პანდემიის მიუხედავად, 2020-ში ათეულობით საინტერესო აღმოჩენა გაკეთდა. გთავაზობთ წლის ჩამონათვალს, თუ რა გავიგეთ ახალი მზის სისტემაზე, შორეულ ვარსკვლავებზე და გალაქტიკებზე. სტატიის ბოლოში, ასევე, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის შესახებ, გაიცნობთ ქართველ ასტრომოყვარულებსა და ასტრონომიის პოპულარიზატორებს.
მზის სისტემა
2020 წელს, ასტრონომებმა ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ 2019 წლის დეკემბრიდან, მზის ციკლებზე დამზერის ისტორიის 25-ე აქტიური ციკლი დაიწყო. იტალიურმა დეტექტორმა “ბორექსინო“, ნეიტრინოები დაიჭირა, რომლებიც CNO (ნახშირბადი-აზოტი-ჟანგბადი)-ციკლის თერმობირთვული რეაქციის დროს გამოსხივდება. აქამდე ითვლებოდა, რომ ეს, მხოლოდ მზეზე მასიური ვარსკვლავების წიაღში ხდებოდა.
გარდა ამისა, 2020-ში გავიგეთ, რომ პლუტონის ყინულოვანი ზედაპირის ქვეშ თხევადი ოკეანე შეიძლება იმალებოდეს. დამალული სითხის ნიშნები ჯუჯა პლანეტა ცერესზეც შეამჩნიეს: როგორც ჩანს, კრატერ ოკატორის ფსკერზე აღმოჩენილი ნათელი ლაქები, ზედაპირის ქვემოდან ამომავალი ნაკადებით იქმნება.
თხევადი და მარილიანი წყლის დიდი ტბები, მარსის სამხრეთ პოლუსზე არსებული ყინულის “ქუდის” ქვეშაც აღმოაჩინეს. გარდა ამისა, გაირკვა, რომ წითელი პლანეტის ვულკანური აქტიურობა არც თუ ისე დიდი ხნის, სულ რაღაც 53 000 წლის წინათ შეწყდა. ხოლო დატოტვილი კანიონები და ზეგნები სამხრეთ ნახევარსფეროში, არა წყლის ნაკადებით, არამედ მყინვართა ნელი გადაადგიულების შედეგად გაჩნდა. როგორც ჩანს, ადრეული მარსი გაცილებით ცივი იყო, ვიდრე 2020 წლამდე ვარაუდობდნენ. ამასობაში, მარსისკენ სამი ახალი ხომალდი გაამგზავრეს: ნასას “პერსევერენსი“, ჩინური “ტიანვენ-1”, არაბთა გაერთიანებული საამიროების “ემირატს მარს მიშენი”. სამიზნემდე კი მომავალ წელს მივლენ.
“წლის პლანეტად” კი ვენერა იქცა. დამტკიცდა, რომ აქტიური ვულკანური პროცესები მასზე ახლაც მიმდინარეობს. და რაც ყველაზე საინტერესოა, ვენერას ატმოსფეროს ზედა ფენებში ასტრონომებმა ფოსფინი შეამჩნიეს. გამოითქვა ვარაუდი, რომ ეს არასტაბილური მოლეკულები ცოცხალი ორგანიზმების ცხოველქმედების პროდუქტი შეიძლებოდა ყოფილიყო, რაც დედამიწაზეც ხდება. თუმცა, სკეპტიკოსთა აზრით, შემჩნეული (სპექტრით) ფოსფინის რაოდენობა ძალიან მცირეა, რაც დამზერისას და მონცემთა დამუშავებისას მომხდარ შეცდომებზე მეტყველებს (ვენერას ატმოსფეროში ბიომარკერი ფოსფინი აღმოაჩინეს).
მთელი წლის განმავლობაში ხდებოდა 2019 წელს აღმოჩენილ კომეტა 2I/ბორისოვზე დაკვირვება, რომელიც სხვა ვარსკვლავის სისტემიდან მოფრინდა ჩვენთან. მისი ბირთვის შემომფარგლავი მტვრის და და გაზის კომა, ნახშირჟანგის სამჯერ მეტ რაოდენობას შეიცავდა, ვიდრე მზის სისტემაში ფორმირებული ობიექტისგან უნდა მოველოდეთ. კომეტა ჩვენი სისტემიდან გადის, თან ფრაგმენტებად დაშლა დაიწყო (ვარსკვლავთშორისი კომეტა 2I ბორისოვი). იშლება კომეტა C/2019 Y4 (ATLAS)-იც, რომელმაც დედამიწასთან მაქსიმალურად ახლოს მაისის ბოლოს გაიარა. მზის სიმხურვალეს რომ გადარჩენილიყო, ალბათ წლის ყველაზე ელვარე კომეტა იქნებოდა, ასეთი კი პირველ ფოტოზე გამოსახული 6800 წლიანი პერიოდის მქონე კომეტა “ნეოვაისი” გახდა (წლის კომეტის კუდების სტრუქტურები).
ძალიან ახლოს ჩაგვიფრინა რამდენიმე ასტეროიდმაც, რომელთა დაფიქსირება ბოლო მომენტამდე ვერ მოხერხდა. ასტეროიდებზე დამზერის ისტორიაში პირველად, ყველაზე მჭიდროდ პლანეტასთან ასტეროიდი 2020 QG მოვიდა – 3000 კმ. წელს, მსგავსი ასტეროიდის ვარდნის კვალი ავსტრალიაში იპოვეს: კრატერი იარაბუბა ყველაზე ძველი დარტყმითი კრატერია – 2,2 მლრდ.წ. დედამიწაზე აღმოჩენილ ყველაზე ძველ მატერიასაც ასტეროიდული წარმოშობა აქვს: 1969 წელს ჩამოვარდნილ მურჩისონის მეტეორიტში აღმოჩენილი ნივთიერების ასაკი 7 მილიარდი წელია, ერთნახევარჯერ ხნიერია, ვიდრე დედამიწა.
ვარსკვლავები და გაალქტიკები
ირმის ნახტომის ცენტრში, ცენტრალურ ზემასიურ შავ ხვრელთან ძალიან ახლოს, წარმოუდგენელი სიჩქარით მოძრავი ვარსკვლავი S4714 აღმოაჩინეს, რომელიც სინათლის სხივის სიჩქარის 8%-ს ანვითარებს, თითქმის 24 000 კმ/წმ. ხოლო ფერმის ბუშტებად წოდებული გამა-დიაპაზონში მასხივებელი გავარვარებული და გაიშვიათებული გაზისგან შემდგარი ორი სფერული სტრუქტურა, 2020 წელს, დაკავშირებული იქნა ენერგიის კატასტროფულ გამოფრქვევასთან, რომელიც იქ 3,5 მილიონი წლის წინათ მხოდა (ხვრელმა რაღაც შთანთქა).
ამ წელს პირველად იქნა გაზომილი ყავისფერი ჯუჯის ატმოსფეროში მქროლი ქარის სიჩქარე. ეს ობიექტები შუალედური რგოლია გიგანტურ პლანეტასა და სრულფასოვან ვარსკვლავს შორის. ჯუჯა 2MASS J10475385+2124234-ის ქარის სიჩქარე 2 300 კმ/სთ-ს უტოლდება. მიღებული იქნა შორეული წითელი გიგანტის, ანტარესის ატმოსფეროს პირველი პირდაპირი ფოტოები. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ თეთრი ჯუჯები ნახშირბადის მთავარი წყაროებია სამყაროში. ლითიუმის წყარო კი ახალი ვარსკვლავების აფეთქებები; 2020 წელს, ასტრონომებმა გამოავლინეს ყველაზე მძლავრი ზეახალი – SN 2016aps, რომლამდე მანძილი 3,6 მლრდ. სინათლის წელია (ყველაზე ელვარე ზეახალი).
“წლის ვარსკვლავად” კი ბეთელგეიზე შეიძლება გამოცხადდეს, რომლის ელვარების მერყეობა დიდი ხანია აოცებს მეცნიერებს. წლევანდელ წელს მან ჩაბნელება დაიწყო, სფეროს ფორმაც კი დაკარგა, შემდეგ კი ეს სიმპტომები შეწყდა. ითვლება, რომ მისი უცნაური ქცევა უზარმაზარი მასის გაზის ამოფრქვევას უკავშირდება, რაც მის ნაწილობრივ დაბნელებას იწვევს. კიდევ უფრო უცნაური აღმოჩნდა ბეთელგეიზემდე მანძილის დაზუსტებით მიღებული შედეგი, ის მეოთხედით უფრო ახლოა ჩვენთან, ვიდერე ითვლებოდა, სულ რაღაც 530 სინათლის წელი. შესაბამისად, მცირეა ვარსკვლავის ზომაც.
2020 წელს ისიც აშკარა გახდა, რომ არსებული მოდელები ვერ ხსნის გალაქტიკათა ადრეულ ფორმირებას. აღმოჩენილი იქნა მბრუნავი დისკოს ფორმის მქონე დიდი გალაქტიკა DLA0817g, რომელიც დიდი აფეთქებიდან 1,5 მლრდ. წლის მერე ჩამოყალიბდა. გარდა ამისა, სიძველით მეორე კვაზარის მასა (აქტიური გალაქტიკის ბირთვი) J1007+2115, წარმოუდგენლად სწრაფად გაიზარდა – 1,5 მილიარდი მზის მასა, არა და მისი ცენტრალური ზემასიური შავი ხვრელი დიდი აფეთქებიდან 100 მილიონი წლის მერე უნდა წარმოქმნილიყო. და ცნობილთა შორის ყველაზე ძველი გალაქტიკა – GN-z11, ის, დიდი აფეთქებიდან 400 მილიონი წლის მერევე გაჩნდა, ანუ 13,4 მილიარდი წლისაა.
ეგზოპლანეტები
2020 წელს, დედამიწის მსგავსი ეგზოპლანეტების სია სულ უფრო იზრდებოდა. აღსანიშნავია: კეპლერ-1649c; მზესთან უახლოესი კენტავრის პროქსიმასას ეგზოპლანეტა, რომელიც ე.წ. მწვანე ზონაში მოძრაობს; მწვანე ზონაშია ვარსკვლავ კეპლერ-160-ის მესამე პლანეტაც. თან, ახალი კვლევის მიხედვით, დედამიწა არც კი არის მიჩნეული სიცოცხლისთვის იდეალურ ადგილად, უკეთესებიც უნდა არსებობდეს. ნამუშევარში 24 კანდიდატიც კი არის წარმოდგენილი, რომლებზეც ბიოლოგიური არსებების ევოლუციისთვის სჭირო პირობები უკეთესია, ვიდრე ჩვენთან (უკეთესი საცხოვრებელი).
თებერვალსა და ნოემბერში, ასრონომებმა დააფიქსირეს რადიო სიგნალი, რომელიც შორეული ეგზოპლანეტის მაგნიტურ ველსა და მისი დედა ვარსკვლავის ნაწილაკების ნაკადთა ურთიერთქმედებით წარმოიქმნება, ანალოგიური მექანიზმით ჩნდება პოლარულ ნათებად წოდებული მოვლენა ჩვენთან; მიღებული იქნა მზის მსგავს ვარსკვლავთან არსებული პლანეტური სისტემის პირველი ფოტოები; ჩინეთში ფუნქციონირება დაიწყო მსოფლიოში ყველაზე დიდმა რადიო ტელესკოპმა – FAST, არესიბოს ობსერვატორია კი დაიხურა, მისი ნახევარსაუკუნოვანი “თეფშის” მთლიანად ჩამოშლის გამო.
აღმოაჩინეს გალაქტიკის გარეთ მდებარე ეგზოპლანეტა M51-ULS-1b, დედამიწის ტიპის “ობოლი” პლანეტა OGLE-2016-BLG-1928, რომელიც დედა ვარსკვლავს მოსწყდა და გალაქტიკაში მარტოდ დაფრინავს; შორეული ე.წ. “ცხელი იუპიტერი” ზედაპირის ტემპერატურით 2500 °С, მის ატმოსფეროში არსებული ტიტანისა და ვანადიუმის ოქსიდის ორთქლი ვარსკვლავის სითბოს შთანთქავს და პლანეტას აცხელებს.
შავი ხვრელები და ნეიტრონული ვარსკვლავები
2020-ში დაზუსტებული იქნა 2 წლის წინათ აღმოჩენილი ზემასიური შავი ხვრელის (J2157) მასა – 34 მლრდ. მზის მასა (!!!). დღეში ის 1 მზის მასით იმატებს, ანუ ცნობილთა შორის ყველაზე სწრაფად მზარდი შავი ხვრელია. პირველად მოხერხდა ზემასიური შავი ხვრელის ბრუნვაზე დაკვირვება, რომელიც გალაქტიკა IRAS 13224-3809-ის ცენტრში მდებარეობს.
შემჩნეული იქნა დედამიწასთან ყველაზე ახლოს მდებარეობის კანდიდატი შავი ხვრელიც, ორმაგ სისტემაში HR 6819, ხვრელამდე მანძილი დაახლოებით 1000 სინათლის წელია. პირველად იქნა მიღებული შეჯახების პროცესში მყოფ გალაქტიკათა ზემასიური შავი ხვრელებიდან ამოსული ერთ-ერთი რელატივისტური ჭავლი (“ჯეტი”. დაიმზირება ხოლმე ორი ერთმანეთის პერპენდიკულარული ჭავლი); რეგისტრირებული იქნა შავი ხვრელების შერწყმით წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღები და პროცესის თანმხლები გამოსხივება. სავარაუდოდ, უჩვეულო სამეულთან უნდა გვქონდეს საქმე, შერწყმულ ხვრელებთან ახლოს, ზემასიური შავი ხვრელიც უნდა იყოს; გრავიტაციულ-ტალღურ ობსერვატორიებს LIGO და Virgo, იაპონური KAGRA-ც შეუერთდა.
პროგრესია სწრაფი რადიო ანთებების (FRB) გამოცანის ამოხსნის საქმეშიც. მოხერხდა მოვლენის ზუსტი მისადაგება მაგნიტარ SGR 1935+2154-თან, რომელიც ექსტრემალურად ძლიერი მაგნიტური ველის მქონე სწრაფად მბრუნავ ნეიტრონულ ვარსკვლავს წარმოადგენს. FRB 121102-ზე დაკვირვებით გაირკვა, რომ ზოგიერთი მილიწამიანი სწრაფი რადიო ანთება ნამდვილად მაგნიტარების აქტიურობას უკავშირდება (ნეიტრონული ვარსკვლავი – სწრაფი რადიო იმპულსების წყარო?).
ამ წელს გამოჩნდა მოწმობები იმისა, რომ ახლა სამყარო სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა აჩქარებით ფართოვდება, რაც კოსმოსის იზოტროპულობის პრინციპს (ერთგვაროვნების) ეჭვქვეშ აყენებს. 200 ათასამდე შორეული სპირალური გალქტიკების ბრუნვაზე დაკვირვებით, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სამყარო მისი არსებობის ადრეულ ეტაპებზე უკვე სტრუქტურირებული იყო, შესაძლებელია, ბრუნავდა კიდეც, რაც ანოზოტროპულობის მიზეზი შეიძლება იყოს.
გადაწყდა ბარიონული მატერიის დანაკლისის პრობლემაც, თან ისე, როგორც მოსალაოდნელი იყო. ადრე ჩატარებული დაკვირვებები იმაზე მიუთითებდა, რომ ჩვეულებრივი მატერიის თითქმის ნახევარი, რომლისგანაც ვარსკვლავები და პლანეტები შედგება, ვარსკვლავთშორისი გაზის “ძაფებსა” და გაიშვიათებული გაზის გროვებში იმალება, რომლის დანახვა ძალიან ძნელია, რაც ახლა დამტკიცდა კიდეც; ზოგიერთი ასევე მოსალოდნელი შედეგები მოვიდა დიდი ადრონული კოლაიდერიდანაც. მოხერხდა K-მეზონის უკიდურესად იშვიათი, თუმცა ზუსტად ნავარაუდევი დაშლის პროცესის რეგისტრირება. ასევე, აღმოაჩინეს ოთხი მომხიბვლელი კვარკისგან შემდგარი აქამდე უცნობი კომბინაცია (არომატული კვარკები).
გარდა ამისა, 2020-შივე დასახელდა IceCube-ს მიერ დაფიქსირებული მაღალენერგიული ნეიტრინოების შესაძლო წყარო. სავარაუდოდ, ეს არის ზემასიური შავი ხვრელების ელვარე გვირგვინები; გამოჩნდა ჰიპოთეტური ნაწილაკების, აქსიონების არსებობის დაუდასტურებელი მოწმობები, რომლებიც ბნელი მატერიობის კანდიდატებად განიხილება (ბნელი მატერია სამყაროს ”ბავშვობის დროინდელ” ფოტოზე).
საქართველო
აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია 2020
2019 წლის ნოემბერში, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია გამოეყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომლის შემადგენლობაში ის იყო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი 2007 წლიდან, და დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია. ის არის მემკვიდრე და გამგრძელებელი აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიისა, რომელიც დაარსდა 1932 წელს (საბჭოთა საიდუმლო ობსერვატორია კოსმოსის კვლევას აგრძელებს…).
აბასთუმნის ობსერვატორიის სამეცნიერო კვლევები მოიცავს ასტრონომიის, ასტროფიზიკისა და ატმოსფეროს ფიზიკის პრაქტიკულად ყველა მიმართულებას. აქ იკვლევენ მზეს და მზის სისტემის სხეულებს (პლანეტები, მთვარე და პლანეტათა თანამგზავრები ასტეროიდები, კომეტები), ვარსკვლავებს, გარეგალაქტიკურ ობიექტებსადა მოვლენებს (ცვალებადი ვარსკვლავები, აქტიური გალაქტიკები, ბლაზარები, გამა-აფეთქებები), სწავლობენ კოსმოლოგიას (ადრეული სამყაროს მაგნიტურ ველებს) და თეორიულ ასტროფიზიკას (ასტროფიზიკური დინებები), ატმოსფეროსა და იონოსფეროს (ქვედა და ზედა ატმოსფეროში მიმდინარე მოვლენები), ახლო კოსმოსს. ობსერვატორიის მკვლევართა ნაშრომები ქვეყნდება მაღალრეიტინგულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში. ობსერვატორია მუდმივად ჩართულია საერთაშორისო პროექტებსა და ქსელებში.
ერთ-ერთი მათგანია გრავიტაციული ტალღების თანმდევი ელექტრომაგნიტური ტალღების დაკვირვების საერთაშორისო კოლაბორაცია GRANDMA (https://grandma.lal.in2p3.fr/), რომელშიც აბასთუმნის ობსერვატორია ჩაერთო 2019 წელს. ქართული ჯგუფის ხელმძღვანელია ნინო ყოჩიაშვილი. კოსმოსური გრავიტაციული ტალღები, რომელთა არსებობაც იწინასწარმეტყველა ალბერტ აინშტაინმა 1915 წელს, პირველად აღმოაჩინეს 2015 წელს, ლაზერული ინტერფერომეტრის LIGO-ს საშუალებით. ეს იყო ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო აღმოჩენა. 2020 წლის თებერვალში საქართველოში, თბილისში, 24-28 თებერვალს ჩატარდა GRANDMA-ს საერთაშორისო სემინარი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მეცნიერებმა.
ობსერვატორია მრავალი წელია ჩართულია დედამიწასთან მოახლოებადი ასტეროიდების საერთაშორისო ქსელში ISON, რომლის ფარგლებში მუდმივად მიმდინარეობს ახლო ასტეროიდების მონიტორინგი. ქართული ჯგუფის ხელმძღვანელია რაგული ინასარიძე. ამ ჯგუფის მიერაღმოჩენილ იქნა ორმაგი ასტეროიდი.
აბასთუმნის ობსერვატორიაში სისტემატურად აკვირდებიან აქტიურ გალაქტიკებს – ბლაზარებს, ლორანდი სიგუას ხელმძღვანელობით. ჯგუფი ჩართულია ფართო საერთაშორისო სამეცნიერო ქსელში.
მიმდინარეობს დაკვირვებები ცვალებად ვარსკვლავებსა და გამა-აფეთქებების წყაროებზე.
ყველა ეს დაკვირვებები მიმდინარეობს ობსერვატორიის 70-სმ-იანი და 50-სმ-იანი ტელესკოპების საშუალებით.
ობსერვატორიის მკვლევრები თავიანთ კვლევებში იყენებენ არა მარტო მიწის ზედა, არამედ თანამგზავრულ მონაცემებსაც. კერძოდ, გალაქტიკათა აქტიური გულების მაღალენერგიული გამოსხივების შესწავლისას. აქაც საერთაშორისო კოლაბორაციაში არის ჩართული ჯგუფი ბიძინა კაპანაძის ხელმძღვანელობით.
რაც შეეხება ჩვენს მთავარ ციურ სხეულს – მზეს, ობსერვატორიის მკვლევრები მას მრავალმხრივ შეისწავლიან: მზის ატმოსფეროს მაგნიტო სეისმოლოგიასა და მზის ამინდს, თეიმურაზ ზაქარაშვილის ხელმძღვანელობით, მზის დიფერენციალურ ბრუნვას, ბიძინა ჩარგეიშვილის ხელმძღვანელობით. 2020-ში ამ კვლევების მონაწილე მკვლევრების მიერ გამოქვეყნდა 7 სტატია მაღალრეიტინგულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში.
თინათინ კახნიაშვილი ხელმძღვანელობით, ობსერვატორიის მკვლევრები იკვლევენ ადრეული სამყაროს მაგნიტურ ველების წარმოშობასა და ევოლუციას, უცხოელ პარტნიორებთან მჭიდრო კოლაბორაციაში.
გიორგი ჩაგელიშვილის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს ასტროფიზიკური დინებებისა და არაწრფივი დინამიკის თეორიული კვლევები.
ობსერვატორიაში მიმდინარეობს ატმოსფერო-იონოსფეროს კვლევა, მათში მიმდინარე პროცესების მონიტორინგი თანამედროვე ხელსაწყოებისა და მეთოდების საშუალებით, გოდერძი დიდებულიძის ხელმძღვანელობით. ასევე წარმოებს მზე-დედამიწა კავშირების კვლევა. ობსერვატორია ჩართულია საერთაშორისო კოლაბორაციებში, როგორიცაა დედამიწის მეზოსფეროს ცვლილებების კვლევა (NDMC – Network for Detection of Mesopause Changes).
2020 წელს, ობსერვატორიაში დასრულდა სარეაბილიტაციო სამუშოები, რომლებსაც მსოფლიო ბანკის დახმარებით ახორციელებდა საქართვლეოს მუნიციპალური განვითარების ფონდი. ამ პროექტის ფარგლებში გარემონტდა 125-სმ-იანი ტელესკოპის შენობა და შიდა გზები, განახლდა საბაგირო გზა (ვებ-გვერდი).
ქართველი ასტრომოყვარულები და ასტრონომიის პოპულარიზატორები
ჯეოასტრო – geo-astro
ჩვენს ქვეყანაში, ალბათ, თუ ვინმე ყველაზე მეტ დროს უთმობს ღამის ცის თვალიერებასა და მისი მაღალი ხარისხით გადაღებას, ეს არის ასტროფოტოგრაფთა ჯგუფი – ჯეოასტრო. ბაზალეთში, ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ აშენებულ პატარა ობსერვატორიაში მათი შეკრება იშვიათობა არ არის, განსაკუთრებით, თუ რაიმე ახალი ობიექტი გამოჩნდა ცაზე (ვიდეოლექცია ასტროფოტოგრაფიის შესახებ).
მიხეილ ჭაბუკაშვილი 1tv
2015 წლის ბოლოდან დაიწყო საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ვებგვერდზე (1tv.ge) სამეცნიერო სიახლეების შესახებ სტატიების თარგმნა. ამ დროისთვის, 3000-ზე მეტი სტატია აქვს გამოქვეყნებული. აქედან, დაახლოებით 60 პროცენტი ასტრონომიას ეხება. ვიკიპედიაში მუშაობს 2010 წლიდან, 2011 წლიდან კი გახდა ადმინისტრატორიც. ვიკიპედიაში ასტრონომიაზე თითქმის არ წერდა, ბოლო პერიოდში კი ცდილობს ამ თემაზეც აუცილებლად გადაერთოს.
საქართველოს ასტროკლუბი – GAC
„საქართველოს ასტროკლუბი“-ს მიზნებია: „ასტროკლუბი“–ს წევრების ხელშეწყობა და მათი ძალისხმევის გაერთიანება, რათა: გააერთიანოს ასტრონომიის დარგში მოღვაწე მეცნიერები და მოყვარული ასტრონომები, ხელი შეუწყოს ასტრონომიის პოპულარიზაციას საქართველოში, დანერგოს სკოლებსა და სხვა სასწავლო დაწესებულებებში ასტრონომიის გაღრმავებული ცოდნა, დაამყაროს კონტაქტები უცხოელ თანამოაზრეებთან, მოაწყოს ან მიიღოს მონაწილეობა თემატურ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ღონისძიებებში და ა.შ.
2020 წელს, SRNSFG შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებითა და Planetarium/პლანეტარიუმი-ს სპონსორობით, საქართველოს ასტრონომიის კლუბმა (Georgia Astronomy Club) ასტროფესტივალი გამართა, რომელმაც საქართველოს 6 ქალაქი მოიცვა: თელავი, გორი, ქუთაისი, ბათუმი, ოზურგეთი და თბილისი.
ასტრონომიული ფესტივალი ”ასტროფესტი – 2020” არის საჯარო ღონისძიება, რომელიც მოიცავს პოპულარულ ლექციებსა და ტელესკოპებით დაკვირვებას ციურ სხეულებზე (მზე, იუპიტერი, სატურნი, თანავარსკვლავედები). ღონისძიებას არ გააჩნია ასაკობრივი შეზღუდვა და არის სრულიად უფასო!
თელავში, ღონისძიებაზე ლექცია წაიკითა რამაზ ბლუაშვილმა – ”შეუძლებელი არაფერია” (ფონდი NOVA). ხოლო ქუთაისში, ევგენი ხარაძის სახელობის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის პროფესორმა, ქალბატონმა მაია თოდუამ. მან
დამსწრეებს ჩვენი მშობლიური ვარსკვლავის ფიზიკური თვისებები გააცნო და მრავალ შეკითხვას უპასუხა. წაიკითხა ლექცია – ”ეგზოპლანეტების შესახებ”.
ასტრონომიის კლუბმა დამსწრეებს თავისი ტელესკოპები შესთავაზა, თუმცა ზოგიერთმა წამოიღო საკუთარი ოპტიკა. ეს კარგი შესაძლებლობა იყო იმათთვის, ვისაც სურს ისწავლოს თავისი ტელესკოპისა თუ ბინოკლის სწორად გამოყენება, ასტროფოტოგრაფიის საფუძვლებისა და ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი ასტრონომიული მასალების გაცნობა. დამსწრეებს საშუალება მიეცათ ციური ობიექტები ტელესკოპიდან მობილურების საშუალებით გადაეღოთ (წელსვე იყო დაგეგმილი ასტრონომიული ფოტოების გამოფენა-კონკურსი, რომელშიც ყველა მსურველს შუძლია მონაწილეობის მიღება, თუ კონკურსის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, სამწუხაროდ, პანდემიის გამო გადაიდო).
რაც შეეხება astronet.ge-ს (მხოლოდ ასტრონომიის პროფილის მქონე სხვა საიტი არც გვაქვს), ის უკვე 11 წელია არსებობს, თავიდან, უცხოურ სერვერზე მუშაობდა, უფასო ჰოსთინგით, ამჯერად კი ქართულ სერვერზეა (Serv.ge) განთავსებული (მომსახურება, რა თქმა უნდა, ფასიანია, რაც დამატებით პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული), თუმცა მის მაქსიმალურ სიქართულეზე, რაც მთავარია, არა მარტო ეს მეტყველებს, რაშიც ქართული ტექსტები და ფოტოებზე დატანილი ქართული განმარტებებიც დაგარწმუნებთ. 2020 წლის 23 დეკემბრის მდგომარეობით, საიტზე უკვე 3444 სტატია გამოქვეყნდა. ვებ. უზრუნველყოფა და პოსტების განთავსება ენთუზიასტების დამსახურებაა, რომელთაც ეს ყველაფერი (ძირითადად) უანგაროდ გააკეთეს.
ასტრონეტის ყველა მკითხველს გილოცავთ ახალ წელს! გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს, დაე, უღრუბლო, ვარსკვლავებით მოჭედილი ღამეები ბრწყინავდეს თქვენს თავზე 🙂