კოსმოდრომს უწოდებენ ტერიტორიას, რომელზეც კოსმოსური აპარატების გასაშვები ნაგებობებია აშენებული. მათ საკმაოდ დიდი ფართობი უკავია და დასახლებული ადგილებიდან მაქსიმალურად არის დაშორებული.
ყველაზე უფრო მთავარი მოთხოვნა კი ეკვატორთან სიახლოვეა. ასეთი განლაგების ხარჯზე, რაკეტამატარებელს დედამიწის ბრუნვის ენერგიაც უბიძგებს, რაც საწვავის ხარჯს 10%-ით ამცირებს. დედამიწა, მოძრაობს რა თავისი ღერძის გარშემო, კოსმოსურ სივრცეში 1700 კმ/სთ. სიჩქარით მიგვაქროლებს (ეკვატორზე). თუ კმ/წმ-ში გადავიყვანთ — 0,5 კმ/წმ. ანუ ბგერაზე სწრაფად. ზედმეტად რომ არ ხარჯოს საწვავი გრავიტაციასთან ბრძოლაში, რაკეტა არა ვერტიკალურად მიფრინავს, არამედ კუთხით, ნელ-ნელა აღწევს პირველ კოსმოსურ სიჩქარეს ∼ 8 კმ/წმ. რომლითაც ის დედამიწის ზედაპირის თავზე წრიულ ორბიტაზე მოძრავი ხელოვნური თანამგზავრი ხდება.
სამწუხაროდ, ეკვატორთან ახლოს არ არის განვითარებული ქვეყნები, რაც მობილური და საზღვაო ბაზირების კოსმოდრომების შექმნის მიზეზად იქცა. არსებობს 30-მდე კოსმოდრომი, მაგრამ აქტიურად მხოლოდ რამდენიმე მათგანი გამოიყენება.
ბაიკონური (ყაზახეთი)
რუსეთის (სსრკ) კოსმონავტიკის ისტორია, სხვა ქვეყანაში მდებარე მსოფლიოს ამ ერთ-ერთ ყველაზე დიდ და აქტიურ კოსმოდრომს უკავშირდება. ის ოფიციალურად 1955 წლის 2 ივნისიდან იქნა დაარსებული. საბჭოთა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ შორ მანძილებზე გასაგზავნი ატომური ქობინების მატარებელი რაკეტების საცდელი გასროლები ბაიკონურიდან განეხორციელებინა. პირველი ასეთი რაკეტა – Р-7, ბაიკონურიდან 1957 წლის 15 მაისს აფრინდა, ხოლო 1957 წლის 4 ოქტომბერს, იგივე რაკეტამ, დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრი გაიტანა ორბიტაზე, რაც კოსმოსური ერის დაწყების მანიშნებელი მოვლენა იყო (დედამიწის ხელოვნური თანამგზავრები). გაშვებისას მომხდარი ყველაზე უფრო დიდი ავარიაც ამ კოსმოდრომს უკავშირდება – რაკეტა Р-16-ის გამოცდის დროს გაჩენილმა ხანძარმა 76 ადამიანი იმსხვერპლა. 1961 წლის 12 აპრილს, პირველ თანამგზავრს, პირველი კოსმონავტიც მიემატა – იური გაგარინი (რატომ იური გაგარინი?). მას მერე აქედან 1500-ზე მეტი სტარტი განხორციელდა, ხდებოდა ბალისტიკური რაკეტების გამოცდაც. 1994 წელს, ეს ობიექტი და მიმდებარე კოსმოქალაქი რუსეთს გადაეცა იჯარით. 2050 წლამდე, ყაზახეთი წელიწადში 115 მილიონ დოლარს მიიღებს. რაკეტების გაშვება სხვადასხვა პლატფორმებიდან ხორციელდება.
კანავერალის კონცხი (ა.შ.შ.)
1964-73 წლებში კენედის სახელობისა იყო. ფლორიდის ატლანტიკურ სანაპიროზე მდებარე ამ კონცხზე, ა.შ.შ-ს სამხედრო საჰაერო ძალების ობიექტიც მდებარეობს, რომელსაც ნასა უფრო იყენებს. აღსანიშნავია, რომ მეზობელ კუნძულზე, კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრია განლაგებული, საიდანაც ასევე ხდება კოსმოსური აპარატების გაშვება. ”კანავერალის კონცხი” ერთბაშად ორ სასტარტო კომპლექსს აერთიანებს. მას უნიკალური სატელეფონო კოდიც კი მიანიჭეს – 321, კოსმოსის ათვისებაში შეტანილი წვლილისთვის. ეს ციფრები ხომ უკუთვალს აღნიშნავს – 3, 2, 1, სტარტი 🙂 . 1949 წლიდან, აქ ცდიდნენ რაკეტებს, რომელთაც ატლანტიკის გადაფრენა შეეძლო. 1956 წლიდან კი ადრეული სუბორბიტალური გაშვებები დაიწყო. 1957 წელს, სსრკ-ს კვალდაკვალ, პირველი კოსმოსური თანამგზავრის გაშვება ჩაიშალა. 1958 წელს დაარსდა NASA, რომელიც გაშვებებს სწორედ კანავერალიდან ახორციელებდა. 1961 წლის 13 სექტემბერს, პირველი ამერიკული ორბიტალური ფრენა აქედან მოეწყო (როცა უწონობა ტვირთია: რაზე არ ლაპარაკობენ ასტრონავტები), ხოლო 1962 წლის თებერვალში, პირველი ამერიკელი ასტრონავტი გაემგზავრა კოსმოსში (პირველი ამერიკული ორბიტალური ფრენის 50 წელი). 2012 წელს, კანავერალის კონცხიდან 10 კოსმოსური აპარტის წარმატებული სტარტი განხორციელდა (წლის განმავლობაში).
კურუ (საფრანგეთის გვინეა)
მდებარეობს ატლანტის ოკანის სანაპიროზე, სამხრეთ ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთში. 1964 წელს, საფრანგეთმა კოსმოსურ პროგრამებში ჩართვა გადაწყვიტა და არჩევანი, 14 კონკურენტიდან, სწორედ კურუზე შეაჩერა. მშენებლობა 1965 წელს დაიწყო, ხოლო პირველი სტარტი 1968 წლის 9 აპრილს განხორციელდა. 1975 წლიდან, კურუ, ევროპის კოსმოსური სააგენტოს მთავარი კოსმოდრომია, მოდერნიზირებული იქნა ”არიანის” ტიპის რაკეტებისთვის. დადებული ხელშეკრულების თანახმად, კურუდან რუსული რაკეტებიც ფრინდება, პირველი ”სოიუზის” სტარტი 2011 წლის ოქტომბერში მოეწყო. კურუს უპირატესობა იმაშია, რომ ეკვატორი 500 კილომეტრშია და საწვავის ეკონომიის გაკეთების საშუალებას იძლევა. აქ ყველა ტიპის სტარტის განხორციელბაა შესაძლებელი. ეფექტურობის მაღალი დონე, საიმედოობა და უსაფრთხოება, ყველა ქვეყნის კოსმოსური სააგენტოებისთვის არის მიმზიდველი. 2012 წელს, 10 სტარტი აქედანაც განხორციელდა.
ცზიუციუანი (ჩინეთი)
ოთხი ჩინური კოსმოდრომიდან, ეს ყველაზე დიდია, 1984 წლამდე კი სხვები არც არსებოდბა. 2800 კვადრატული კილომეტრის ზომის გამო, ჩინურ ბაიკანურსაც უწოდებენ. თავიდან, გობის უდაბნოში პოლიგონი შუანჩენძი იქნა აშენებული. პირველი სტარტი 1970 წელს განხოციელდა, ეს იყო ჩინური თანამგზავრი ”დუნფანჰუნ-1”. 2003 წლის ოქტომბერში, ამ კოსმოდრომიდან პირველი ჩინელი ასტრონავტი (ტაიკონავტი) გაფრინდა, რითაც ჩინეთი, ისტორიაში მესამე ქვეყანად იქცა, რომელიც პილოტორებულ კოსმომისიებში ჩაერთო. მეორე პილოტირებული ფრენა 2005 წელს მოეწყო, ორმა ტაიკონავტმა 30-ჯერ შემოუარა დედამიწას. 1970-1996 წლებში, სულ 26 სტარტი განხორციელდა. ოთხმოცდაათიანი წლების მერე, ჩინეთი ამ კოსმოდრომს სხვა ქვეყნებსაც სთავაზობდა, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, არახელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, უარს იღებდა. ამის გამო, კოსმოდრომი მხოლოდ ნაციონალური პროექტის პილოტირებული ხომალდების ფრენათა სარეალიზაციო ცენტრად იქცა, მართვის თანამედროვე კომპლექტით, რომლის მსგავსი არც არებობს (ჩინეთი – მარსი).
შრიჰარიკოტა (ინდოეთი)
ეს კოსმოდრომი, სათიშ დჰავანის სახელობის კოსმოსური ცენტრის ნაწილია. მდებარეობს ბენგალის ყურეში, კუნძულ შრიჰარიკოტაზე. მისი აშკარა უპირატესობა ეკვატორთან სიახლოვეა. ექსპლუატაციაში 1980 წლიდან შევიდა, ხოლო დაარსების თარიღად 1970 წლის 1 ოქტომბერი ითვლება. წელიწდში საშუალოდ ორი კოსმოსური სტარტი ხორციელდება, ხდება მეტეოთანამგზავრების გაშევბა და კოსმოსური ტექნიკის გამოცდა. იქვეა მართვის ცენტრი, სარაკეტო ძრავების გამოსაცდელი სტენდი და საწვავის წარმოება. 2008 წელს, შრიჰარიკოტადან მთავრის მისიამ აიღო სტარტი, ხოლო 2013 წელს, ინტერპლანეტარულმა მისიამ – ”მანგალიანი” (ინდოეთი: წარმატებული დასაწყისი; ”მანგალიანმა” ოლიმპო გადაიღო; ”მავენი” და ”მანგალიანი” მარსის ორბიტაზე გავიდნენ).