ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფი აცხადებს, რომ მათ ადრე აღმოჩენილი ეკზოპლანეტის კეპლერ-78b-ს მასის დადგენა მოახერხეს. მას დედამიწისმაგვარი სიმკვრივე აქვს. ეკზოპლანეტა სიცოცხლისათვის თავსებადი ზონიდან(7 ეკზოპლანეტა სასიცოცხლო ზონაში) ძალიან შორს მდებარეობს და თითქმის 3000 გრადუსამდე ცხელდება(Nature News).
_პირველაღმომჩენთა შეფასებით, ციური სხეულის დიამეტრი ოდანავ მეტია დედამიწისაზე(1,16 ± 0,19 R⊕), ხოლო ვარსკვლავის შემოვლას სულ რაღაც 8 საათს ანდომებს. კეპლერ-78b-მდე მანძილისა და მისი ვარსკვლავის სპექრტული კლასის(G, თითქმის როგორც მზე) მიხედვით ასტრონომებმა დაასკვნეს, რომ პლანეტის ზედაპირი 2000-დან 2800 გრადუსამდე ცხელდება. ობიექტის მასის შესახებ არაფერი იყო ცნობილი, რადგან ის ტრანზიტული მეთოდით იქნა აღმოჩენილი, ანუ პერიოდული მოძრაობებით დამკვირვებელსა და დედავარსკვლავს შორის.
_ახალ კვლევაში ასტრონომებმა დოპლერისეული სპექტროსკოპია გამოიყენეს. დედამიწის ზედაპირზე არსებული მძლავრი ტელესკოპების საშუალებით ვარსკვლავის სპექტრები იქნა მიღებული, დროის სხვადასხვა მომენტში. იმის გამო, რომ პლანეტა და ვარსკვლავი საერთო მასათა ცენტრის გარშემო ბრუნავენ, დედამიწის მიმართ ამ ვარსკვლავის მოძრაობა არაერთგვაროვანია, ხან უმატებს, ხანაც უკლებს სიჩქარეს. ამის გამო, დოპლერის ეფექტის ხარჯზე, სპექტრი ოდნავ იცვლება და თანამედროვე ტექნიკა სიჩქარის ცვლილების დადგენის საშუალებას 400 სინათლის წლის მანძილამდე იძლევა, რამდენიმე მეტრით წამშიც კი.
_პლანეტიდან ვარსკვლავამდე მანძილი ცნობილია, ხოლო კეპლერ-78b-ს სპექტრული კლასი მის მასაზე მეტყველებს, ამით მეცნიერებმა პლანეტის მასის დადგენაც შეძლეს, რომელიც ამ არაერთგვაროვანი მოძრაობების მიზეზია. ამერიკელები ჰავაის კუნძულებზე მდებარე კეკის ობსერვატორიაში მუშაობდნენ, ხოლო ევროპელები კანარის კუნძულებზე და მათ ერთმანეთის მსგავსი შედეგები მიიღეს. ევროპელი ასტრონომების მონაცემთა მიხედვით პლანეტის მასა 1,86 დედამიწისეულისას უტოლდება(ცთომილებით პლიუს 0,38, მინუს 0,25, 1,48-დან 2,16-მდე დედამიწის მასა), ხოლო ამერიკელი სპეციალისტების შეფასებით 1,69±0,41. აქედან გამომდინარე პლანეტის სიმკვრივე 4-დან 5-მდე გრამია კუბურ სანტიმეტრზე.
_მეცნიერები თვლიან, რომ ასეთი სიმკვრივით ეს პლანეტა ძალიან ჰგავს დედამიწას: ის, როგორც ჩანს, რკინისა და კლდოვანი ქანებისგან შედგება(არ არის აუცილებელი, რომ მათი შემადგენელი დედამიწის ქანების იდენტური იყოს). ვარსკვლავთან სიახლოვის გამო კეპლერ-78b-ს ზედაპირი თხევადი ლავათი(1) იქნება დაფარული, ხოლო რადიაციული ფონი შესაძლო ატმოსფეროსა და მაგნიტოსფეროს გათვალისწინებითაც კი გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე დედამიწაზეა. სიცოცხლეზე ლაპარაკიც კი ზედმეტია, თუმცა გეოლოგიური თვალსაზრისით ის დედამიწის ორეულად შეიძლება ჩაითვალოს.
_ასტრონომთათვის კიდევ უფრო ექსტრემალური ეკზოპლანეტებია ცნობილი, გავარვარებული ზედაპირებით, თუმცა, ესენი ან გაზური გიგანტები არიან(”ცხელი იუპიტერები”), ან პლანეტები, რომლებმაც ვარსკვლავის მიერ ევოლუციის გვიანი სტადიების დროს მოშორებულ გარე ფენებში გაიარეს(როგორ ეძებდნენ ეკზოპლანეტებს; ვარსკვლავი თავის პლანეტას რენტგენის სხივებით წვავს; ყველაზე ცხელი პლანეტა; როგორ ანადგურებს ვარსკვლავი პლანეტას).
დედამიწისმაგვარი ეკზოპლანეტა
Posted by