_ჩვენი პლანეტა, განსაკუთრებით, მისი არსებობის ადრეულ ხანაში, უამრავი რაოდენობის ასტეროიდებსა თუ კომეტებს შეეჯახა. ასეთი კოსმოსური ავარიები, ხშირად, კატასრტოფული შედეგებით მთავრდებოდა. მოგვიანებით, მსგავსი მოვლენები შეუდარებლად იშვიათად, თუმცა მაინც ხდებოდა. საკმარისია გავიხსენოთ 10 კილომეტრიანი ასტეროიდი, რომელიც დედამიწაზე 65 მილიონი წლის წინ ჩამოვარდა და დინოზავრების არსებობას წერტილი დაუსვა, ასევე კომეტის ბირთვი, რომელიც 1908 წლის 30 ივნისს, ციმბირში, მდინარე პოდკამენნაია ტუნგუსკას თავზე აფეთქდა.
უკვე ასეულობით წლებია გასული, რაც კამათი კოსმოსიდან მომავალ საშიშროებაზე არ წყდება. ჯერ კიდევ XVII საუკუნის ბოლოს ასეთ საშიშროებაზე ინგლისელი ასტრონომი ედმონდ ჰალეი დაფიქრდა – სწორედ ის ჰალეი, რომლის სახელსაც ყველასათვის ცნობილი კომეტა ატარებს. 1694 წელს, კოლეგებთან საუბარში ლონდონის სამეფო საზოგადოებიდან, ის ამბობდა, რომ გიგანტური კომეტის დედამიწაზე ჩამოვარდნას სიცოცხლის განადგურება შეეძლო. 130 წლის მერე ჯორჯ გორდონ ბაირონმა კომეტებისაგან თავის დასაცავი უცნაური მექანიზმი მოიგონა… ორთქლი:). ამჟამად, რა თქმა უნდა, უფრო სერიოზული მეთოდებია წარმოდგენილი – თერმობირთვული და კინეტიკური იარაღიდან დაწყებული, “აგრესორის” ტრაექტორიის შესაცვლელი რეაქტიული ძრავებითა თუ მზის სხივების გამოყენებით დამთავრებული.
რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, კოსმოსური თავდაცვის პირველი დეტალურად დამუშავებული პროექტბი არა სამხედროებმა, არამედ მასაჩუსეთსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სტუდენტებმა და ასპირანტებმა, პროფესორ პოლ სენდორფის ხელმძღვანელობით შეიმუშავეს. 1967 წლის გაზაფხულზე სენდორფმა თავისი კურსის სტუდენტებს შესთავაზა მოეგონათ საშუალება, რომელიც დედამიწას ასტეროიდ იკაროსთან ჰიპოთეტური შეჯახებისგან დაიცავდა. ამოცანა ასეთი იყო, იკაროსი დედამიწას არა 6,5 მილიონი კილომეტრის მანძილზე ჩაუფრენდა, არამედ 1968 წლის 19 ივნისს, ფლორიდიდან 3000 კილომეტრით აღმოსავლეთით, ატლანტის ოკეანეში ჩავარდებოდა. სტუდენტებს ამ კატაკლიზმისაგან დამცავი გეგმა 1 წლის განმავობაში უნდა შეედგინათ.
მრისხანე იკაროსი
ასტეროიდი იკაროსი
1566 იკაროსი(1566 Icarus) – აპოლონების ჯგუფის ასტეროიდი. ის 1949 წლის 27 ივნისს გერმანელმა ასტრონომმა ვალტერ ბაადემ აღმოაჩინა, პალომარის ობსერვატორიიდან (ა.შ.შ.). სახელი ბერძნული მითოლოგიიდან მიიღო (2015 წელს გადაღებული ფოტო – იკაროსი გვიახლოვდება).
პერიჰელიუმში იკაროსი, მერკურის ორბიტის შიგნით ექცევა და მზეს 28,5 მილიონ კილომეტრზე უახლოვდება. ამ დროს მისი ზედაპირის ტემპერატურა 600 °C-ზე მეტად ცხელდება.
1949 დან 1968 წლამდე პერიოდში იკაროსი ისე ახლოს მივიდა მერკურისთან, რომ ამ უკანასკნელმა გრავიტაციული ზემოქმედებით ასტეროიდის ორბიტა შეცვალა. ავსტრალიელი ასტრონომების გათვლებით, 1968 წელს ინდოეთის ოკეანეში უნდა ჩავარდნილიყო. ასტეროიდის ზომების გათვალისწინებით(დაახლოებით 1კმ.), შეჯახება 100 მეგატონა ტროტილის ექვივალენტურ აფეთქებას გამოიწვევდა. თუმცა, საბედნიეროდ, ასტეროიდმა დედამიწას 6,36 მლნ.კმ-ის მანძილზე ჩაუარა.
იკაროსი, დედამიწას ყოველ 9, 19 და 38 წელიწადში ერთჯერ უახლოვდება. 15,1 მლნ.კმ. 1996 წელს. მომდევნო იყო 2015 წელს – 8,1 მლნ.კმ.
ამჟამად ცნობილია, რომ იკაროსის დიამეტრი 1,5 კილომეტრია, მასა კი 2,9 მილიარდი ტონა. 1967 წელს ეს მონაცემები ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, ამიტომ ასტეორიდის პარამეტრების შეფასება მიახლოებითი იყო. “მაშველებმა” დაადგინეს, რომ იკაროსის გასანადგურებლად საჭირო იყო 1000 მეგატონა სიმძლავრის თერმობირთვული ბომბი. იმის გამო, რომ ასეთი სიმძლავრის საბრძოლო ჭურვები და მათი კოსმოსში გამტანი რაკეტა გიგანტები არ არსებობდა, ეს ვარიანტი არარეალურად ჩაითვალა. ალტერნატივად, სენდორფის სტუდენტებმა, იკაროსის ექვსი ცალი 100 მეგატონიანი თერმობირთვული ბომბებით განადგურება გადაწყვიტეს, ხოლო ასტეროიდამდე მათ აპოლონების მისიისათვის შექმნილი, ამერიკის ყველაზე მძლავრი რაკეტა Saturn V მიიტანდა. ითვლებოდა, რომ გარდაუვალი საფრთხის შემთხვევაში ამერიკული კოსმოსური კორპორაციები მთელი რესურსების ერთად თავმოყრას და წლის განმავლობაში 9 ასეთი რაკეტის აგებას მოასწრებდნენ. სამი “სატურნი” საცდელი გაშვებისთვის იქნებოდა საჭირო, დანარჩენი ექვსი კი იკარუსზე დარტყმის განსახორციელებლად.
ნაწილებად დაშლა
ასტეროიდზე შეტევა 1968 წლის 7 აპრილიდან, 17 მაისის ჩათვლით უნდა მომხდარიყო, ორკვირიანი ინტერვალებით კოსმოსში ოთხ-ოთხი რაკეტა გაფრინდებოდა, რათა მათი იკარუსთან შეჯახება დედამიწიდან შორს – 32 დან 12 მილიონი კილომეტრის იქეთ მომხდარიყო. ჭურვების აფეთქებას, ასტეროიდის ზედაპირიდან 30 მეტრის მანძილზე, ბორტზე დამონტაჟებული რადარი მოახდენდა. პროექტის ავტორები იმედოვნებდნენ, რომ მძლავრი თერმობირთვული აფეთქებები ასტეროიდის სხეულიდან დიდი რაოდენობით ნივთიერებების ამოგლეჯას და ამით მისი ტრაექტორიის შეცვლას გამოიწვევდა. აფეთქებებს ასტეროიდის მთლიანად დაშლაც შეეძლო, თუმცა მისი აგებულობის, მასისა და ფორმის შესახებ ინფორმაციის არ არსებობის გამო, მოვლენების ასეთი დასასრულის ალბათობა ძალიან მცირე იყო.
დღეისთვის, თერმობირთვული დარტყმის გარდა, დედამიწასთან ასტეროიდის შეჯახების თავიდან ასაცილებელი განსხვავებული მეთოდებიც განიხილება. მათი უმრავლესობა მხოლოდ შორეულ დისტანციებზე შეიძლება იყოს ეფექტური, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ასტეროიდის საშიში ტრაექტორიიდან გადაგდება. ფტოზე – გრავიტაციული გამწევი ასტეროიდისთვის.
შემდგომი გამოთველბის მერე სენდორფის ჯგუფმა დაადგინა, რომ დარტყმების პირველი სერიის წარმატებით დამთავრება არ იყო გარანტირებული. საჭირო იყო კიდევ ორი რაკეტის გაშვება, რომლებიც ასტეროიდს დედამიწასთან ახლო დისტანციაზე დახვდებოდა. აფეთქებების მერე ასტეროიდი ნაწილებად დაიშლებოდა და მისი ნატეხები უფრო ნაკლებ ზიანს მიაყენებდა დედამიწას, ვიდრე მთლიანი, გიგანტური კლდე.
90% თუ უფრო ნაკლები
პროექტი “იკაროსი” თითქმის 45 წლის წინ დასრულდა. მას მერე მსგავსი ამოცანების ამოხსნას სხვა ჯგუფებიც ახდენდნენ (კომეტებზე მონადირენი), თან გაცილებით სრულყოფილი ინსტრუმნტებით, კომპიუტერული მოდელირების ჩათვლით. მიუხედავად ამისა, მასაჩუსეთსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სტუდენტთა ნამუშევარი ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ასეთი ტიპის კვლევა. მათი ხელმძღვანელი თვლიდა, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, წარმატების ალბათობა 90%-ით იყო გარანტირებული. თანამედროვე ექსპერტთა აზრით, ეს ციფრი ძალიან არის გადაჭარბებული, აქ ხომ ნახევარი საუკუნის წინენდელ კოსმოსურ ტექნოლოგიებზეა ლაპარაკი. ამ ისტორიაში კი ყველაზე კარგი ისაა, რომ არ გახდა სჭირო პროექტის პრაქტიკული შემოწმება! 🙂