მთვარეზე საკომუნიკაციო ანძა განთავსდება ავტონომიური დაშვებისა და ნავიგაციის მთვარის მოდული -ALINA(PTScientists).

მთვარეზე საკომუნიკაციო ანძა განთავსდება

 მომავალი წლიდან მთვარეზე ჩასული ასტრონავტები და ტურისტები (space.com) ჩვეულებრივი მობილური ტელეფონებით ისარგებლებენ – გერმანელ მეცნიერთა ბიზნეს–ინიციატივა (სთართაფი) მთვარის ზედაპირზე პირველი სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განთავსებას ითვალისწინებს.

 გერმანული კომპანია Part Time Scientists, რომელიც Google Lunar X Prize–ის მთვარეზე წასვლის პროგრამაშიც მონაწილეობდა, 2018 წლის ბოლოს, “Apollo 17”–ის დაჯდომის ადგილზე, კომპლექსური სატელეკომუნიკაციო სისტემის დაყენებას გეგმავს. 1972 წელს გაშვებული კოსმოსური ხომალდი “Apollo 17” NASA–ს მთვარის პროგრამის ბოლო მისია იყო, რომელმაც იქ მთვარემავალზე დამონტაჟებული კომპლექსური სატელეკომუნიკაციო სისტემა ჩაიტანა. კომპანია გეგმავს, დედამიწასთან კომუნიკაციის მიზნით, ეს სისტემა LTE ტექნოლოგიით ჩანაცვლოს, რომელიც ჩვეულებრივი მობილური ტელეფონებისთვის გამოიყენება. LTE (Long-Term Evolution) სტანდარტული მაღალსიჩქარიანი უსადენო საკომუნიკაციო სისტემაა, რომელიც GSM/EDGE და UMTS/HSPA ტექნოლოგიებს ეფუძნება.

 ვიდეო – 1972 წელს “Apollo 17”–ის მთვარემავლის მიერ დედამიწაზე გადმოცემული ერთ–ერთი სატელევიზიო ჩანაწერი.

 “ჩვენ კომპანია Vodafone–სთან ვთანამშრომლობთ, რომელიც მთვარის ბაზებისთვის განკუთვნილ LTE ტექნოლოგიას მოგვაწვდის. ჩვენი მიზანია მთვარის ვიზიტორებს ხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურება შევთავაზოთ.” – აცხადებს კარსტენ ბეკერი, სთართაფის სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელი.

 ახლახანს, ჯგუფმა Part Time Scientists ხელშეკრულება გააფორმა Space X–თან, რომლის თანახმადაც, 2018 წლის ბოლოს, მათ სატელეკომუნიკაციო სისტემას კოსმოსში რაკეტა Falcon 9 მეორადი ტვირთის სახით წაიღებს. ბეკერი დარწმუნებულია, რომ ძვირფასი ტვირთი მთვარეს მიაღწევს: Falcon 9 კოსმოსურ ხომალდ Alina–ს გეოსტაციონარულ ორბიტაზე გაიყვანს, საიდანაც მთვარისკენ გაუშვებს მას.

 “მთვარეზე რბილი დაშვების შემდეგ, ხომალდიდან ორ მთვარემავალს გამოვიყვანთ; ეს –  Audi Lunar Quatro როვერები – “Apollo 17”–ის დაშვების ადგილისაკენ გაემგზავრებიან. ორივე მთვარემავალი ტექნიკურად მობილური ტელეფონებია, რომლებიც ვიდეომასალას Alina–ს, ანუ ჩვენს LTE საბაზისო სადგურს გაუგზავნის, საიდანაც სიგნალი დედამიწაზე გადმოგვეგზავნება”– განმარტავს ბეკერი.

 საინტერესოა, რომ ეს ორი როვერი სამეცნიერო–პოპულარული ფანტასტიკური ჟანრის  “Alien: Covenant” ფილმშია გამოყენებული; კოსმოსურ ხომალდ “Apollo 17”–ს ისინი უშუალო სიახლოვიდან, დეტალურად შეისწავლიან და იმ ცვლილებებს აღრიცხავენ, რაც მისმა აპარატურამ მთვარის ზედაპირზე 45 წლის განმავლობაში ყოფნის შედეგად განიცადა.

 LTE მოდემის საშუალებით მთვარე–დედამიწის კომუნიკაცია გაცილებით უფრო მაღალეფექტური და ეკონომიური იქნება: თითოეული როვერი მზის პანელებიდან 90 ვატ ენერგიას მიიღებს. აქედან ნახევარი სიმძლავრე გადაადგილებას, ხოლო ნახევარი – Alina–ს მოდემთან კომუნიკაციას მიხმარდება. გარდა ამისა, მოქნილი ავტონომიური ანტენების მეშვეობით მთვარის რთული რელიეფის მიერ გამოწვეული საკომუნიკაციო ხარვეზებიც მნიშვნელოვნად იკლებს.

 სამწუხაროდ, ბიუჯეტის სიმცირის გამო Part Time Scientists ჯგუფის წევრებს აპარატურის გათბობის ხარჯების პუნქტის ამოღება მოუწიათ, ამიტომ მათ არ იციან, რამდენ ღამეს გადაიტანენ მთვარეზე Alina და მთვარემავლები. თუმცა, ამ პირველი მცდელობის ძირითადი მიზანი მეცნიერების ჩანაფიქრის პრაქტიკული განხორციელება და პირველადი გამოცდაა: “ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ, რომ ჩვეულებრივი მობილური ტელეფონებისთვის განკუთვნილი LTE ქსელი მთვარის ზედაპირზეც მუშაობს. მომავალ მთვარის დასახლებას ეფექტური და ეკონომიური სატელეკომუნიკაციო სისტემით უზრუნველვყოფთ” – ამბობს ბეკერი.

 ჯგუფი Part Time Scientists მეორე მსგავსი მისიის განხორციელებას 2020 წლისთვის გეგმავს; ამჯერად სატელეკომუნიკაციო აპარატურა, LTE ტერმინალები, მთვარის უმკაცრეს პირობებში ხანგრძლივი მუშაობისთვის იქნება განკუთვნილი. ამისთვის კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპის კოსმოსურ სააგენტოსთან, რომლის მიერ შემოთავაზებული მთვარის დასახლების კონცეფცია მთვარეზე ადამიანების საცხოვრებელი ბაზების დაარსებას და მათ ხანგრძლივ ტექნოლოგიურ უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

 ხომალდ Alina–ს 100 კგ–მდე ტვირთის გადატანა შეუძლია, ამიტომ ის NASA–ს Ames–ის ოფისის მიერ დაგეგმილი ექსპერიმენტისთვის განკუთვნილ ხელსაწყოებსაც წაიღებს. ეს ექსპერიმენტი მთვარეზე ადამიანების ხანგრძლივად ცხოვრებისათვის საჭირო სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემებისათვის მონაცემების შეგროვებას ემსახურება.

Show Comments Hide Comments

One thought on მთვარეზე საკომუნიკაციო ანძა განთავსდება

  1. ნოშრევანი ამბობს:

    ერთი დიდი ლაiქი შენ, ძალიან საინტერესო სტატია . . .

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *