პლანეტები ეგვიპტის პირამიდების თავზე? – რატომაც არა, დაახლოებით…

 2012 წლის 3 დეკემბერს, ერთ-ერთ ასტრონომიულ მოვლენასთან დაკავშირებით, ეფექტური სურათი გავრცელდა. მას შემდეგ ის ინტერნეტის გვერდებიდან აღარ ”ჩამოდის” – სურათზე სამი პლანეტა: მერკური, სატურნი და ვენერა გიზას პირამიდების წვეროებთან მოჩანს. სურათს თან ახლავს ეფექტური წარწერა: ”ასეთი მოვლენა 2737 წელიწადში ერთხელ ხდება”.

ინტერნეტში გამუდმებით ცირკულირებადი ფოტო-ილუსტრაცია – სამი პლანეტა: მერკური, სატურნი და ვენერა (არის სხვა ვარიანტებიც) გიზას პირამიდების წვეროებთან მოჩანს.

 2012 წლის 3 დეკემბერს, დილის 6 საათსა და 30 წუთზე, ასტრომოყვარულმა ბობ ქინგმა, აშშ მინესოტას შტატის ქალაქ დულუთიდან, შთამბეჭდავი სურათი გადაიღო – სატურნი და ვენერა ერთ ხაზე, ერთმანეთისგან სულ რაღაც ½ გრადუსის მოშორებით განლაგდა. ერთსა და იმავე სურათზე ვენერა საკმაოდ კაშკაშა, თეთრი ბურთულასავით მოჩანს, სამაგიეროდ, იმავე ექსპოზიციით, სატურნი (მარცხნივ) – პაწია მოყვითალო წერტილია.

 ასე მოჩანდა ერთ ხაზზე განლაგებული ვენერა და სატურნი 2012 წლის 3 დეკემბრის ადრიან დილით, 6 საათსა და 30 წუთზე, ქალაქ დულუთიდან (აშშ, მინესოტას შტატი). ფოტოგრაფი – ბობ ქინგი.

 მაშ ასე – რამდენად აკურატულია ინტერნეტში მოტრიალე სურათი? ავტორი უცნობია, გამავრცელებლები კი ირწმუნებიან, რომ სწორედ ასეთი სურათი მოჩანდა ქაიროს (ეგვიპტე) თავზე, 2012 წლის 3 დეკემბერს. თუმცა…

 მოდი დავაკვირდეთ თვითონ პლანეტების განლაგებას: სწორ ხაზზე მერკურის, ვენერას და სატურნის განლაგება სრულიად შესაძლებელია, თუმცა ამ წარმოსახვით ხაზზე ვენერას ”ცენტრი” არასოდეს გაივლის – ის ყოველთვის ცოტა ”მაღლა” იქნება.

 პრობლემატურია ხედიც – რუკაზე ვხედავთ, რომ მოცემული სახით პირამიდები მხოლოდ ჩრდილოეთის ცის მხარეს განლაგდება: ამ დროს ყველაზე პატარა პირამიდა, მენქაური, მარცხენა მხარესაა, ხოლო ყველზე მაღალი ხუფუ – მარჯვნივ. ვაი რომ, ამ შემთხვევაში ყველა პლანეტა ფოტოგრაფის უკან – სამხრეთის ცაზე მოექცეოდა!

ახლა კი, სურათის თაყვანისმცემელთა ხათრით, წარმოვიდგინოთ, რომ ფოტოგრაფმა ”შეცდომა გამოასწორა” და პირამიდებს მეორე მხრიდან შემოუარა. რა სურათს გადაიღებდა ის ასეთ შემთხვევაში? ამის გასარკვევად მივმართოთ ჩვენს სახელგანთქმულ პროგრამას – “Stellarium”-ს და 2012 წლის 3 დეკემბერზე დავაყენოთ.

 “Stellarium” -ით გენერირებული ზუსტი ილუსტრაცია (”ხანგრძლივი ექსპოზიციით”), რომელიც 2012 წლის 3 დეკემბრის პლანეტების მცირე აღლუმს სულ სხვა სახით წარმოგვიჩენს – მარცხნიდან მარჯვნივ: მერკური, ვენერა და სატურნი გიზას პირამიდების – ხუფუს, ხაფრეს და მენქაურის თავზე. აღსანიშნავია, რომ ეს პირამიდები არა პლანეტების, არამედ ორიონის წელის 3 ვარსკვლავის (ალნიტაკი, ალნილამი, მინტაკა) მიხედვით ააგეს, მათი სიკაშკაშის გათვალისწინებისმ ჩათვლით).

 რაც შეეხება 2737 წელს, სამი კაშკაშა პლანეტა ერთ ხაზზე გაცილებით უფრო ხშირად მოჩანს, რაშიც ნებისმიერი ადამიანი დარწმუნდება, თუ ცამრგვალს 10 წლის განმავლობაში მაინც დააკვირდება. პირამიდების თავზე განლაგებული სამი პლანეტის ეს ხელოვნური ილუსტრაცია მართლაც ძალიან შთამბეჭდავია, მაგრამ მისი თაყვანისმცემლების გულდასაწყვეტად უნდა ვაღიაროთ, რომ ის ნამდვილი არ არის. სამაგიეროდ, სრულიად რეალურია მერკურის, ვენერას და იუპიტერის მიერ 2011 წლის აგვისტოში შემოთავაზებული სანახაობა – და სხვა ბევრი მსგავსიც.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.