1997 წელს აღმოაჩენილი ჯუჯა გალაქტიკა Antlia, მზის სისტემას 4,6 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული და ცის სამხრეთ ნახევარსფეროში 238,9 კვადრატული გრადუსის ზომის თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარეობს. თანავარსკვლავედი შეუიარაღებელი თვალით შესამჩნევ 42 ვარსკვლავს შეიცავს, რომელთაგან 20-ის ვარსკვლავური სიდიდე 6m-ზე მეტია (ვარსკვლავური სიდიდე).
სფერული, თუმცა უფორმო აღნაგობის Antlia გალაქტიკების ადგილობრივ ჯგუფს ეკუთვნის, მასში ძალიან ცოტა ვარსკვლავია. ორბიტული ”ჰაბლის” საშუალებით, ნასას სპეციალისტებმა ამ გალაქტიკის ელვარე და მკრთალი ვარსკვლავების დაფიქსირება მოახერხეს. Antlia-ს გამოსახულება ისეთი მკაფიო გამოვიდა, რომ მისი ვარსკვლავები ირმის ნახტომის ვარსკვლავებში შეიძლება აგვერიოს.
ამ გალაქტიკის გამოსახულების მიღება ”ჰაბლის” ინფრაწითელი და ხილული დიაპაზონის კამერებით გადაღბული ფოტოების შეთავსებით მოხერხდა. Antlia-ში ევოლუციის სხვადასხვა ეტაპზე მყოფი ვარსკვლავების დანახვაა შესაძლებელი, ჩანს ძალიან ახალგაზრდა და ხნიერი მნათობები. ახალგაზრდა ვარსკვლავები მხოლოდ გალაქტიკის ცენტრში შეიმჩნევა, ხოლო გროვებად შეკრებილი ხნიერი ვარსკვლავები გალაქტიკის პერიფერიებზე არათანაბრად არის განაწილებული. Antlia, დანარჩნი ჯუჯებისგან თითქმის მთლიანადაა იზოლირებული, თუმცა მაინც განიცდის ზოგიერთ მათგანთან გრავიტაციულ ურთიერთქმედებას. ასტრონომები ჯერ კიდევ ვერ შეთანხმებულან, მიაკუთვნონ თუ არა ის ადგილობრივი ჯგუფის ურთიერთქმედ ჯუჯა გალაქტიკებს.