ზოგიერთი ცარიელი სივრცე, შეიძლება, უბრალოდ, გაუვალი ქვაბული იყოს. ამიტომ ამ აღმოჩენებს დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ.

 -”გარდა ამისა, შესაძლოა საქმე გვქონდეს ერთმანეთისგან სრულიად იზოლირებულ, ან დახშულ დერეფნებთან, და ამ შემთხვევაში აშენებული კონსტრუქციის მიზნობრიობაც სრულიად განსხვავებული იქნება.” – ამბობს პასკალ ლი.

 NASA-ს მთვარის მზვერავი ორბიტერის მიერ მოწოდებული გამოსახულება: ყოფილი ვულკანის – ფილოლაუსის კრატერი მთვარის ჩრდილოეთ პოლუსთან ახლოს. მის ქვეშ ლავური დერეფნების ქსელია (NASA/LRO-მთვარის მზვერავი ორბიტერი/SETI/მარსის ინსტიტუტი/პასკალ ლი).

დერეფნების ლაბირინთი?

 ლი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თუ ლავის დერეფნები ბასრი სტრუქტურებითაა სავსე, როგორც ზოგიერთი დედამიწაზე, ეს მნიშვნელოვნად გაართულებს მათ ათვისებას. – “როგორც წესი, ლავური დერეფნები გლუვია, თუმცა გამონაკლისებიც გვხვდება. ძალიან მხიბლავს ლავური დერეფნების ლაბირინთებში პოტენციური სატრანსპორტო კომუნიკაციების აშენების იდეა, თუ ასეთი ლაბირინთები მართლაც მოიძებნება.”

 მთვარის ზედაპირიდან მოწოდებული ათასობით ფოტო გადაიყვანეს 3-განზომილებიან მოდელში; მათი გამოყენებით,პურდუს უნივერსიტეტში, მკვლევარები ლავური დერეფნების საცხოვრებელ პოტენციალს იკვლევენ, მსგავსი კვლევა მარსის შემთხვევაშიც იქნება გამოყენებულია (პურდუს უნივერსიტეტი/ჯონგსონგ ჩუი).

 მიწისქვეშა კომუნიკაციების მთავარი უპირატესობა კოსმოსური რადიაციისგან, მიკრომეტეორიტებისაგან და ტემპერატურული რყევებისგან დაცულობის გარანტიაა. ისიც საინტერესოა, რომ ასეთი კონსტრუქციები ჩამოსულ და მიმავალ კოსმოსურ ხომალდებს საშუალებას აძლევს ბაზებთან ახლოს, პრაქტიკულად მათ თავზე დაეშვან ან სტარტი აიღონ.

 დღეისათვის არსებული მონაცემებით, მთვარის პირველი ბაზის ”მასპინძლობის” საუკეთესო კანდიდატი მთვარის ჩრდილოეთ პოლუსთან აღმოჩენილი კრატერი – ფილოლაუსია. ის იმდენად მაღალ განედზე განთავსდება, რომ, სავარაუდოდ, მასში მზის შუქი ვერასდროს აღწევს და წყლის დიდ მარაგსაც ინახავს. (ფოტოები: The Search for Water on the Moon ).

 პურდუს უნივერსიტეტში პოტენციური დასახლების კონსტრუქციების გამძლეობას და სტაბილურობასაც იკვლევენ: ამისთვის ლავური დერეფნების რეკონტრუირებული 3-განზომილებიანი მოდელები გამოიყენება. პროექტი ცნობილია, როგორც RETH (Resilient ExtraTerrestrial Habitats) ანუ სამოქალაქო არადედამიწისეული საცხოვრებელი). მეცნიერებს აინტერესებთ, როგორი წნევა იქმნება ლავური დერეფნების გარემოში, არის თუ არა ისინი სეისმომედეგი და რა მოხდება მიკრომეტეორიტის მოხვედრის, ან ხომალდების აფრენა-დაშვების შემთხვევაში.

 ერთ-ერთი ლავური დერეფნის ზომები. შედარებისთვის, მასში ქალაქ ფილადელფიის მოდელური სურათია წარმოდგენილი (პურდუს უნივერსიტეტი/დევიდ ბლერი).

 მეცნიერები უფრო მცირე – დაახლოებით 1 კილომეტრის სიგანის ლავური დერეფნების სტაბილურობასაც იკვლევენ, რადგან მათი ათვისება უფრო იოლია, ყოველ შემთხვევაში, საწყის ეტაპზე მაინც.

მღვიმეების მკვლევარები

 NASA-ს ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში (NIAC), რომელიც მღვიმეების მკვლევარი აპარატურის შექმნას ისახავს მიზნად, უკვე მე-3 საკონტრაქტო ფაზა გამოცხადდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთ კომპანიას ასეთი ხელსაწყოები, პრაქტიკულად, მზად აქვთ. ასეთია, მაგალითად, კარნეგი მელონის უნივერსიტეტის პროექტი “Skylight”, რომლის ხელმძღვანელიც მაიკლ უითთაქერია. მათმა აპარატმა მთვარის მღვიმეების გამოკვლევა და 3-განზომილებიანი მოდელის შექმნა უნდა მოახერხოს. ეს საკმაოდ რთული ამოცანაა, რადგან ასეთმა აპარატმა ავტონომიურად უნდა მოახერხოს მღვიმესთან მისვლა, იქ ჩაძრომა და უსწორმასწორო ზედაპირზე ცოცვა. ამასთან, მზის ბატარეებს დასამუხტავად ვერ გამოიყენებს.

 მთვარის ბაზების დაარსების სირთულე არა მარტო ტექნოლოგიურ, არამედ იურიდიულ ასპექტებსაც მოიცავს (space-law issues), ვინაიდან საუბარია მთვარის რესურსების დიდი რაოდენობით გამოყენებასა და დიდი ტერიტორიების მომცველ დასახლებებზე.

 -“უნდა გამოირიცხოს ტერიტორიების პოტენციური ოკუპაცია და სოვერენიზმი”. – აცხადებს იოან გაბრინოვიჩი, მისისიპის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი და ჟურნალ ”კოსმოსური კანონების”  მთავარი რედაქტორი. -“დასახლებები, დერეფნების თხრა და გზების გაყვანა საერთაშორისო კონსორციუმთან უნდა იყოს შეთანხმებული, რადგანაც მათი კერძო საკუთრებაში არსებობა გარე კოსმოსის ათვისების შეთანხმების ფარგლებში აკრძალულია”.

 მთვარემავალი, რომელიც მთვარის მიწისქვეშა ლავური დერეფნების გამოსაკვლევად ემზადება (ილუსტრაცია: უილიამ უაითექერი, კარნეგი მელონის უნივერსიტეტი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.