ენცელადის კრიოვულკანები

 სატურნის ხელოვნურმა თანამგზავრმა – ”კასინი”, ენცელადის კრიოვულკანების ამოფრქვევა, მასთან მაქსიმალურად მიახლოებისას გადაიღო. ეს და სხვა არარედაქტირებული ფოტოები, სააგენტოს საიტზე შეგიძლიათ იხილოთ.

 2015 წლის 28 ოქტომბერს, გადაიფრინა რა 48 კილომეტრის სიმაღლეზე ენცელადის სამხრეთ პოლუსის თავზე, ”კასინიმ” ამ ყინულოვანი თანამგზავრის ოკეანედან ამოფრქვეული ნაწილაკების შლეიფში გაიარა, ხოლო მასზე არსებულმა ინსტრუმენტებმა საჭირო გაზომვები ჩაატარა. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ მანევრის საშუალებით, ამონაფრქვევში მოლეკულური წყალბადისა და ორგანული ნაერთების შესახებ მიიღებენ მონაცემებს, უფრო მეტს გაიგებენ ყინულქვეშა ოკეანეში არსებულ პირობებზე(ენცელადის თბილი ოკეანე).

 1789 წელს ულიამ ჰერშელის მიერ აღმოჩენილი ენცელადი, სიდიდით, სატურნის მეექვსე თანამგზავრია. პლანეტის გარშემო 32,9 საათიანი პერიოდით ბრუნავს. რადიუსი დაახლოებით 25-ჯერ, ხოლო მასა – 200 ათასჯერ მცირე აქვს, ვიდრე დედამიწას.

 აქვს გაიშვიათებული ატმოსფერო, სილიკატური ბირთვი წყლიანი მანტიის ქვეშ. კრატერირებული ჩრდილოთისგან განსხვავებით, სამხრეთი, კრატერების სიმცირითა და უჩვეულო ნაპრალებით გამოირჩევა.

 მზის სისტემაში არამიწიერი სიცოცხლის შესაძლო არსებობის თვასლაზრისით, ენცელადი ყველაზე უფრო პერსპექტიულ ობიექტად განიხილება.

 მისია კასინი-ჰიუიგენსი, სატურნის, მისი რგოლებისა და უდიდესი თანამგზავრის – ტიტანი, შესასწავლად შეიქმნა. სტარტი 1997 წლის 15 ოქტომბერს მოეწყო, სატურნის ორბიტაზე კი 2004 წლის 1 ივლისს გავიდა. 2004 წლის 25 დეკემბერს, თანამგზავრს გამოეყო ზონდი – ”ჰიუიგენსი”, რომელიც მომდევნო წლის 14 იანვარს ტიტანის ზედაპირზე დაეშვა(ელექტრული დენი სატურნსა და ენცელადს შორის).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.