”ირმის ნახტომი”

 სანამ უშუალოდ მითზე გადავალთ, რომლის მთავრი გმირებია ირემი და ხარი, მოკლედ განვიხილოთ, რატომ მაინცდამაინც ირემი და ხარი ?! მსოფლიო მითო-რიტუალურ სისტემებში, ირემი და ხარი მნიშვნელოვან სიმბოლოებს წარმოადგენს. ირმის სიმბოლოკა ცნობილია, როგორც სამყაროს ღერძი. ის აერთიანებს სამყაროს სამ სკნელს – ქვესკნელს, შუასკნელსა და ზესკნელს. ქვესკნელი არის ადგილი, სადაც სახლობენ დემონები და გარდაცვლილთა ღვთაებები, მაგალითად, ჰადესი, ოსირისი და ასე შემდეგ. შუასკნელი არის ადგილი, სადაც ადამიანები სახლობენ, ხოლო ზესკნელი არის ადგილი, სადაც სახლობენ უზენაესი ღმერთები, მაგალითად, ზევსი, ენლილი და ასე შემდეგ. ირემი, თავისი ფეხებით ებჯინება ქვესკნელს, ხოლო რქებით ზესკნელს. სწორედ ამიტომ არის სამი სკნელის შემაერთებელი ირემი, ქალღმერთ დალის რჩეული ცხოველი და სწორედ ამიტომ ენიჭება მას დიდი მნიშვნელობა აქართულ მითოლოგიაში.

 ხარის სიმბოლო მთელს მსოფლიოშია გავრცელებული. ის წარმოადგენდა მთავარ გამწევ ძალას და შესაბამისად, იმ ეპოქის მსოფლიოს კულტად იქცა. გარდა ამისა, ქართული მითოლოგიის მიხედვით ითვლებოდა, რომ დედამიწა ხარის რქებზე დგას. როგორც ხედავთ, ამ ორი ცხოველის მითოლოგიური მნიშვნელობა უდიდესია და ლოგიკურია, რომ ჩვენი გალაქტიკის ქართული სახელი – ”ირმის ნახტომი”, მომდინარეობს მითიდან, რომლის მთავარი გმირებიც სწორედ ირემი და ხარია. მითი კი შემდეგნაირია: როდესაც ღმერთმა ადამიანები შექმნა, დაისვა შეკითხვა, თუ ვინ უნდა მიხმარებოდა ადამიანს, რომელი ცხოველი უნდა გამხდარიყო გამწევი ძალა. ღმერთმა ერთმანეთს ირემი და ხარი შეაჯიბრა, რომელიც უფრო სწრაფად მივიდოდა ფინიშთან ის იქნებოდა გამარჯვებული. ირემი სწრაფად გაიქცა, გადახტა, ძალიან დაიღალა და ფინიშთან რომ მივიდა, მოკვდა, ხოლო ხარი ნელი, დინჯი ნაბიჯებით მივიდა და გაიმარჯვა. ამის შემდეგ ადამიანის შემწე, ხარი გახდა, ამბობენ, რომ ის, რასაც ჩვენ ცაზე ვხედავთ, სწორედ იმ ირმის ნახტომია და თუ კარგად დავაკვირდებით, ხარის ნაფეხურებსაც დავინახავთ(კარგად იცნობთ ჩვენს გალაქტიკას?).

ავტორი: თემო კუჭაძე(სტუდენტი)(ანუნაკები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *