კომეტა 12P/პონსი-ბრუკსი გვიახლოვდება

 12P/პონსი-ბრუკსი პერიოდული (P) კომეტაა, ორბიტული პერიოდით 71 წელი. მიეკუთვნება ჰალეს კომეტების ოჯახს, ორბიტული პერიოდებით 20-დან 200 წლამდე. ასევე არის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა პერიოდული კომეტა, რომელიც შეუიარაღებელი თვალით შესამჩნევ სიდიდეს ~5m-ს (ვარსკვლავური სიდიდე), პერიჰელიონთან მიახლოებისას მიაღწევს. აღმოაჩინა ჟან-ლუი პონსმა, მარსელის ობსერვატორიიდან, 1812 წლის ივლისში. მოგვიანებით კი უილიამ რობერტ ბრუკსმაც – 1883 წელს.

 შემდეგ პერიჰელიონს 2024 წლის 21 აპრილს გაივლის (მზის მიმართ 47 კმ/წმ. სიჩქარით), დედამიწასთან უახლოეს წერტილს (232 მლნ.კმ.) – 2024 წლის 2 ივნისს. მოსალოდნელია, რომ კომეტის ელვარება დაახლოებით 4,5m-მდე გაიზარდოს. კომეტის ბირთვის დიამეტრი დაახლოებით 30-34 კილომეტრია.

12P/პონსი-ბრუკსის ფრაგმენტები, დეკემბრის სუსტი მეტეორული წვიმის, κ-დრაკონიდების წყაროც შეიძლება იყოს, რომელიც 29 ნოემბრიდან, 13 დეკემბრამდეა აქტიური.

 1883-1884 წლებში ჩატარებული დაკვირვებების შედეგებზე დაყრდნობით, ამერიკელმა ასტრონომმა, დანიელ კირკვუდმა, ამ კომეტის ორბიტული ელემენტების მსგავსება აღმოაჩინა სხვა მოკლეპერიოდიან კომეტასთან 122P/დე ვიკო. მისი ვარაუდით, ეს უკანასკნელი არის კომეტა პონს-ბრუკსის ფრაგმენტი, რომელიც მას რამდენიმე საუკუნის წინ გამოეყო.

 1883 წლის 12-13 აგვისტოს, მექსიკელმა ასტრონომმა, ხოსე ბონილამ, საკატეკასის ობსერვატორიიდან დაკვირვება ჩაატარა, რომელსაც შემდეგ “მზის დისკოს სწრაფად მკვეთ 447 ობიექტზე დაკვირვება” უწოდეს. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ასტრონომიული დაკვირვებები უკვე აღარვის უკვირდა, სხვა ასტრონომებმა ამ დაკვირვებების დადასტურება ან ამ ფენომენის მეცნიერული ახსნა ვერ შეძლეს. ვარაუდობდნენ, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო ფრინველები, მწერები ან მტვრის ნაწილაკები ტელესკოპის ლინზასთან ახლოს. თუმცა, 2011 წელს, ბონილის თანამემამულეებმა გვადალუპე კორდეროს ჯგუფიდან, ბონილის სურათების ახალი ანალიზი ჩაატარეს და ეს ობიექტები კომეტა პონს-ბრუკსის ბირთვის რღვევას დაუკავშირეს. სხვა ასტრონომების მიერ ამ ფრაგმენტების ვერ შემჩნევა შეიძლება აიხსნას ე.წ. პარალაქსით – თუ კომეტის ფრაგმენტები საკმარისად ახლოს იყო დედამიწასთან, მათი ხილვა მხოლოდ დედამიწის ზედაპირის ძალიან ვიწრო ზოლიდან იქნებოდა შესაძლებელი. ამავე მეცნიერთა თქმით, დედამიწასა და ობიექტებს შორის მანძილი 538 – 8062 კმ. იქნებოდა, ანუ მათი ზომები 46 – 1022 მეტრის ფარგლებში მერყეობდა. ამავდროულად, ბონილა ამ დაკვირვებებს ორი დღის განმავლობაში მხოლოდ 3,5 საათის განმავლობაში აწარმოებდა და საათში საშუალოდ 131 ობიექტს აღრიცხავდა. გამოდის, რომ მას კიდევ დაახლოებით 3275 ობიექტი „გამორჩა”. ადვილი წარმოსადგენია, როგორი კატასტროფის ზღვართან იყო ჩვენი პლანეტა – ტუნგუსკის მეტეორიტის მსგავსი ყინულის ათასობით ფრაგმენტის ვარდნა, სიცოცხლის კიდევ ერთ მასობრივ გადაშენებას გამოიწვევდა (ჩელიაბინსკის მეტეორიტი მთვარის ნათესავია?).

 მიუხედავად იმისა, რომ კომეტა ჯერ ისევ მკრთალია, ასტრონომებისა და მოყვარულების ყურადღება მან უკვე მიიქცია. 2023 წლის 20 ივლისს, ელექ ტამასმა, ასტრონომმა უნგრეთის ჰარსონას ობსერვატორიიდან, შენიშნა, რომ კომეტა 12P/პონსი-ბრუკსი  მნიშვნელოვნად აელვარდა – 16,6m-დან 11,6m-მდე, ანუ 100-ჯერ! კომეტამ ე.წ. აფეთქება გადაიტანა, მტვრისა და გაზის უეცარი ამოფრქვევა, რამაც მისი ნათობის მკვეთრი ზრდა გამოიწვია.

 2020 წლის 10 ივნისს, პონსი-ბრუკსი ელვარებით 23m, სატურნის ორბიტის იქეთ (მზიდან 1,78 მლრდ.კმ.), ლოუელის ტელესკოპით დაინახეს. იმავე წლის 20 ივლისს, კომეტაზე კიდევ ერთი მძლავრი აფეთქება მოხდა. 10 მილიარდ კილოგრამამდე ამოფრქვეულმა გაზ-მტვრის ღრუბელმა, კომეტის კომას ნალის ფორმა მისცა. 5 აგვისტოსთვის, კომის ზომამ 600 000 კილომეტრს მიაღწია, გაფართოების სიჩქარით 220 მ/წმ (ჰოლმსის კომეტის გიგანტური კომა). მზის მხრიდან რადიაცული წნევის ზემოქმედებით ის ასიმეტრიული გახდა. ამოფრქვევები დაიმზირებოდა 5 ოქტომბერს, 1 და 14 ნოემბერს. დროებით, ეს კომეტა “ვარსკვლავური ომების” ხომალდ “ათასწლიან შავარდენს” დაემსგავსა (კუდიანი ასტეროიდები და გზანი კომეტისანი).

 კომეტა ახლა გედის თანავარსკვლავედის ალფასთან ახლოს დაიმზირება, ელვარებით 8,5m, ამიტომ მისი დანახვა 15 სმ. აპერტურის ტელსკოპითაც არის შესაძლებელი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.