დედამიწის ღერძის პრეცესია და ნუტაცია

 მზის სისტემის სხეულთა გრავიტაციული ზემოქმედების გამო, ჩვენი პლანეტის ღერძი ძალიან რთულ მოძრაობებს ასრულებს სივრცეში. დედამიწას სფეროიდის ფორმა აქვს (და არა გლობუსივით მრგვალი), ამიტომ მისი ცალკეული ნაწილები მზისა და მთვარის მიერ განსხვავებული ძალით მიიზიდება.

 ღერძი ნელი სიჩქარით კონუსს შემოწერს, დედამიწის მოძრაობის სიბრტყის მიმართ კი ყოველთვის 66,60 გრადუსითაა გადახრილი. ამ მოძრაობას პრეცესია ეწოდება, მისი პერიოდი დაახლოებით 26 000 წელია. სხვადასხვა ეპოქაში ის განსხვავებული მიმართულებით იყო ორიენტირებული.

 დედამიწის ღერძი თავისი საშუალო მდგომარეობიდან მცირე რყევებსას განიცდის, რომელთა შორის 18,6 წლიანი პერიოდები იკვეთება, გამოწვეული მთვარის ზემოქმედებით, ამას ნუტაცია ეწოდება. ნუტაციური რხევები იმიტომ ხდება, რომ მზისა და მთვარის პრეცესიული ძალები განუწყვეტლივ იცვლის სიდიდესა და მიმართულებას. ის ნულს უტოლდება, როცა მზე და მთვარე დედამიწის ეკვატორის სიბრტყეშია, ხოლო მაქსიმუმს ამ წერტილიდნ დაშორების მიხედვით აღწევს. ნუტაციის გამო დედამიწის ჭეშმარიტი პოლუსი, საშუალო პოლუსის მიმართ რთულ მრუდს შემოწერს. ციურ სფეროზე მისი მოძრაობა ელიფსურს უახლოვდება. პრეცესიისა და ნუტაციის გამო მსოფლიო პოლუსებისა და ეკლიპტიკის პოლუსების ურთიერთ განლაგება მუდმივად იცვლება (ეკლიპტიკა – მზისა და დედამიწის შემაერთებელი წარმოსახვითი სიბრტყე).

 პლანეტათა მიზიდულობა იმდენად მცირეა, რომ დედამიწის ღერძის მდებარეობზე ზეგავლენას ვერ ახდენს. თუმცა მოქმედებენ მისი ორბიტის მდებარეობაზე. პლანეტების ზემოქმედებით დედამიწის ეკლიპტიკის სიბრტყის მდებარეობის ცვლილებას პლანეტური პრეცესია ეწოდება.

(wikimedia.org).

 მსოფლიო პოლუსები, რომლებიც დედამიწის ბრუნვის ღერძის მიმართულების საშუალო მონაცემით განისაზღვრება, ანუ გამოწვეული მხოლოდ პრეცესიული მოძრაობით, საშუალო მსოფლიო პოლუსი ეწოდება. ჭეშმარიტი მსოფლიო პოლუსი ღერძის ნუტაციურ მოძრაობასაც ითვალისწინებს. პრეცესიის გამო, საშუალო მსოფლიო პოლუსი ეკლიპტიკის პოლუსის მახლობლად 23,50 რადიუსის წრეს შემოწერს. წლის განმავლობაში საშუალო მსოფლიო პოლუსის გადაადგილება ციურ სფეროზე დაახლოებით 50″,3 შეადგენს (კუთხური წამი). ასეთი სიდიდით გადაადგილდება დასავლეთისკენ თანაბარდღეობის (როცა დღისა და ღამის ხანგრძლივობა ერთნაირია) წერტილებიც, მოძრაობენ რა მზის წლიური მოძრაობის შემხვედრი მიმართულებით. ამიტომ მზე თანაბარდღეობის წერტილებზე ადრე ხვდება, ვიდრე იგივე ადგილზე ვარსკვლავების ფონზე.

 ვარსკვლავთა ეკვტორული კოორდინატების მუდმივი ცვალებადობის გამო, ხდება ვარსკვლავებიანი ცის სახის ცვლილებაც. რამდენიმე ათასი წლის მერე, ევროპიდან სამხრეთ ჯვრის თანავარსკვლავედის დანახვა იქნება შესაძლებელი, ხოლო სირიუსი (1) და ორიონის თანავარსკვლავედის ნაწილი აღარ გამოჩნდება (პრეცესია ჰიპარქემ აღმოაჩინა, ხოლო ისააკ ნიუტონმა ახსნა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.