”ირმის ნახტომი”

 სანამ უშუალოდ მითზე გადავალთ, რომლის მთავრი გმირებია ირემი და ხარი, მოკლედ განვიხილოთ, რატომ მაინცდამაინც ირემი და ხარი ?! მსოფლიო მითო-რიტუალურ სისტემებში, ირემი და ხარი მნიშვნელოვან სიმბოლოებს წარმოადგენს. ირმის სიმბოლოკა ცნობილია, როგორც სამყაროს ღერძი. ის აერთიანებს სამყაროს სამ სკნელს – ქვესკნელს, შუასკნელსა და ზესკნელს. ქვესკნელი არის ადგილი, სადაც სახლობენ დემონები და გარდაცვლილთა ღვთაებები, მაგალითად, ჰადესი, ოსირისი და ასე შემდეგ. შუასკნელი არის ადგილი, სადაც ადამიანები სახლობენ, ხოლო ზესკნელი არის ადგილი, სადაც სახლობენ უზენაესი ღმერთები, მაგალითად, ზევსი, ენლილი და ასე შემდეგ. ირემი, თავისი ფეხებით ებჯინება ქვესკნელს, ხოლო რქებით ზესკნელს. სწორედ ამიტომ არის სამი სკნელის შემაერთებელი ირემი, ქალღმერთ დალის რჩეული ცხოველი და სწორედ ამიტომ ენიჭება მას დიდი მნიშვნელობა აქართულ მითოლოგიაში.

 ხარის სიმბოლო მთელს მსოფლიოშია გავრცელებული. ის წარმოადგენდა მთავარ გამწევ ძალას და შესაბამისად, იმ ეპოქის მსოფლიოს კულტად იქცა. გარდა ამისა, ქართული მითოლოგიის მიხედვით ითვლებოდა, რომ დედამიწა ხარის რქებზე დგას. როგორც ხედავთ, ამ ორი ცხოველის მითოლოგიური მნიშვნელობა უდიდესია და ლოგიკურია, რომ ჩვენი გალაქტიკის ქართული სახელი – ”ირმის ნახტომი”, მომდინარეობს მითიდან, რომლის მთავარი გმირებიც სწორედ ირემი და ხარია. მითი კი შემდეგნაირია: როდესაც ღმერთმა ადამიანები შექმნა, დაისვა შეკითხვა, თუ ვინ უნდა მიხმარებოდა ადამიანს, რომელი ცხოველი უნდა გამხდარიყო გამწევი ძალა. ღმერთმა ერთმანეთს ირემი და ხარი შეაჯიბრა, რომელიც უფრო სწრაფად მივიდოდა ფინიშთან ის იქნებოდა გამარჯვებული. ირემი სწრაფად გაიქცა, გადახტა, ძალიან დაიღალა და ფინიშთან რომ მივიდა, მოკვდა, ხოლო ხარი ნელი, დინჯი ნაბიჯებით მივიდა და გაიმარჯვა. ამის შემდეგ ადამიანის შემწე, ხარი გახდა, ამბობენ, რომ ის, რასაც ჩვენ ცაზე ვხედავთ, სწორედ იმ ირმის ნახტომია და თუ კარგად დავაკვირდებით, ხარის ნაფეხურებსაც დავინახავთ(კარგად იცნობთ ჩვენს გალაქტიკას?).

 სახელი – რძიანი გზა, დასავლეთ კულტურაშია გავრცელებული და ლათინურიდან არის აღებული – via lactea ”რძიანი გზა”, რომელსაც, თავის მხრივ, ბერძნული წარმოშობა აქვს – ϰύϰλος γαλαξίας ”რძიანი წრე”. სიტყვა გალაქტიკაც იგივე ანალოგიით გაჩნდა, ძველ ბერძნულად – γαλαϰτιϰός (გალაქტიოს) ”რძიანი”. ძველბერძნული ლეგენდის მიხედვით, ზევსმა გადაწყვიტა თავისი შვილი ჰერაკლე, რომელიც მას მოკვდავი ქალისგან ყავდა, უკვდავად გადაექცია და ჩუმად თავის მძინარე მეუღლეს, ჰერას, ჩუმად მიუწვინა, რათა ჰერაკლე ღვთაებრივი ღძე დაელია. გაიღვიძა რა ჰერამ, ნახა, რომ სხვის ბავშვს აჭმევდა და ხელი ჰკრა მას. ქალღმერთის მკერდიდან გადმოსხმული რძე კი რძიან გზად გადაიცა.

სხვადასხვა ენებზე არსებობს უამრავი სხვა დასახელებაც. სიტყვა ”გზა”, ხშირ შემთხვევაში, რჩება, ხოლო ”რძიანი” კი სხვა ეპითეტით იცვლება.

ავტორი: თემო კუჭაძე(სტუდენტი)(ანუნაკები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.