მაა

“მაა” ( ავტორი: მერბ შონია )

 ფენტეზის ჟანრი. მოქმედება ვითარდება პლანეტა ტუაზე, სისტემა კაა. სურეალისტური, უცნაური გარემოს აღწერა, მოგცემთ წარმოდგენას იქაურ მზის სისტემაზე და ცხოვრების, არსებობის მეთოდებზე. დანარჩენი, იხილეთ ტექსტში 🙂  ნაწარმოები დაიდება თავებად, იმედია ისიამოვნებთ 🙂

 I

(სუნთქვა)

 დიდი ხანია ამ სინათლეს ვუყურებ, მაშტერებს, მატყვევებს ის.  აქ მოვუყვანივარ ჩემს უცხო ფეხებს, არც ეს ფეხებია ჩემი, არც ის თითები რომლებიც მასზე ასხია, ის ხელებიც სხვისია  სიარულისგან მტკივან ფეხებს, რომ მიზელენ, არც ხელის თითები რომლებიც ნაზად მაგრამ ძალისმიერად ზელენ ვითომ ჩემს, მაგრამ გარდაუვლად სხვის კანს და მაინც მტკივა, ეტყობა ბევრი მივლია. სახეზე მოვისვი სხვისი ხელები, ვერ ვიცანი, არც ერთი ნაკვთი ემთხვევა ნაცნობს, მანამდე  ნანახს, სარკეში, წყლის ანარეკლში. არც იდაყვი გავს ჩემსას, რომელიც აშკარად სხვის მოკეცილ მუხლზე დამიდვია, არც მასზედ მობმული ხელის მტევანი გავს ჩემსას, მაგრამ ვგრძნობ, ნამდვილად ვგრძნობ, თითებს შუა ნიავის ქროლვას ისე თითქოს მართლაც ჩემები იყოს, ვზივარ კლდის თავზე და ეს გრძნობაც ნამდვილია, მე აქ ვარ, ნამდვილად აქ, სადაც უნდა იყოს ეს, აქ. მეორე ფეხი პირველის  ქვეშ მომიკეცავს, რომ ვუყურებ სხვისია, მიბუჟდება, გაბრუება ტკივილში გადადის, დროა გავშალო, ზურგიც მაწუხებს, ალბათ დიდხანს ჯდომისგან, არააა! ჯობია წამოვწვე, დავისვენო…  ოო, კარგია, ასე კარგია, ხერხემალი მიტკაცუნებს ქვის მყარ ზედაპირზე. უფ,უფ, სასიამოვნო ყრუ ტკივილი დაღლილ ხერხემალს ეწვია და სიამოვნებისგან შემშმუშნა, ფეხიც გავშალე, მეორე ისევ მოკეცილია და ნიავის დაქროლებაზე აქეთ იქით ქანქარებს. ხელები თავის ქვეშ დავაწყვე. უფ რა სუფთა, ხარბად ჩავისუნთქე ეს უცხო  ჰაერი.  გონებაც ისეთივე სპეტაკია, როგორც უდონო სივრცე. არაფერზე არ ვფიქრობ, კითხვები შორს დგანან  დაღლილი გონებისგან, სრული სიმშვიდეა, მხოლოდ ნიავი თუ დაჰქროლებს ჩემს ახალ სახეზე, ისიც  მეალერსება მშობლის ნაზი ხელივით. მე აქ ვარ. აქ!!!

 თვალები მებინდება, არა არა, ეს ძილი არ არის, ეს უფრო სურვილია, სურვილი , რომ ბოლომდე შევიგრძნი. მე ახლა უბრალოდ ვგრძნობ, უბრალოდ სამყარო გადის ჩემში, როგორც დენი გამტარში. ყურს ვუგდებ, ყურს ჩემს სუნთქვას და არსად არაა ესეთი სიმშვიდე. ხანდახან, როცა ნიავი იცვლის მიმართულებას და ხეობიდან კლდის წვერზე ამოიხედავს, შორი შრიალით ამოიტანს  ჩანჩქერის მძლავრი ხეთქვის ხმას , მაგრამ  ყრუდ, არ არღვევს, პირიქით შერწყმულია სიმშვიდის ამ კაკაფონიას. თვალს ვახელ, ვხედავ ცას, უცნობ ცას რომელიც მანამდე არ შემხვედრია. ეს ცა რაღაცნაირი სიდიადით  სულის შეკვრამდე გრძნობით ავსებს მხილველს, მისი აღქმა ერთბაშად შეუძლებელია, შეუძლებელია თვალის გუგა ისე გაგიფართოვდეს, რომ შეიგრძნო ეს დიდებულება, რომელიც შენს თავს დაჰკიდებია. ცა ამ სამყაროს უბადლოობის მეტაფორული დასტურია, რომელიც ერთბაშად ვარდება გულის სირღმეში და გასუფთავებს, გგუდავს თან განთავისუფლებს. ხედავ ჰორიზონტის ერთი ბოლოდან მეორემდე გადაჭიმულ ვარდისფერ რკალს, რომელიც კაას სხივებს ოდნავ შეუნათებიათ. რკალის ბოლოები  ყავისფერში გადასულან, ხოლო შუიდან ოდნავ ქვემოთ ფოტონები იტყორცნებიან და  ნასროლი ისრებით ვარდისფერი ატმოსფერო ალაგ-ალაგ შეუთეთრებიათ. იმღვრევა და ლაყობს თეთრი წვერები რკალის შუაგულში, წამითაც არ ჩერდება, ბუნება მასში. კაას თვალი რკალის ცენტრიდან  ჭორიკანა დედაბერივით იჭყიტება, თითქოს აინტერესებს ამ უზარმაზარი სფეროს უკან  რა იმლებაო. ბურუსში ანთებული სანთელივით მოსჩანს და სინათლეში გახვეული ბურუსივით, ნისლის ყოველ პროტუბერანცს  ვხედავ ამ  საოცარი პლანეტის ზედაპირზე. ჯადოგაკეთებულივით მაშეშებს,მახევებს ეს აღლუმი და თვალებს წვა ეკიდებათ დაუხუჭველობისგან.

 სანამდეც კაას სხივები წვდებიან რკალი შენათებულია, შემდეგ კი პლანეტა ნელ ნელა უკუნეთისკენ გადადის და უსასრულობაში იკარგება. თუმცა არ შეცდეთ, უჩინარობა  არსებობას არ ნიშნავს, ამის დასტური ის სინათლის ნაპერწკლებია რომლებიც ზოგჯერ მეხად გავარდებიან,  ბნელი სფეროს ზედაპირზე, ხან იმდენად ბევრია გეგონება რაღაც უჩინარი ქარიშხალი დაიწყოო, მაგრამ  ხმა არსაიდან, არც ქარის ქროლვა, მხოლოდ სიბნელეში გაელვება ერთი ორგან, მერე სამგან და ასე ეწყობა ჯაჭვური რეაქცია,  სინათლის ამოვარდნები დედა პლანეტაზე, ხანაც დუმს და მისი სიმშვიდისგან ცა გაგუდულ სიბნელეში ეფლობა. მაყურებელს თვალი გებზარება, გტყდება უძირობისგან, ბნელა და თითქოს ამ სიბნელეში რაღაც არის, თვალი ძიებით იღლება.

 ოხ ეს კაა,  ვერ ვწყდები, მაგრამ სხვა სანახაობაც იზიდავს ჩემს ახლადშობილ სულს, მისი მუქი სილურჯე ვარსკვლავების ფონზე,გულს მიმღვრევს, ხან მნათობს და ხან ამ მომცრო ზომის სანახევროდ განათებულ სფეროს შევცქერი. ცის კაბადონზე ვარდისფერი რკალიდან მარცხნივ, კაასა და ჰორიზონტს შორი ჩამოკიდებულა სამყაროს მძივს მოწყვეტილი ლურჯი მარგალიტი, მეა.ნაპირიდან მოთეთრო, მზის ამრეკლი სფერო ნელ ნელა ცისფერისკენ, მერე მუქი ლურჯისკენ და ბოლოს შავისკენ ივსება. ერთი, ორი, სამი ნათელი და  ბრწყინვალე ვარსკვლავი დიადემასავით დასდგომია  უბადლოდ შობილს.  ჰო ღმერთო,  თუ სამოთხე ასეთია, კიდევ დავრჩები, სანუგეშოდ.

 ნიავი,რომელიც სახეზე მეფერებოდა ნელ ნელა აჩქარდა, ძალა მოიკრიბა, ინტენსიური და უწყვეტი გახდა… უფფ, ხელები მხრებზე მოვისვი, ოდნავ შემცივდა კიდეც. მკლავებ მოჭრილი ტყავის მოსასხამი ვერა მცველია ჩემი სუსტი, მოხუცი სხეულისთვის. ჰუუუუ! ორთქლიც ამომდის პირიდან. წამოვიწიე, მოვიკუნტე, ოდნავ შევთბი, დროა წავიდე,სადმე მყუდროება ვპოვო, მაგრამ გული არ მიმდის, აქ მინდა დარჩომა, ნეტა ქარი ჩადგებოდეს, მაგრამ რაღა გააჩერებს, მალე ზამთარი დგება ტუაში. ოხ ეს გრძელი ზამთარი, მტანჯველი, ბნელი და მშიერი. მაგრამ სანამ ზამთარი დადგებოდეს  ერთი ორი დღე უჩუქებია დედა პლანეტა ზარდას  სამყაროსთვის, მალე კი თვითონვე  მთლიანად დაფარავს და გააშავებს ცის კაბადონს.

 იაააა, იაააა! –  ექოდ გავარდა განწირული, ქარში ათქვეფილი მტაცებელი დურაას ხმა, ეტყობა მოინადირა და კმაყოფილებით აღნიშნავს, ზეიმობს. იააააა! –  აი ისევ, რა შემზარზვია მისი ხმა, პირდაპირ ძარღვებში გწვდება და გყინავს. აგერ ხის წვერიდან მუდუ აფრინდა, ხეობის ერთი ბოლოდან მეორესკენ აიღო გეზი, შუაში გამავალი კლაკნილი მდინარე გადაიფრინა და ღელეს დაუყვა ჩანჩქერის თავისკენ. ხეებს წვეროები მძლავრად იწეწებიან ქარში, ფოთლები წყდებიან და უსასრულო აჩქარებით უერთდებიან ჰაერის ნაკადს. ცივა. ჰუუუუუ! ისევ იორთქლება ჩემი სუნთქვა. ტყე ყრის თავის ნაბადს, თეთრ ხეებს თავიანთი, წითელი ფოთლები მალე აღარ ექნება და მარტო ცაში აშვერილი ტოტები დარჩება, ტყის სიდიადის სამახსოვროდ, ნიშნად,  რომ ზაფხული ისვ მოვა.

 დღე იწურება, მანძილი ჰორიზონტსა და დედა პლანეტა ზარდას შორის თხელდება.  მეა უკვე დიდი ხანია მთებს მიეფარა და მომავალ დილამდე მოლოდინი დაგვიტოვა, კააც თითქმის ჩაცურდა გიგანტური სფეროს ქვეშ. ზარდას ჩრდილმა  დაფარა ტუას მიწები და ტერმინატორი გარდაუვლად მიიწევს აღმოსავლეთ ჰორიზონტისკენ. ტუაზე ღამე დგება.

 ვარდისფერი ოდნავ მოთეთრო ღრუბლები დაუძრავს ქარს დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ. ნელა მაგრამ უწყვეტად მიიზლაზნებიან  ტყის თავზე ზამთრის მუქარები. დიადი აბზეები გაჰკივიან ცის კამარას, ღრუბლების თავზე დანავარდობენ და კაას ბოლო სხივებით ინებივრებენ თავს. მტაცებელი მანაა ჩუმად  გაჰყოლია მათ, ის ღრუბლის ქვეშ აბეზეები ღრუბელს ზემოთ, არ უნდა რომ შეამჩნიონ,ნელა უახლოვდება, ერთი დიდი იისფერი ღრუბელი ჰყოფს აბზეების ტაბუნსა და  მანაას, ისევ გაჰკივის ცას,კაას ეალერსება,ეძახის, სხვებიც აყვნენ, აწივლდა მთელი ცა. ღრუბელი ნელ-ნელა თხელდება, ერთ მომენტში წყდება, შუა კივილში მყოფი აბზე ცალი თვალით ამჩნევს მის ქვემოთ მფრენ მანაას, ხრჩობით წყვეტს ტონს და სხვა ხმით უფრო გაბოხებული გაჰყვირის მეგობრებს თავს უშველეთო, ცის ღმერთს სხვა გზა არ რჩება ან ახლა ან არასდროს. ფრთების სწრაფი მოძრაობით აიჭრა, გაარღვია აბზეების ტაბუნი, ატყდა პანიკა, ერთმა აბზემ ღრუბელში ჩაყვინთა, სხვებში ფარის ინსტინქტმა გაიღვიძა და ყველამ მას უსწორა ფრთა. ღრუბელი აიშალა, ტაბუნი წინ მანაა უკან. სწრაფი აბეზეები ხან მარჯვნივ უხვევენ ხან მარცხნივ, ხან ჩქარდებიან ხან მოსახვევში ანელებენ სვლას. პირველმა აბზემ კიდევ  ჩაყვინთა, გაარღვია ღრუბელი და ხეებს  მიაშურა, სხვებმა ვერ შეამჩნიეს, გზა გააგრძელეს, მაგრამ მანაა ცის ღმერთია, მის ყოვლისმხედველ თვალებს არ ეპარება არაფერი და იმ წამსვე მანაც იშურა ქვემოთ, ამ შანს ხელიდან ვერ გაუშვებდა. დარჩნენ მარტონი მანაა და პირველი აბზე, ტაბუნი მათ თავზე მაღლა ავიდა და ღრუბლებს მიეფარა. დევნა გრძელდება, აბზე ხან ერთი ხის ქვეშ გაძვრა ხანაც გადაუფრინა, მანაა არ ჩამორჩა. გამოცდილმა იცის, რომ მარტო ერთი შეცდომაა საჭირო და აბზე მისია, ეს იცის აბზემაც, განწირულად ცდილობს მანევრებს. სასუნთქი აპკები საშინლად  ხროტინებს, ჰაერი არ ყოფნის, იღლება, მაგრამ არც მდევარი გამოიყურება უკეთ. მანაას ბლიცკრიგი მარათონში გადაიზარდა, ეხლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ  პლანეტის ბუნებამ რომელს შთაბერა უფრო დიდი გამძლეობა. აბზემ  მარჯვნივ დიდი ხე შეამჩნია, ეცადა რამენაირად გამოეყენებინა და იქითკენ გაფრინდა, მიყვა მდევარიც. მანძილი მცირდება, მანაა ერთი კლანჭის მანძილზე მიუახლოვდა აბზეს, წამიც და დაეწევა. განწირულია აბზე, უკან იხედება, გარდაუალი სიკვდილი მოსდევს, ფრთებს აფართხუნებს, ბოლო ძალებს ხარჯავს, მანაა დაუნდობლად კბეჩს აბზეს მარჯვენა ფრთაზე, აპკი იხევა , ფრთებს ვეღარ უჭირავთ  მასიური სხეული და შუაზე გადაკეცილი ტყეში შეუნელებლად, ხრიგინით, ტოტების ლეწვით მიწას ეხეთქება. დაიჭრა აბზე, ბოლო ხმაზე გაწივის, ტოტს გაურღვევია მისი დატანჯული გულ-მკერდი, მაგრამ დრო ჯერ კიდევ არის სანამ მანაა ჰაერში დატრიალდება და აბზეს სიცოცხლეს მოუსწრაფებს. ფორთხავს, ცდილობს ხეებში შეძვრეს, ჭრილობა უფრო ეხსნება, ყვითელი სისხლი ნიაღვრად მიედინება ფესვებს შორის. არა ვერ წავა, არც დანებდება, ვერც გადარჩება. ჰაერში ფრთებმა გაიშრიალა. მანაა უკვე მოვიდა, სიკვდილი უკვე აქაა. არც აყოვნებს და აბზეს  კისერში ასობს თავის გიგანტურ ნისკარტს, ყროტინებს, არ სურს სიკვდილი, ფართხალებს წივილს ცდილობს, მაგრამ თავისივე სისხლში იხრჩობა. გული ჯერ კიდევ ფეთქავს, მანაა მთლიანად მუცელს უფატრავს. გული ისევ ფეთქავს, მანაა წინა პრჭყალებით პუტავს აბზეს აპკისებრ ფრთებს. გული ისევ ცემს, მტაცებელი ნისკარტს მკერდში ასობს, ხორცის დიდ ნაჭერს გლეჯს და ხრიალით ყლაპავს. გულმა ბოლოჯერ იკუმშა, აბზე უკვე თავს არ ეკუთვნის, სხეული მისი მანაასია. ურბა კი დედა ზარდას მიებარა.

 ჰუუუუ! სუნთქვა ისევ იორთქლება, მაგრამ მოკუნტულს აღარ მცივა. ახალი სანახაობა მატკბობს.ტუას აღმოსავლეთ ჰორიზონტი თითქმის ეხება პლანეტა ზარდას ოდნავ შენათებულ რკალს, კაა შექმნილი ნაპრალიდან ხაფანგში მომწყვდეული ცხოველივით  იჭყიტება. ცოტაც და ბოლომდე გაისრისრისება, ბჟუტავს, უკვე უჭირს ქარისგან მოყრილი ღრუბლების გახვრეტა და ტუას ზედაპირის გათბობა. ღრუბლებმაც თავიანთი ვარდისფერობა დაკარგეს, ნაცრისფერ მოსასხამად გადაეფარნენ ხეობას. კაას შორეული ნასროლი ორი თუ სამი სხივიღა აღწევს მთის წვერებს. დღე მთავრდება, ღამე ძალებს იკრებს და გრძელი მარათონისთვის ემზადება. კაას ადგილას ყვითელი შეფერადება შემორჩა, ისიც სულს ღაფავს. ღამეა უკვე ღამეა და ზარდა აწვება თვალის გუგას, მძიმე საბანივით ფარავს სამყაროს, თავის უხეშ უკუნეთში ითრევს.

 მანაა იქვე წამოგორებულა, უკვე გამძღარი, უდარდელად ძინავს, ვინ შეაწუხებს ცის ღმერთს? ძილისპირული ნანადირევი დაფლეთილი აგდია შორი-ახლოს, ნახევარი შეჭამა, ნახევარი მომავლისთვის გადაიდო. მანაას ძინავს, ეხლა სხვანი მეფობენ. კაას ჩაძირვასთან ერთად ღამის გუშაგებმა იფხიზლეს,  ბუდეებიდან ამოყვეს თავები და აჩქარებულნი, ცქმუტვით, კრუტუნით, დამწკრივებულნი დაუყვნენ საშოვარის გზას. ხან ერთ ხეს ყნოსავენ, ხან მეორეს, ფაციფუცობენ, იშლებიან, ისევ გროვდებიან და  დამწკრივებულები  მიუყვებიან ერთმანეთის კუდს ახალი ადგილის დასათვალიერებლად. უკვე მიუახლოვდნენ იმ ადგილს სადაც მანაასა და აბზეს შორის ბრძოლა გაიმართა, ამ ორი გლადიატორის შეტაკებისგან, წაქცეული ხეებისგან და დატკეპნილი ბუჩქებისგან,  აქაურობა მეტეორიტის ნავარდ კრატერს დამსგავსებია.  მიახლოვებული კუნარები, კარგად გრძნობენ აბზეს დაღვრილი სისხლის სუნს და აღგზნებისკან ცქმუტავენ, უჩქარებენ სვლას და ქაოტურად იშლებიან ტყის მასივში. მისულებს მანაას სილუეტი წამით აშეშებს, უფრო ფრთხილს ხდის და ნაბიჯების დათვლით უახლოვდებიან აბზეს დაგლეჯილ ცხედარს.  ჯერ არცერთ კუნარს არ დაუდვია ხორცზე პირი, ჯერ კიდევ მათ გულებში მანაას შიში ბუდობს. ბოლოს ლიდერმა   მცირედით მოკბიჩა. მანაას უმოქმედობა დასტურად მიიჩნია და პირველყოფილი ველურობით ეძგერა, დაუოკებლად დაუწყო ფლეთა. სხვებიც მალევე მიყვნენ.გაიმართა მუცლის დანოყრების დიდი აღლუმი, კბილების ღრაჭუნი, ღრენა, კბენა. ერთმა  კუნარმა მეორეს გაუმართა ბრძოლა, აგზნებულებმა დაკბინეს  და დაგლიჯეს ერთმანეთი. შეიქმნა ალიაქოთი, ტოტების ლეწვა, წივილი, ჭყავილი. მძინარე მანაას სხვა გზა არ დარჩა, გამოიფხიზლა და აბეზრებს  მტკიცედ შეწივლა, წამოხტა, ერთი ორი კუნაც ჩაკბიჩა, ჰაერში ააფრინა და სიკვდილს აჩუქა. სხვა კუნარებმა იგრძნეს უასათუო დაღუპვის სუნი, ზოგი წაქცეული ხის ქვეშ ჩაძვრა.ზოგი გარბოდა შიშნაჭამი და ადგილ მიჩენილი. მანაამ თავისი უპირატესობა იგრძნო და კიდევ ერთხელ შეწივლა ჰაერში, ოღონდ ამჯერად გამარჯვების ყიჟინა. ცოტაც იფრუტუნა, ადგილი იცვალა  და ისევ ძილის ბურანს მიეცა. დამარცხებული მაგრამ მაძღარი კუნარები ნელი ზლაზვნით მიცოცავდნენ ხეობის გორაკებზე, ხეებს შორის მიმოფანტულები ნელა იკარგებოდნენ და შორდებოდნენ მანაას საძინებელს. მოქმედება დამთავრდა, ბუნებამ დუმილი პოვა.

 ჩანჩქერის თავიდან, სასიამოვნო, ნიავს მოტანებული ხიბლი-სტვენა ამოვიდა. ახლოს, ძალიან  ახლოს მოდის, და ისევ მშორდება, სადღაც იჩქმალება, ფონური ხდება. შეგრძნებებ დაძაბულ არსებად მაქცია და ქსელზე მჯდომი ობობასავით ველოდები ხეობის ერთი ბოლოდან დაძრულ ბგერების ნაკადს, რომელიც ჩემს უხილავ ჯაჭვებს, სხივებს დატოკავს და ნელ ნელა  დაძაბავს დაჭიმულობას. ისიც  იწყებს საიდანღაციდან, ტალღების ამპლიტუდას უფრო ზრდის. მოდის, მოექანება  ჩემსკენ. გავინაბე მოსალოდნელის დასახვედრად, იზრდება, მიახლოვდება, უკვე ბგერების კედლად იქცა და აი მასკდება ამ საამური ნოტების ხვეული, ისევ შეეთამაშა  ყურის დილილოებს, შეელამურა თავისი გამჭოლი ტონით. „ოხ,ალბათ, ეს ტაატაა“ გავიფიქრე გუნებაში. ტყის  მშვენება, მფრინავი ცისარტყელა, ღამ-ღამობით ტენორივით იკავებს ღამის სცენას.  ისეთი კვნესა, ნაღველი დევს მის უტკბეს ხამაში, რომ სასიამოვნოდ ამღვრეულს ტოვებს ვისაც კი გრძნობა შეუძლია.  აშრიალდა, ჩანჩქერის თავი, სტვენა თან გაიყოლა, ტაატა ცაში აიჭრა და აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ დაუყვა ხეობას, ერთ წამს ვარსკვლავებს შეერწყა მისი სილუეტი, მერე ისევ ჩაყვინთა, უკუნეთმა შთანთქა მისი არსებობა, საბოლოოდ გაშორდა აქაურობას. შეყვარებულ დაკარგული მზერა იმ ადგილს მიმიშეშდა საითაც ტაატა ჩაიკარგა. ორი, სამი წამი გამეყინა გონება, მერე ჰორიზონტმა დაიკავა აზრთა სვლა, ერთმა სიყვარულმა მეორე გაფანტა. ამოდიოდა ცაში დაკიდებულთა აღლუმი. პლანეტა ზარდა რომელიც მანამდე სრულიად ფარავდა თავისი სიშვით ცის კაბადონს, ამოიხარა და მის ქვეშ ჩამალული ვარსკვლავები ჭიამაიებივით მიმოიფანტნენ ცის კამარაზე. მნათობებით ივსება ჰორიზონტი და მათი ნაკადი უცებ წყდება იმ ადგილას სადაც პლანეტა ზარდა ამყარებს თავის ბნელ ბატონობას. დროთა სვლასთან ერთად ზარდას ჰეგემონია ილევა და შავი რკალი დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიიწევს, აჩენს რა ახალ, ჭრელ, მრავალფერ ცას.  სიბნელეში ჩამალული  ნათურები ერთმანეთის მიყოლებით ინთება,  სიცოცხლით ავსებს ტუას და ჩემს გულს. ჰორიზონტს ნელა მაგრამ დამაჯერებლად უახლოვდება, რაღაც მანამდე უცნობი, დამალული. დასავლეთის შორი მთენბის წვერები  რძისფრად შეიღება, მერე კიდევ ამოიწია, მერე ისევ, მანამ სანამ  ჰორიზონტი მთლიანად განათდა, ჯერ თეთრ შემდეგ ცისფერ, ვარდისფერ, იასამნისფერ, და კიდევ ვინ დათლის ფერად. თითქოს  ღმერთს  ჯადოსნური მათარიდან ფერები გამოქცეოდა და არეულად მიმოეფანტვოდა სივრცეში. ამ ფრაქტალების მოწყობილ  ნაკადში მიჯრით მიწყობოდნენ ვარსკვლავები ერთმანეთს. მათი სიმრავლისგან მოფანტული სივრცე ჭიანჭველების საბუდარს დაემსგავსა და მჭიდროდ დასახლებულ ქალაქს მომაგონებდა.

 რძის ნაღვენთი ამოვიდა  ჰორიზონტის ერთი მხრიდან და მეორესკენ დაიძრა.   ღვთიური რკალი ცის შუაში დადგა, მერე ისევ იგრძელა გზა და მსვლელობის დასასრულებლად გაემართა.  ბუნება დროსავით  ერთი მიმართულებით მიისწრაფვის  და ყოველი დასაწყის ლოგიკური დასასრული მოყვება. მარადიული მხოლოდ ეს დამოკიდებულებაა. და სწორად ამის სამტკიცად დასავლეთის ცის პირას უკვე ნაცნობი სფერო, მუქი სილურჯე გამოჩნდა. მეა, ოჰ, მეა… ის ჩემი სიყვარულია ამდენ ლამაზ ქალბატონს შორის, ისე შორი, გულთან ესე ახლო  და მიუწვდომელი, ყოველთვის ცალკე მდგომი. თითქოს მას არ ეხება  ის ცხოვრება, სიცოცხლის ფერხული, რომელიც აქ ტუაზე ტრიალებს.  დიახ მხიბლავს ეს სამყარო მაგრამ, მეა ცალკეა და ასეც დარჩება. არ ვიცი ამ სამყაროში პოეტები თუ არსებობენ, არც მხატვრებს ვიგულებს სადმე, მაგრამ ღმერთი რომ ვიყო ერთ პოეტს ვაჩუქებდი ამ ადგილს, ალაგს რომ მეასთვის ლექსით პატივი აეგო, რომ საუკუნოდ დაეჭექა მის სიტყვებს… ოჰ რა საშიშია ნამდვილი სილამაზე, ეს იგივეა თავს,გავექცე. იმ ერთადერთ სუფთა წერტილს გავექცე, რომელიც ჩემს ბინძურ სულზე, როგორც შავ პერანგზე დილის ცვარი ისე მოჩანს. აი ისიც ამოდის, სულს ეფინება, გულს უხარია, ლურჯი,ლურჯი თვალი, ისევ ისე ანათებს მის ზედაპირზე კაას სხივთა კონა. ნაპირიდან თეთრი, შუაში ლურჯი და ბოლოსკენ სიბნელეში გადასული ტერმინატორი. ეს მეაა, კაას ამოსვლის წინასიტყვაობა და ტუაზე ახალი დღე, დილა დგება.

One comment

  1. სტანისლავ ლემის სოლიარისი გამახსენდა რატომღაც ამ ტექსტის წაკითხვის შემდეგ… საიდან? რატომ? როგორ? არ ვიცი… რაღა დროს ეგ წიგნია… 😀

    ველოდებით შემდეგ თავს…

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.