კომეტებზე მონადირენი

ნადირობა კომეტებზე: ეფექტური მისიებისგაბედული გეგმები”.

უკვე 35 წელია, რაც ნასა და ზოგიერთი სხვა კოსმოსური სააგენტოები კომეტებზე ნადირობით არიან დაკავებულნი. ეს არ არის უბრალო შეჯიბრი კოსმოსური რეკორდებისთვის, არამედ სერიოზული კვლევითი პროგრამაა. კომეტები და ასტეროიდები — მზის სისტემის შორეული წარსულის ცოცხალი მოწმეები არიან, წარსულისა, როცა მზე და მისი პლანეტური სისტემა ჩამოყალიბდა. ამიტომ, კომეტების შესწავლას შეუძლია ნათელი მოჰფინოს ჩვენი სისტემის ბევრ საიდუმლოს.

მაგალითად, ერთ-ერთი თეორია ამტკიცებს, რომ წყალი, დედამიწაზე ჩამოვარდნილმა კომეტებმა შემოიტანა, წყლის გარეშე კი სიცოცხლე ვერ გაჩნდებოდა. სხვა თეორიის მიხედვით, დედამიწაზე კომეტებმავე შემოიტანა “სიცოცხლის მარცვლები”. ეს თუ ასეა, რატომ არ განმეორდა იგივე, მაგალითად, მარსზე? როგორაა საქმე სხვა პლანეტურ სისტემებში, სხვა ვარსკვლავებთან? და ასე შემდეგ (ასტეროიდების მოტანილი წყალი…).

International Cometary Explorer (NASA).

 1987 წლის აგვისტოში, ნასამ და ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA), გაუშვა პირველი კოსმოსური კვლევითი ხომალდი, რომელიც უნდა დაწეოდა კომეტას. ეს იყო “მზისა და დედამიწის საერთაშორისო მკვლევარი”, რომელიც 1982 წელს, მთავარი ამოცანის შესრულების შემდეგ,  სხვა ამოცანაზე იქნა გადამისამართებული, ამიტომაც მიიღო ახალი სახელი – International Cometary Explorer. მისია საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. იმავე წლის 1 სექტემბერს, ბრძანებით დედამიწიდან, ხომალდი მზის ახლო ორბიტიდან გადაყვანილ იქნა მთვარის ორბიტაზე, რომელზეც ის 15 თვის განმავლობაში მოძრაობდა. ამ დროის განმავლობაში ხომალდი რეკორდულ მანძილზე მიუახლოვდა მთვარეს – 119,4 კმ. 1983 წლის დეკემბერში, ისევ მზის ორბიტაზე გადაიყვანეს, ამ ორბიტაზე მოძრაობასთან ერთად, აპარატს უნდა გაეფრინა კომეტა ჯაკობინი-ცინერთან ახლოს , რომელიც ზუსტად ამ დროს უახლოვდებოდა მზეს. 1985 წლის 11 სექტემბერს, ხომალდმა კომეტის კუდში გაიარა და მტვრის ნაწილაკებისა და ელ.მაგნიტური ველის მახასიათებლები გაზომა. შემდეგი წლის მარტში, უკვე სხვა ციური სხეულის, ჰალეის კომეტის კუდში გაიარა, თუმცა, ბირთვიდან ძალიან შორს. ყველაფერი ამით რა თქმა უნდა არ დამთავრებულა. 5 წლის მერე, 1991 წელს, ნასამ აპარატის მოწყობილობა მესამე დავალებაზე გადაამისამართა – მზის გვირგვინის შესწავლაზე. 1997 წელს, ხომალდის მოწყობილობა “ძილის” რეჟიმში იქნა გადაყვანილი. 10 წლის მერე, ნასამ ახალი გეგმა შეიმუშავა: გამოეყენებინა ეს მრავალნაცადი ზონდი კიდევ ორი კომეტის გამოსაკვლევად, რომლებიც დედამიწას 2017 და 2018 წელს მოუახლოვდებოდა, და ხომალდი “გაღვიძებულ” იქნა. 2008 წლის სექტემბერში, ნასამ წარმატებულად გაააქტიურა აპარატის 12 მოწყობილობა 13-დან და აღმოაჩინა, რომ მასზე კიდევ არის საწვავის საკმაო რაოდენობა ისეთი სიჩქარის მისანიჭებლად, რომელიც საჭირო იყო ახალი მისიის შესასრულებლად. ასე რომ, ლეგენდარული ვეტერანი ისევ კომეტებთან შეხვედრისთვის მოემზადა. შემთხვევით არ შეარქვეს მას ნასაში “უღიარებელი გმირი”.

 დავუბრუნდეთ 1986 წელს, როცა “კომეტების მკვლევარმა” ჰალეის კომეტის კუდში გაიარა. ამ კვლევაში იგი მარტო არ იყო. მასთან ერთად იმავე კომეტას უახლოვდებოდა კიდევ ხუთი კოსმოსური ხომალდი: ევროპული “ჯოტო”, საბჭოთა-ფრანგული “ვეგა-1” და “ვეგა-2”, რომლებიც ვენერაზე ზონდების ჩაშვების მერე კომეტის კვლევაზე გადაერთნენ. იაპონური “სუისეი” და “საკიგაკე”; გარდა ამისა, დაკვირვებები მიმდინარეობდა ხომალდ “პიონერიდანაც”, რომელიც ვენერას ორბიტაზე მოძრაობდა. გადაწყდა, რომ იაპონური აპარატები და “კომეტების მკვლევარი” შორიდან მოახდენდა დაკვირვებას, “ვეგები” კი გამოავლენდა კომეტის ბირთვს და ზუსტად მისკენ მიმართავდა “ჯოტოს”, მაქსიმალური მიახლოებისთვის.

ჰალეს კომეტის (1P/Halley) ბირთვი. 1986 წლის 14 მარტი. “ჯოტო” (Giotto/Esa).

 რას შეიძლება ჰგავდეს კომეტის ბირთვი? ისინი მზის სისტემის პირველადი ნივთიერებისაგან წარმოიქმნება და ჭუჭყიან აისბერგს ჰგვანან. დედამიწიდან ტელესკოპებით დაკვირვებით, მხოლოდ მტვრისა და გაზის ნაკადებისაგან შემდგარი ორმაგი კუდისა და კომის გარჩევა შეიძლება. 1986 წელს, ევროპული კოსმოსური თანამგზავრი “ჯოტო” იყო ერთ-ერთი იმ აპარატებიდან, რომლებიც ჰალეის კომეტას მზესთან ახლოს მოძრაობის დროს მიუახლოვდა. ჯოტოდან დაკვირვებით მოხერხდა ბირთვის გამოსახულების მიღება, რომელიც კარტოფილს ჰგავს და 15 კილომეტრამდეა ზომაში. კარგად ჩანდა ზედაპირის უსწორმასწორობები და ამოტყორცნილი გაზები. ჰალეის კომეტა 76 წელიწადში ერთხელ ბრუნდება მზის სისტემის შიდა ნაწილში, უახლოვდება მზეს და აორთქლების შედეგად 6 მეტრამდე იკლებს სისქეში. ეს ფენა ორბიტის გასწვრივ იფანტება და ცნობილ მეტეორულ “წვიმებს” – ოქტომბერის ორიონიდებსა და მაისის ეტა აკვარიდებს წარმოქმნის.

ჯოტო” (Giotto/Esa).

 სახელი “ჯოტო”, ცნობილი იტალიელი მხატვარის პატივსაცემად დაერქვა, რომელმაც პირველად, ჰალეიზე გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ 1301 წელს შეამჩნია და დახატა ეს კომეტა, ბეთლემის ვარსკვლავის სახით. “ჯოტო” კომეტის ბირთვს 600 კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდა, არა მარტო მიუახლოვდა, გადარჩა კიდეც. მცირე და მსხვილი ნაწილაკები, კომეტის ბირთვის გარშემო, განუწყვეტლად ეხლებოდა ხომალდს. ერთმა შეჯახებამ კი იგი ისე დაატრიალა, რომ ანტენამ დედამიწისკენ ორიენტაცია დაკარგა, მისი ყველა მოწყობილობა კი დაუცველი აღმოჩნდა. 32 წუთის, შემდეგ აპარატმა ავტომატურ რეჟიმში შეძლო საწყისი მდგომარეობის მიღება და მონაცემების შეგროვება. შემდგომმა დარტყმებმა მწყობრიდან გამოიყვანა მისი ფოტოკამერა, თუმცა აქაც გაუმართლა: დარტყმა მას შემდეგ მოხდა, რაც კამერამ ისტორიაში პირველად, კომეტის ბირთვის ფერადი სურათები გადაიღო.

 ჰალეის კომეტაზე ნადირობა შედეგიანი აღმოჩნდა. გაირკვა ზომები – 15/7/10-ზე კილომეტრი, ასაკი – დაახლოებით 4,5 მილიარდი წელი, ქიმიური შემადგენლობა – გაყინული წყალი ,ნახშირბადი, ჟანგბადი, ამიაკი, მეთანი, რკინა, ნატრიუმი. ნივთიერებათა თანაფარდობა ისეთივეა, როგორც მზეზე, ფორებიანი ზედაპირი, დაფარული იმავე სიმკვრივის მტვრით, როგორი სიმკვრივეც სიგარეტის კვამლს აქვს, მასით 40 მილიგრამამდე, თუმცა ნაწილაკი, რომელმაც “ჯოტო” დააბზრიალა უფრო დიდი იყო – 0,1 დან 1 გრამამდე. ამით “ჯოტოს” სამსახური არ დასრულებულა: ის გადაყვანილ იქნა ტრაექტორიაზე დედამიწასთან ახლოს, ხოლო 1990 წელს, მისი მოწყობილობა ისევ ჩაირთო და გადამისამართდა კომეტა გრიგ-სკელერუპთან შესახვედრად, შეხვედრა 1992 წლის ივლისში შედგა. ამ შეხვედრის დროს, “ჯოტომ” თავისივე რეკორდი მოხსნა, გაიარა რა კომეტის ბირთვთან 200 კილომეტრის მანძილზე. მიღებული მონაცემებით მოხდა ხნიერი ჰალეისა და ახალგაზრდა გრიგ-სკელერუპის კომეტების შედარება. ამის მერე “ჯოტო” ისევ წინანდელ ტრაექტორიაზე დააბრუნეს, ის ახლა “ძილის” რეჟიმშია – კიდევ ერთი “უღიარებელი გმირი”.

“სტარდასთის” (Stardust. ვარსკვლავური მტვერი) კონტეინერში მოხვედრილი კომეტის მტვერი.

 2002 წელს, ნასამ კიდევ ერთი კომეტის მკვლევარი გაუშვა, სახელად Contour (Comet Nucleus Tour), რომელიც მიმდევრობით უნდა მიახლოებოდა ორ სხვადასხვა კომეტას, კიდევ უფრო ახლო მანძილზე (100-150 კმ.). ამჯერად, მისიას არ გაუმართლა: აპარატის მოწყობილობა კავშირზე აღარ გამოვიდა გაფრენიდან 6 კვირის მერე. ეს ჩავარდნა მალევე გადაფარა 2004 წლის მოვლენებმა, როცა ხომალდი Stardust (ვარსკვლავური მტვერი), კომეტა ვილდ-2-ის ბირთვს 240 კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდა, შეაგროვა სხვადასხვა სახის ნაწილაკებისა და კოსმოსური მტვრის ნიმუშები სპეციალურ კაფსულაში, რომელიც კოლოსალური სიჩქარით ფრენის მიუხედავად (40 000 კმ/სთ !!!), წარმატებით დაეშვა დედამიწაზე – იუტას შტატის უდაბნოში; თვითონ ხომალდმა კი ახალი დავალება მიიღო – 2011 წლის თებერვალს, კომეტა ტემპლ -1-თან შეხვედრა, მიუახლოვება ბირთვთან და ფოტოების გადაღება.

უდაბნოში ჩამოვარდნილი კაფსულა (NASA).

 ამ მისიამ მოკლე სახელი მიიღო –  NExT, New Exploration of Tempel-1, რაც ტემპლ1-ის ხელახალ შესწავლას ნიშნავს, რადგან ნახევარი წლით ადრე, აღნიშნულ კომეტას სხვა მისია იკვლევდა –  Deep Impact (ღრმა დარტყმა). ეს ხომალდი 2005 წლის 12 იანვარს გაუშვეს და უკვე ნახევარ წელიწადში, მოძრაობდა რა 23 კმ/წმ-ში სიჩქარით, დაეწია და მიუახლოვდა სამიზნეს. რობოტს თან ჰქონდა მოხსნადი, წაკვეთილი კონუსის ფორმის 400 კილოგრამიანი სპილენძის სხმული. მასში ჩამონტაჟებული იყო კურსის მაკორექტირებელი და ფოტოკამერა, რომელიც შეჯახებამდე კომეტის ბირთვს უწყვეტად იღებდა. ფოტოები კი უკან, ზონდს გადმოეცემოდა (გადაღება შეჯახებამდე 3 წამით ადრე შეწყდა).

კომეტა ტემპლ-1 და “დიფ იმპაქტი” (ილუსტრაცია. NASA).

 სამმაგი მანევრის მერე, დასარტყამი მოწყობილობა კომეტის წინ მოთავსდა, ზუსტად მის გასავლელ გზაზე, და 4 ივლისის დილას, ისინი ერთმანეთს შეეჯახა. დარტყმის ძალა 5 ტონა დინამიტის აფეთქების ტოლფასი იყო, კომეტა 6-ჯერ მეტი სინათლით აელვარდა, ვიდრე აქამდე იყო. დარტყმამ კომეტის ბირთვში კრატერი წარმოქმნა, 100 მ. დიამეტრითა და 30 მ. სიღრმით. გამოიტყორცნა 5000 ტონა ნივთიერება, რომელშიც, მეცნიერთა მოლოდინის მიუხედავად, უფრო მეტი მტვერი აღმოჩნდა, ვიდრე ყინული. ეს ნივთიერება ნავარაუდევთან შედარებით მეტად იყო დაქუცმაცებული, უფრო ფქვილი, ვიდრე მტვერი. საინტერესოა მისი შემადგენლობაც – მაგალითად, თიხა და კარბონატები, რომელთა ჩამოყალიბება წყლის გარეშე არ ხდება. კომეტის ბირთვის აღნაგობაც სრული მოულოდნელობა იყო, მისი 75% სიცარიელეს უკავია, თუმცა, ბირთვის სიმტკიცემ შეჯახებას მაინც გაუძლო და არ დაიშალა.

churiumov axlodan
კომეტა ჩურიუმოვ-გერასიმენკო. 2014 წ. აგვისტო (“როზეტა”,ESA).

 სამწუხაროდ, ჩინელებმა დააგვიანეს. იმ მომენტისთვის, როცა მათ თავიანთ “გაბედულ” გეგმაზე განცხადება გააკეთეს, ევროპის კოსმოსური სააგენტოს ხომალდი, განკუთვნილი სწორედ ასეთი მისიისათვის, უკვე კოსმოსში იყო; უფრო მეტიც, ზუსტად მან გადაიღო კომეტა ტემპლ1 ე.წ. “ღრმა შეჯახებისთანავე”. ეს ხომალდი არის “როზეტა”, უკვე 10 წელია რაც ის კომეტა ჩურუმოვ-გერასიმენკოსკენ გაემართა, რომლის გაყინულ ბირთვზე, 2014 წელს, საკვლევი ზონდი დასვა და შემდეგ თვითონაც დაეშვა – ჩრდილში მოქცეული ”ფილი” (კომეტა).

One comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.