პოლარული ვარსკვლავი, იგივე პატარა დათვის ალფა, იგივე კინოსურა, +2,0m ვარსკვლავური სიდიდის ზეგიგანტია, მდებარეობს პატარა დათვის თანავარსკვლავედში ჩრდილოეთ პოლუსთან ახლოს, დედამიწიდან 434 სინათლის წლის მანძილზე (სხვა მონაცემებით – 323 სინათლის წელი).
ამ ეპოქაში პოლარული ვარსკვლავი ჩრდილოეთ პულუსთან იმდენად ახლოსაა, რომ ვარსკვლავური ცის დღე-ღამური ბრუნვისას თითქმის უძრავია. დედამიწის ღერძის პრეცესიის გამო ჩრდილოეთ პოლუსის მდებარეობა იცვლება. პოლარული ვარსკვლავი ყველაზე უფრო ახლოს მასთან 2100 წელს მივა (დაახლოებით 30′(კუთხური მანძილი)).
პოლარული ვარსკვლავი ყველაზე უფრო ელვარე და უახლოესი პულსირებადი ცვალებადი ვარსკვლავია 3,97 დღიანი პერიოდით. ის ძალიან არასტანდარტული ცეფეიდია: მისი პულსაციები ათეულობით წლების განმავლობაში მცირდება, 1900 წელს ელვარება ±8%-ით შეიცვალა, 2005-ში 2%-ით. გარდა ამისა, ამ დროის განმავლობაში ვარსკვლავი 15%-ით კიდევ უფრო მეტად კაშკაშა გახდა (დამოკიდებულება პერიოდი-ნათობა).
პოლარული ვარსკვლავი, სინამდვილეში, სამმაგი ვარსკვლავია. სისტემის ცენტრში ზეგიგანტი პოლარული А მდებარეობს, მზეზე 4,5-ჯერ მასიური და 2000-ჯერ მეტად ელვარე. Polaris B საკმაო მანძილითაა დაშორებული Polaris A-დან, ამიტომ მისი დანახვა პლანეტის ზედაპირზე განთავსებული ტელსკოპებითაცაა შესაძლებელი. რაც შეეხება მესამე, ჯუჯა კომპანიონს – Polaris Ab-ს, ისე ახლოსაა ზეგიგანტთან, რომ მისი გადაღება მხოლოდ ორბიტალურმა ”ჰაბლმა” შეძლო, ისიც აპარატურის რეჟიმების გადაწყობით. Polaris Ab-ს ორბიტალური პერიოდი დაახლოებით 30 წელია.
ასტრონომთა აზრით, პოლარული და მისი კომპანიონები ღარიბი გაფანტული ვარსკვლავური გროვას ნარჩენებია, მათი ასაკი დაახლოებით 80 მილიონი წელია (M45: ვარსკვლავური გროვა პლეადა).
ოქტანტის სიგმა (σ Octantis), ვარსკვლავური სიდიდით +5,6m ოქტანტის თანავარსკვლავედში, შეუიარაღებელი თვალით ხილული, თუმცა ძნელად, სამხრეთ პოლუსთან ყველაზე ახლოს მდებარე ვარსკვლავია, ამიტომ მისი მეორე სახელია – სამხრეთის ვარსკვლავი. ამ მნათობამდე მანძილი 270 სინათლის წელია, ის მოყვითალო-თეთრ გიგანტს წარმოადგენს, არის ცვალებადი, ელვარებას ყოველ 2,3 საათში 0,03 ვარსკვლავური სიდიდის ფარგლებში იცვლის.
ოქტანტის სიგმა, თავისი ჩრდილოელი მოძმესაგან განმსხვავებით, ნავიგაციისთვის არასოდეს გამოუყენებიათ სუსტი ნათების გამო. სამხრეთ პულუსის მოსაძებნად, ხშირ შემთხვევაში, სამხრეთი ჯვარის თანავარსკვლავედს იყენებენ, ხოლო ოქტანტის სიგმას მოსაძებნად, ჯვრისა და ტრაპეციის ფორმის მქონე თანავარსკვლავედებს.
პრეცესიის გამო დედამიწის ღერძი 230-იან წრეს შემოწერს, 0,5 გრადუსი სიჩქარით 100 წელიწადში, ამიტომ პოლარული ვარსკვლავები სხვადასხვა მნათობები ხდებიან ხოლმე (ვარსკვლავი).
ძალიან საინტერესოა მაგრამ მე მაინტერესებს საქართველოდან დავინახავთ თუ არა პოლარულ ვარსკვლავს
სულ ჩანს, ოღონდ სუსტია, ვიდრე დიდი დათვის თანავარსკვლავედის ვარსკვლავები. დააყენეთ ტელეფონში უფასო პროგრამა Sky Map, ჩართეთ პოზიციონირება (ჯიპიესი), გაასწორეთ კოორდინატები (ავტომატურად ხდება) და საითაც მიმართავთ იმ ობიექტის ადგილი და სახელი დაიწერება ეკრანზე…