მარსის ჩრდილოეთ პოლუსის ქვეშ წყლის ყინულის ახალი ფენები აღმოაჩინეს

 მარსის პოლუსებზე წყლის აღმოჩენამ გვიჩვენა, რომ დედამიწასთან წითელ პლანეტას უფრო მეტი საერთო აქვს, ვიდრე აქამდე გვეგონა. თუმცა, ახლახანს გაირკვა, რომ ეს მხოლოდ აისბერგის წვერი ყოფილა – დადასტურდა დიდი ხნის ვარაუდი, რომ მარსის ზედაპირის ქვეშ ყინულის უზარმაზარი ფენები იმალება!

 სტატიაში (recent study) აღნიშნულია, რომ ჩრდილოეთ პოლუსის ქვეშ აღმოჩენილი  წყლის ყინული უზარმაზარი რეზერვუარია, და ის ისტორიულ როლს ითამაშებს მარსის კოლონიზაციასა და ტერაფორმირებაში.

 კვლევა ორმა მეცნიერმა ჩაატარა: ტექსასის შტატის ოსტინის გეოფიზიკის ინსტიტუტის (Institute of Geophysics UTIG) დოქტორანტმა – სტეფანო ნეროციმ და არიზონას უნივერსიტეტის მთვარისა და პლანეტების ლაბორატორიის (Lunar and Planetary Laboratory (LPL) პროფესორმა – ჯეკ ჰოლტმა.

 მარსის ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსების ყინულოვანი საფარი (ISRO/ISSDC /Emily Lakdawalla, NASA).

 ნეროციმ და ჰოლტმა მარსის მზვერავ ორბიტერზე (Mars Reconnaissance Orbiter‘s (MRO) განთავსებული რადარი  (Shallow Radar (SHARAD) გამოიყენეს, რომელიც 2,4 კილომეტრზე ახდენს სკანირებას. როგორc აღმოჩნდა, ჩრდილოეთ პოლუსის ქვიშა დაახლოებით 1,6 კმ. სისქის წყლის ყინულს ფარავს. ეს იმდენად დიდი რაოდენობითაა, რომ გადნობის შემთხვევაში, მარსზე 1,5 მეტრი სიღრმის გლობალურ ოკეანეს წარმოქმნიდა.

 ეს აღმოჩენა მეცნიერებს ახალ მონაცემებს მიაწვდის მარსის კლიმატის ისტორიულ ცვლილებებთან დაკავშირებით. წყლის ქიმიური შედგენილობის გარკვევა კი საშუალებას მოგვცემს გავარკვიოთ, შეიძლებოდა თუ არა მარსზე ოდესმე სიცოცხლე ყოფილიყო, და არის თუ არა ეს წყალი მომავალი კოლონიზატორებისთვის სასარგებლო რესურსი.

 თავად წყლის რეზერვუარის დაგროვების შესახებ მხოლოდ თეორიები არსებობს, მათ შორის – დათბობისა და გამყინვარების პერიოდების ცვალებადობა. დიდი ხნია ცნობილია, რომ მარსის ორბიტული პარამეტრები პლანეტის კლიმატის მკვეთრ ეპოქალურ ცვლილებებს იწვევს, რაც ყოველ 50 ათას წელიწადში ერთხელ მეორდება.

 წყლის ყინულისა და ქვიშის ურთიერთმონაცვლე ფენები მარსზე (კომპოზიტური გამოსახულება, მარსის მზვერავი ორბიტერის (MRO) მაღალი გარჩევადობის კამერა (HiRISE). NASA/JPL/არიზონას უნივერსიტეტი).

 როდესაც მარსის ღერძი ორბიტის მიმართ მართობულია, მზე პლანეტის ეკვატორს ათბობს და პოლუსები ყინულის სქელი ფენით იფარება. გამყინვარების ეპოქას დათბობის ეპოქა ცვლის, როდესაც მზე პლანეტის პოლუსებს ადნობს და მარსი წყალსატევებით იფარება. სწორედ ამ დროს ჩნდება ქვიშის ფენა პოლუსებზე, რომელიც წყლის მასებს ატმოსფეროში დისიპაციის საშუალებას არ აძლევს.

 მეცნიერების აზრით, სრულიად შესაძლებელია, რომ წყალი მარსის ზომიერი სარტყლების ქვეშაც იმალებოდეს, რაც უფრო ღრმა სკანირების უნარის მქონე სხვა აპარატებით გაირკვევა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.