ირმის ნახტომის მასა დააზუსტეს

 შოკოლადიანი ბატონი Milky Way (რძიანი გზა)-ს მასა 27 გრამია, ხოლო მისი მოსახელე გალაქტიკისა, რომელსაც (ჩვენ) ირმის ნახტომს ვუწოდებთ – ტრილიონი მზის მასას უტოლდება (?).

 ირმის ნახტომის მეზობელ ორმოცდაათამდე ჯუჯა გალაქტიკაზე დაკვირვებით მიღებული ახალი მონაცემების მიხედვით, ბრიტანელმა და აშ.შ. ასტროფოზიკოსებმა, ჩვენი გალაქტიკის მასა დააზუსტეს. ამ ახალი მნიშვნელობის თანახმად, ხილულ მატერიაზე – ვარსკვლავები, ვარსკვლავავთშორისი გაზი და მტვერი, სულ რაღაც 15% მოდის, დანარჩენი კი ბნელ მატერიაზე, რომელიც პერიფერიებზე გალაქტიკის ჰალოშია თავმოყრილი.

 სამყაროში უძრავი არაფერია, მათ შორის გალაქტიკებიც. როცა ერთმანეთს ეჯახებიან, ახალი, მასიური გალაქტიკები ყალიბდება. ადილობრივი ჯგუფის ყველაზე დიდი გალაქტიკა – ანდრომედა, ჩვენი მიმართულებით 110 კმ/წმ. სიჩქარით მოქრის. 4,5 მილიარდი წლის მერე შერწყმის პროცესი დაიწყება (ქვეყნიერების დასასრული (ირმომედა)). კოსმოსურ სივრცეში გადაადგილებასთან ერთად, დიდი გალაქტიკები პატარებს იზიდავენ, რომლებიც ორბიტებს იკავებენ და დიდებს მიჰყვებიან, როგორც პლანეტები ვარსკვლავებს, ან თანამგზავრები პლანეტებს. კოსმოსურ მოძრაობაში ჩართული სხეულების დინამიკას მასა, მათ შორის მანძილი და აჩქარება განსზღვრავს. ირმის ნახტომის გალაქტიკა-თანამგზავრების მოძრაობაზე დაკვირვებით, ასტროფიზიკოსები ჩვენი გიგანტური სახლის მოძრაობის ხასიათსა და მასას ადგენენ; სხვა მეთოდი არც არსებობს, რადგან ჩვენი გალაქტიკის გვერდიდან დამზერის საშუალება არა გვაქვს. მანძილები ძალიან დიდია. 40 წლის წინათ გაშვებული ვოიაჯერები ჯერ ახლა იწყებენ მზის სისტემიდან გასვლას (ვოიაჯერები 2025 წლამდე იმუშავებენ).

 სხვა კვლევებისგან განსხვავებით, ახალი ნამუშევრი იმპულსის მომენტს ეფუძნება – ფიზიკური სიდიდე, რომელსაც ობიექტებს შორის მანძილი და მათი სიჩქარეები განსაზღვრავს. ელიფსურ ორბიტაზე მოძრავი გალაქტიკა-თანამგზავრები, ირმის ნახტომის ცენტრთან ახლოს მოსვლისას ჩქარდებიან, ხოლო დაშორებასთან ერთად – მუხრუჭდებიან. ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარისგან განსხვავებით, იმპულსის მომენტი არ იცვლება, ამიტომ მიღებულ შედეგს მეტი სიზუსტე უნდა ქონდეს. კიდევ უფრო მეტს მეცნიერები ხალი მოწყობილობებისგან ელიან, როგორიც არის ოთხი წლის წინათ ამუშავებული Gaia და მომავლის ტელესკოპი LSST (ფართოკუთხიანი დიდი ტელესკოპი).

 ახალი შეფასებით, ირმის ნახტომის მასა 0,96 ტრილიონი მზის მასას უტოლდება; აქამდე ეს მონაცემი 700 მილიარდიდან, ორი ტრილიონი მზის მასის ფარგლებში მერყეობდა (ირმის ნახტომის ზუსტი მასა); დადასტურდა ისიც, რომ ანდრომედა, ადგილობრივი ჯგუფის ყველაზე მასიური გალაქტიკაა. ახალი მონაცემი კომპიუტერული მოდელირებითაც გადამოწმდა – სამყაროს სიმულაციით, რომელიც ერთანეთის გარეშემო მბრუნავი 20 ათასი გალაქტიკისა და 90 ათასი ჯუჯა გალაქტიკისგან შედგება (The Astrophysical Journal).

4 comments

  1. ანდრომედა გვიახლოვდება 110 კმ/წმ სიჩქარით.ჩვენ გალაქტიკა რა სისწრაფით მოძრაობს და საითკენ ესეც საინეტერესოა.

  2. როგორ ცაზე შეგვიძლია ირმის ნახტომის დანახვა?
    მადლობა

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.