ასტრონომები ზეელვარე ზეახლების გამოცანის ამოხსნას ცდილობენ. ზეახლები ერთ წამში, მთლიან გალაქტიკაზე ელვარედ შეიძლება აკიაფდნენ – ამ დროს ხომ ყველაზე უფრო მასიური ვარსკვლავები იღუპებიან. არსებობს ორი ტიპის ზეახალი – ერთი, მეზობელი ვარსკვლავიდან გადმოქაჩული გაზებით მძიმდება და ფეთქდება Ia, ხოლო მეორე – უშუალოდ მასიური ვარსკვლავის აფეთქებაა, როცა მის სიღრმეში თერმობირთვული საწვავი ამოიწურება და ვარსკვლავის გავარვარებული, მძიმე ელემენტებით გაჯერებული ბირთვი კოლაფსს განიცდის. სწორედ ასეთი ტიპის(II) ზეახლები ახდენენ წარმოუდგენლად დიდი სიმძლავრისა და სილამაზის დემონსტრირებას(სამყაროს ექსტრემალები).
თუმცა, უკანასკნელი წლების განმავლობაში კიდევ უფრო მძლავრი და ელვარე ზეახლები დაფიქსირდა. ისინი, ჯერჯერობით, ცალკეულ ჯგუფში ჩაწერეს – ”ზეელვარე ზეახლები” (Super-Luminous Supernovas, SLSN). ზეელვარე ზეახლები, თავის მხრივ, სამ ჯგუფად შეიძლება დაიყოს, რომელთაგან მხოლოდ ერთ-ერთისთვის, დაახლოებით მაინც, შეიძლება დაიხატოს მოვლენათა განვითარების შესაძლო მექანიზმი.
ეს ყველაზე იშვიათი ზეელვარე ზეახლების ჯგუფია, სახელად SLSN-R, ენერგიას რადიოაქტიური პროცესებით იღებს. ითვლება, რომ მათ მასიური ვარსკვლავის რადიოაქტიური ნიკელით დამძიმებული ბირთვი აჩენს, რომლის მარაგი მზის მასას აღემატება. დაშლისას, ნიკელი მაღალი ენერგიის გამა-სხივებს უშვებს და ანტინივთიერების ნაწილაკებს აჩენს(ანიჰილაციის შებრუნებული პროცესი astronet.ge), რაც, ბოლოს და ბოლოს, აფეთქებისა და ელვარე ანთების მიზეზი ხდება.
მეორეს მხრივ, გაურკვეველი რჩება, საიდან და რატომ იღებენ მაინც და მაინც ეს ვარსკვლავები რადიოაქტიური ნიკელის ასეთ დიდ მარაგებს. შესაძლებელია, რომ ის განსაკუთერბულად მასიური ვარსკვლავის ბირთვის კოლაფსირებისას წარმოიქმნება. ან, თერმობირთვული რეაქციის პროდუქტია, რომელიც ძალიან დიდ ვარსკვლავებში ჟანგბადის მონაწილეობით მიმდინარეობს.
უფრო ხშირად სხვა ტიპის ზეელვარე ზეახლების დაფიქსირება ხდება – SLSN-II. როგორც ცნობილია, ისინი განსაკუთრებით სქელი წყალბადის შიდა ფენების მქონე ვარსკვლავებისგან ჩნდებიან. ფენები იმდენად სქელია, რომ აფეთქებამდე მათი დანახვა, სინათლის ამ ფენებში შთანთქმის გამო, ვერ ხერხდება. გამშვები მექანიზმი, რომელიც აფეთქებას გამოიწვევს, ამ შემთხვევაში – მახლობლად შავი ხვრელის ან მაგნეტარის ფორმირება შიძლება იყოს, ანუ ისეთი ძლიერი ობიექტის ფორმირება, რომელიც ვარსკვლავის წყალბადით მდიდარი ”ზეწარის” ცხოვრებაში მკვეთრად ჩაერევა. ებრაელი ასტრონომის ავიშაი გალ-იამის თქმით:” ტექნიკურად ეს II ტიპის ზეახალია, თუმცა არა წითელი ზეგიგანტისგან გაჩნილი, როგორც ყველა ამდაგვარი ზეახალი, არამედ სხვა ტიპის ვარსკვლავისგან”.
ყველაზე უფრო ელვარე, წყალბადით ღარიბი ზეელვარე ზეახლებია – SLSN-I. მათი წარმომავლობა და მექნიზმი გამოცანდ რჩება. არესბობს ჰიპოთეზა, რომ მათ წარმოუდგენლად დიდ ზომებამდე გაფართოებული ვარსკვლავები აჩენს, ათეულობითჯერ დიდი, ვიდრე მზეა. წყალბადის გარსისაგან თავისუფალი ასეთი ვარსკვლავები განსაკუთრებულად კაშკაშად გამოიყურება. მეცნიერთა აზრით, SLSN-I ტიპის ზეახლების წყარო ვოლფ-რაიეს(1) ვარსკვლავებია, რომლებიც განსაკუთრებულად მაღალი ტემპერატურითა და ნათობით გამოირჩევიან. ბირთვის კოლაფსთან ერთად, მასში მაგნეტარი შეიძლება ჩამოყალიბდეს, სწრაფად მბრუნავი, წარმოუდგენლად ძლიერი მაგნიტური ველის მქონე ნეიტრონული ვარსკვლავი. ეს ჩანასახი მომაკვდავ ვარსკვლავს ენერგიით მუხტავს, რითაც წარმოუდგენელი ელვარების ზეახლის ანთების მიზეზი ხდება.
მოვლენათა ასეთი სქემა, ჯერჯერობით, მხოლოდ ვარაუდის დონეზე რჩება. თვითონ ავტორთა აზრით, გაურკვევლობა თავიდანვე იჩენს თავს – მაგალითად, გაურკვეველი რჩება, ვოლფ-რაიეს მომაკვდავი ვარსკვლავის ბირთვში გაჩენილი მაგნეტარი საკმარისი სიხშირით იტრიალებს, რომ პროცესი საჭირო რაოდენობის ენერგიით მოამარაგოს?