კაცობრიობის გადამრჩენელი იონური ძრავა

 კაცობრიობის ყურადღება ახლა კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიაზე არის გადატანილი, სხვა საშიშროებებმა უკანა პლანზე კი გადაინაცვლა, მაგრამ სულ არ გამქრალა. ასტეროიდის ვარდნასთან დაკავშირებული საფრთხე ახლანდელი პრობლემის ფონზე, რაღაც ეფემერულად გვეჩვენება, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ კატაკლიზმს ჩვენი არსებობა მომენტალურად შეუძლია დაასრულოს. ამის გამო, კოსმოსის კვლევის წამყვანი ორგანიზაციები, როგორიც არის ევროპისა და აშშ-ს კოსმოსური სააგენტოები, ასტეროიდული საფრთხისგან დედამიწის დაცვის გეგმებზე მუშაობას აგრძელებენ.

 ამ გეგმათა ჩარჩოებში, NASA აპირებს 2021 წლის 22 ივლისს, მისია DART (ორმაგი ასტეროიდის ტრაექტორიის ცვლილების მცდელობა)-ი წამოიწყოს. მისიას სადემონსტრაციო ხასიათი აქვს და მისი მიზანია დედამიწისთვის საშიში ტრაექტორიიდან ასტეროიდის გადახვევის შესაძლებლობის შესწავლა მასზე კინეტიკური ზემოქმედებით. მისია DART-ის კოსმოსური აპარატი ორმაგი ასტეროიდისკენ გაფრინდება, სახელად 65803 Didymos, რომელიც ამ მომენტისთვის არაფრით გვემუქრება.

 Didymos A-ს დიამეტრი 780 მეტრია, ხოლო მისი თანამგზავრისა, Didymos B – 160 მეტრი. DART-იც სწორედ ამ უკანასკნელს შეეჯახება.

 Didymos-ამდე მისაღწევად შორი გზა იქნება გასავლელი. 2021 წლის სტარტის მერე, აპარატი 11 მილიონ კილომეტრს გაივლის და ასტეროიდს 2022 წლის სექტემბერს შეხვდება. ამ დისტანციის დაფარვაში მას იონური ძრავა დაეხმარება – NEXT-C (NASA-ს ევოლუციური ქსენონიანი ძრავა – კომერციული; ძრავის ყველაზე ხანგრძლივი ტესტირება დასრულებულია).

 NEXT-C ყველაზე მძლავრი იონური ძრავაა. ჩვეულებრივ ქიმიურ რაკეტებთან ახლოს, რომლებსაც დედამიწის მიზიდულობის დაძლევა შეუძლია, ის ახლოსაც ვერ მივა, ხოლო იონურ ძრავებს შორის უპირობო ლიდერია. სამჯერ ძლიერია NSTAR-ზე, რომელიც ნასას DAWN (განთიადი) და Deep Space One-ზე იქნა გამოყენებული (Dawn-მა პროგრამის ძირითადი ნაწილი დაასრულა).

NEXT-C იმპულსურ რეჟიმში მუშაობს, ხოლო ერთი ასეთი იმპულსი 6,9 კილოვატ ენერგიას მოიხმარს, რესურსის თვალსაზრისით კი ძრავას 236 მილიონი იმპულსის გამომუშავება შეუძლია. გაწევის ძალა მილინიუტონებით შემოიფარგლება, თუმცა ასეთ ძრავებს აქვს საწვავის ეფექტურად გამოყენების მაღალი მაჩვენებელი, რომელიც პირობითად არის დრო, რომლის განმავლობაშიც ძრავა გარკვეულო რაოდენობის საწვავით იმუშავებს. NEXT-C-სთვის ეს დრო 4190 წამია, ხოლო NSTAR-სთვის – 3120 წამი.

 Didymos-თან მისვლის მერე, შეჯახებამდე, აპარატი ჯერ კვლევით სამუშაოებს ჩაატარებს. ამისათვის მის ბორტზე CubeSat-ის სტანდარტის 6 მინითანამგზავრია (LICIA – მსუბუქი იტალიური კუბსატები ასტეროიდის გადასაღებად) მიმაგრებული. ეს თანამგზავრები პატარა ასტეროიდის ფოტოებს გადაიღებენ, შეჯახების მომენტსაც, ამოცვენილ ფრაგმენტებს და ყველა მონაცემს დედამიწისკენ გამოაგზავნიან.

 DART-ის შეჯახებამ ასტეროიდის ორბიტული მოძრაობის მომენტი უნდა შეცვალოს, დაახლოებით ნახევარი მილიმეტრით წამში. სიჩქარის ასეთი უმნიშვნელო ცვლილება, დიდი ასტეროიდის გარშემო ბრუნვის პერიოდზე საკმარისად აისახება, რაც თავის მხრივ ორმაგი სისტემის ტრაექტორიაზეც მოახდენს ზეგავლენას და ამას დედამიწიდანაც დააფიქსირებენ. შეჯახებამ 20 მეტრიანი კრატერი უნდა წარმოქმნას.

 DART-ის განადგურების მერე, Didymos-ისკენ ევროპული “ჰერა” გაემართება, რომლის სტარტიც 2024 წელს უნდა განხორციელდეს, ადგილზე მისვლა კი 2027 წელს. შეჯახების ადგილის შესწავლის გარდა, “ჰერას” ინსტრუმენტებით მოხდება ორმაგი ასტეროიდებისა და მათი შემადგენელი ცალკეული ასტეროიდების შესწავლაც.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.