რადიო ობსერვატორია ALMA

 ჩრდილოეთ ჩილეს უდაბნო ატაკამაში, სან-პედრო დე ატაკამას ოაზისთან ახლოს, პლატო ჩახნანტორი მდებარეობს. მასზე კი, 5058 მეტრის სიმაღლეზე, რადიო ობსერვატორია ALMA – ატაკამას მილიმეტრულ/სუბმილიმეტრულ ანტენათა მასივი. ALMA, ყველაზე დიდი და ყველაზე ძვირი ასტრონომიული პროექტია – 1,5 მილიარდი დოლარი. ამასთან ერთად, ყველაზე ახალგაზრდაც – პირველი რადიო ტელესკოპი 2008 წელს აიტანეს, პირველი დაკვირვებები კი 2011 წელს ჩატარდა(დიდი ტელესკოპების ერა).

APEX.

 რამდენიმე ათული წლის წინათ, მომავალ ასტრონომებს ასწავლიდნენ, რომ დედამიწაზე სუბმილიმეტრული ასტრონომია შეუძლებელია, რადგან ატმოსფეროში უამრავი წყლის ორთქლია, რომელიც ამ დიაპაზონის ტალღებს შთანთქავს. თუმცა, აღმოჩნდა, რომ დედამიწაზეც არის ადგილები, სადაც წყლის ორთქლის რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ სუბმილიმეტრული ტელესკოპების მუშაობა არის შესაძლებელი. 1980 წელს, ჩილეს ლა-სილიას ობსერვატორიაში, ევროპის კოსმოსური სააგენტოსა და შვეციის ერთობლივი პროექტი გამოჩნდა – 15 მეტრიანი SEST. 2400 მეტრის სიმაღლეზე უკვე გარანტირებულია წყლის ორთქლის სიმცირე, დანარჩენზე კი ჩილეს მშრალი კლიმატი ზრუნავს.

 მოგვიანებით, გაირკვა, რომ ამ ქვეყანაში კიდევ უფრო მშრალი ადგილიც არსებობს, პლატო ჩახნანტორი. პლატო ორჯერ უფრო მაღლაა, რაც აპარატურის ტრანსპორტიტრებას აძნელებდა. მიუხედავად ამისა, ობსერვატორიის აშენება მაინც დაიწყო, ასე გაჩნდა ALMA. ფინანსირებას სამი თანაბარუფლებიანი კოლაბორატორი ახდენდა: ევროპის სამხრეთული ობსერვატორია(ESO), ა.შ.შ-ს ნაციონალური რადიო ასტრონომული ობსერვატორია(NRAO) და იაპონიის ნაციონალური რადიო ასტრონომიული ობსერვატორია(NAOJ). მონაწილეებმა, ჯერ, ექსპერიმენტული 12 მეტრიანი APEX(Atacama Pathfinder Experiment) ააშენეს, რომელიც საჭირო ტექნოლოგიების შემუშავებას ისახავდა მიზნად. ის ოდნავ მაღლა დგას – 5100 მეტრი.

 APEX-ის ანტენა 2004 წელს შეიქმნა, ხოლო მისმა წარმატებულმა ტესტირებამ, ALMA-ს მშენებლობას გაუხსნა გზა. იქ უკვე უამრავი ანტენაა თავმოყრილი: 54 და 12 ”თეფში”, 12 და 7 მეტრიანი დიამეტრებით, შესაბამისად. ტექნიკური მხარდაჭერის ცენტრი(OSF), სადაც ასტრონომები მუშაობენ და ცხოვრობენ, 30 კილომეტრის მოშორებით არის აშენებული, 3000 მეტრის სიმაღლეზე. პლატოზე, ჟანგბადის ნაკლებობაა და ადამიანის იქ გაგზავნა, მხოლოდ OSF-ში ჩატარებული სამედიცინო შემოწმების მერეა დაშვებული.

 ALMA-ს მშენებლობისთვის, 28-საბურავიანი სპეციალური სატვირთო მანქანების კონსტრუირება ფირმა Scheuerle Fahrzeugfabrik-მა მოახდინა, მათ კონსტრუქტორთა ბავშვების სახელები უწოდეს – ოტო და ლორა. სწორედ ამ მანქანების საშუალებით მოხერხდა 5 კილომეტრის სიამღლეზე ანტენების ატანა.

 მოწყობილობის გადაზიდვის დასრულების მიუხედავად, სატრანსპორტო საშაულებები მაინც საქმეშია, რადგან ALMA ე.წ. ინტერფერომეტრია, ანუ დაკვირვებების ჩატარება ცალკეული ანტენებითაც არის შესაძლებელი და ერთბაშად ყველა ანტენითაც.

ALMA-ს ერთი ანტენა.

 რამდენიმე ანტენის გამოყენების შემთხვევაში, ხდება სიგნალის ”სინთეზირება”, როგორც ერთი დიდი ანტენიდან მიღებულის. რადიოინტერფერომეტრის გარჩევადობის შესაძლებლობა მის ბაზაზეა დამოკიდებული – მაინტერფერირებელ ანტენათა შორის მანძილზე. პირობების მიხედვით, ALMA-ს ანტენები სულ რაღც 150 მეტრის ზომის მონაკვეთზეც შეიძლება შეგროვდეს და 16 კილომეტრითაც დაშორდეს ერთმანეთს. გადამტანების როლში კი ზემოთ ხსენებული ოტო და ლორა გვევლინება.

ALMA-ს თითქმის ყველა ანტენა.

 ანტენების გარდა, კიდევ ერთი თვალსაჩინოებაც არის პლატოზე – კორელატორის შენობა. მაღალმთიანობის მიხედვით მეორე არასაცხოვრებელი ნაგებობა მსფოლიოში, რომელშიც ადამიანები მუშაობენ.

 შენობაში განთავსებულია სუპერკომპიუტერი-კორელატორი, რომელიც ანტენებიდან მიღებულ გიგაბაიტობით ინფორმაციას ამუშავებს და ქვემოთ, 3000 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ოპერაციულ ცენტრში გადასცემს.

ALMA-ს სუპერკომპიუტერი, რომელსაც 1 წამში 17 კვადრილიონი ოპერაციის შესრულება შეუძლია.

 ALMA სრულფასოვნად ახლახანს ამუშავდა, 2013 წლის მარტიდან, იმედების გამართლებაც მაშინვე დაიწყო. ობსერვატორია ცივ კოსმოსს ”ხედავს”, პროტოპლანეტურ დისკოებს, კოსმოსურ მტვერსა და მზის სისტემის შორეულ ობიექტებსაც კი. აღმოჩენები მუშაობის დაწყების დღიდან დაიწყო – ჯერ კიდევ გაურკვეველი ბუნების იბიექტიდან დაწყებული, მზის სისტემის კიდეებთან, უჩვეულო პროტოპლანეტური სპირალებით დამთავრებული. გარდა ამისა, მოხდა ზეახლის ნარჩენის დეტალური დათვალიერება, რომელიც მაგელანის დიდ ნისლეულში აფეთქდა – SN 1987A(SN 1987A-ის “სიცოცხლის” ბოლო ეტაპი). მტვრის წარმოქმნა, აფეთქების შედეგად გამოფრქვეული გაზის გაცივებით ხდება, ჟანგბადის, ნახშირბადისა და სილიციუმის ატომთა კავშირების ხარჯზე, ნარჩენის ცივ ნაწილებში.

 ინტერფერომეტრი ALMA, კიდევ უფრო დიდი ინტერფერომეტრიული ქსელის ნაწილიც გახდა – მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპი, რომელიც ჩვენი გალაქტიკის ზემასიურ შავ ხვრელს იკვლევს(დედამიწისხელა ტელესკოპით შავი ხვრელის „ვარცხნილობას“ დავინახავთ).

 ALMA-ს 66 ანტენიდან, 61 ამ პროექტშია ჩართული. სხვა რადიო ტელესკოპებთან შეთანხმებული მუშაობისთვის, მასაჩუსეთსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სპეციალისტებს, ALMA-ს კორელატორისთვის ახალი პროგრამული უზრუნველყოფის დაწერა მოუხდათ, ასევე სპეციალური მოწყობილობების დამატებაც, მათ შორის მაზერზე(ლაზერი) დაფუძნებულისაც, რომელსაც 8 გიგაბიტის სისწრაფის მქონე მონაცემების ჩაწერა შეუძლია. რადიოწყარო – მშვილდოსანი A(ასოცირდება ირმის ნახტომის ცენტრთან)-ზე დაკვირვება, 3 მილიმეტირს სიგრძის ტალღაზე, 15 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება(კიდევ ALMA-ს შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *