ჩინეთის კოსმოსური აპარატი ”ტიანვენ-1” მარსის ორბიტაზე წარმატებით გავიდა

 ჩინეთის მარსის მისია ”ტიანვენ-1” 2020 წლის 10 თებერვალს წითელი პლანეტის ორბიტაზე წარმატებით გავიდა. მანამდე ჩინეთი სამჯერ წარმატებით დაეშვა მთვარეზე და აქედან ერთ-ერთმა ხომალდმა დედამიწაზე მთვარის გრუნტის ნიმუშიც კი ჩამოიტანა. ახლა კი ქვეყნის სამეცნიერო საზოგადოების წინაშე ურთულესი ამოცანა დგას – ზონდი მარსის ზედაპირზე უნდა დაეშვას.

ჩინეთის კოსმოსურმა სააგენტომ ”ტიანვენ-1” ზონდის მიერ გადაღებული მარსის პირველი სურათი გამოაქვეყნა (ჩინეთის ეროვნული კოსმოსური ადმინისტრაცია, Reuters).

ვიდეო: მისია ”ტიანვენ-1”-ის სტარტი ივლისში, პროვინცია ჰაინანი, ჩინეთი (China Daily/Reuters).

 ხომალდი მარსის ორბიტაზე არაბეთის გაერთიანებული საამიროების ხომალდის – “Hope” კვალდაკვალ წარმატებით გავიდა, თუმცა, არაბეთის მისსიისგან განსხვავებით ჩინეთმა წითელი პლანეტის ზედაპირზე ლენდერი და მარსმავალი უნდა დასვას; ისინი NASA-ს ხომალდ ”Perseverance”-სთან ერთად მარსის მკვლევარი აპარატების ახალ სამეულს შექმნიან.

კოსმოსური აპარატი ”ტიანვენ-1”

 ”ტიანვენ-1” მოკლე ტრანზიტით ჩავიდა მარსთან, გამოიყენა რა ორბიტებზე ორი პლანეტის 2020 წლის იშვიათი განლაგება. წითელ პლანეტასთან საჭირო კუთხით მიახლოების მიზნით ხომალდმა მაკორექტირებელი ძრავები რამდენჯერმე ჩართო. საბოლოო კორექცია 2021 წლის 5 თებერვალს განხორციელდა, როდესაც ”ტიანვენ-1” მარსიდან 3,5 მილიონი კილომეტრის მანძილზე იმყოფებოდა. მანევრის შემდეგ ზონდმა მარსის პირველი სურათები გადმოსცა.

 8 თებერვალს მაკორექტირებელი ძრავები 15 წუთით ჩაირთო, რის შედეგადაც ხომალდის სიჩქარე მნიშვნელოვნად შემცირდა და ის მარსის გრავიტაციულმა ველმა ”გამოიჭირა”. შედეგად, ხომალდი მარსის გარშემო ელიფსურ ორბიტაზე დამკვიდრდა,  სადაც ის ბევრ სხვა აპარატთან ერთად, მათგან უსაფრთხო მანძილზე მიმოიქცევა. რამდენიმე თვეში, ორბიტის პარამეტრების დაწვრილებით შესწავლის შემდეგ, ზონდიდედა-ხომალდს გამოეყოფა და მარსის ზედაპირისკენ გაემართება.

კოსმოსური ხომალდი ”ტიანვენ-1” ზონდით და მარსმავლითაა აღჭურვილი. სურათი მოკლედ ასახავს მისსიის გეგმას (CNSA-ჩინეთის ეროვნული კოსმოსური სააგენტო, Associated Press).

 მარსზე ჩასვლით ჩინეთმა რიგით მეორე საპლანეტათშორისო მისსიის წარმატებით განხორციელება მოახერხა; პირველი მისსია, ”Yinghuo-1”, დედამიწის ატმოსფეროში დაიწვა, თუმცა არა ჩინეთის მიზეზით, არამედ იმიტომ, რომ რუსული რაკეტა-მატარებელი სტარტიდან რამოდენიმე წამში აფეთქდა.

როდის დაჯდება ჩინეთი მარსზე?

 ორბიტერზე ლენდერი და მარსმავალია დამაგრებული, რაც ზედაპირისკენ ტრანზიტს უკიდურესად ართულებს. როგორც ოფიციალური წყაროები იუწყებიან: მარსის ზედაპირზე დაჯდომის პირველი მცდელობა მაისში განხორციელდება. ზონდი მარსის ზედაპირზე პარაშუტით დაეშვება, რომელიც დამცავ კაფსულაზეა დამაგრებული. კაფსულას სპეციალური ფორმა აქვს, რაც მასში განთავსებული ლენდერის რბილად დაშვებას უზრუნველყოფს. დასაკეცი ფეხები ჯერ კიდევ ატმოსფეროში ფრენის დროს გამოიშლება, ზედაპირზე კი ლიანდაგები ჩამოიშლება და მარსმავალი ძირს ჩამოგორდება. შემდეგ მარსმავალი მზის ოთხ პანელს გაშლის და დაიმუხტება.

ვიდეო: ორბიტერი ზონდით (ზემოთ), ლენდერი ზონდით და როვერით მის ქვეშ (მარცხნივ) და მარსმავალი მზის პანელებით (მარჯვნივ) (ელინორ კუცი. წყარო: CNSA-ჩინეთის ეროვნული კოსმოსური სააგენტო).

 აპარატი Utopia Planitia-ზე დაეშვება, მარსის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს დიდ ველზე, რომლის წარმოქმნაც შორეულ წარსულში მძლავრი მეტეორული შეჯახების შედეგია. სწორედ აქ დაეშვა NASA-ს ლენდერი ”Viking 2”  1976 წელს. ”Tianwen-1” მისსიის ერთ-ერთი დანიშნულებაც ის არის, რომ ამ რეგიონში გრუნტში აღმოჩენილი ყინულის მასიური ფენების განაწილება გამოიკვლიოს, რაც მომავალ კოლონისტებს წყლის მარაგის შესავსებად გამოადგებათ (ყინულის ფენები მარსზე).

 წითელ პლანეტაზე დაშვება ურთულესია: ხომალდი მარსის თხელ ატმოსფეროში დიდი სიჩქარით უნდა შეიჭრას, ამიტომ მისი შენელება მხოლოდ ხახუნის ძალის ხარჯხე ვერ მოესწრება. სწორედ ამ მიზეზით, პლანეტაზე დაშვების უამრავი მცდელობა (ბმული) წარუმატებლად დამთავრდა. აქამდე NASA ერთადერთი კოსმოსური სააგენტოა, რომელმაც ეს რამდენჯერმე მოახერხა. ამიტომ, კატასტროფის რისკების მაქსიმალურად შესამცირებლად, ჩინური ხომალდი მარსის ორბიტიდან მრავალჯერად გაზომვებს ჩაატარებს.

ვიდეო: ჩინური მარსის მისია „ტიანვენ-1, ზოგადი მიმოხილვა.

 თუ მარსმავალი ზედაპირზე მშვიდობიანად დაეშვება – მას სახელს დაარქმევენ. ამ მიზნით ჩინეთმა სახალხო კონკურსი გამოაცხადა და 10 ნახევარფინალისტი შეარჩია. როგორც ჩინეთის პრესა იუწყება, სახელებს შორისაა ”Hongyi” – ”ამბიცია”, ”Qilin” – ჩინური ლეგენდის პერსონაჟი და ”Nezha” – ამბოხებული ახალგაზრდების მფარველი პატარა ქალღმერთი ანიმაციური ფილმიდან.

ჩინეთის უახლესი მიღწევები კოსმოსის ათვისებაში

 2020 წლის ივლისში მარსზე ხომალდის გაგზავნის დღიდან ჩინეთმა უდიდეს წარმატებას მიაღწია – მან მთვარის ნიმუშის ჩამოტანის მისსია განახორციელა. ”Chang’e-5” მთვარისკენ ნოემბერში გაეშურა, მის ზედაპირზე დაეშვა, გრუნტის ნიმუშები აიღო და დედამიწაზე გამოაგზავნა. აქამდე დედამიწაზე მთვარის ნიმუშები მხოლოდ Apollo-ს მისსიების ასტრონავტებს ჰქონდათ ჩამოტანილი.

 ჩინური მისსია ”Chang’e-4” პირველი იყო, რომელიც მთვარის ”უხილავ” მხარეს დაეშვა; ხომალდმა თან მთვარემავალი ”Yutu-2” წაიყვანა – ორივე აპარატი მთვარეზე დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს.

ვიდეო: ”Chang’e-4”-ს მიერ მთვარის უხილავი მხარიდან გადმოცემული ფერადი პანორამა; მოჩანს მთვარემავალი ”Yutu-2”.

2021 წელს მარსს რამდენიმე აპარატი ესტუმრება

 არაბეთის გაერთიანებული სამეფოს კოსმოსური სააგენტოს ორბიტერი ”Hope” 9 თებერვალს მარსის ორბიტაზე წარმატებით გავიდა. ეს აპარატი მარსის ატმოსფეროს დაწვრილებით გამოიკვლევს, განსაკუთრებული ყურადღება კი წყლის გეოლოგიური და სეზონური ციკლების შესწავლას დაეთმობა; შედეგად, მეცნიერები მარსული ამინდის დინამიკას შეისწავლიან.

 18 თებერვალს წითელი პლანეტის ზედაპირზე NASA-ს უახლესი მარსმავალი ”Perseverance” დაეშვება, რომელიც, ”Curiosity”--ს მსგავსია, რომელიც გეილის კრატერს იკვლევს. თუმცა ”Perseverance” ის განსხვავებულ ლოკაციას – კრატერ ”ჯეზეროს”  გამოიკვლევს. ახალი მარსმავალი სრულიად განსხვავებული აპარატურითაა აღჭურვილი, და ის მარსზე ოდესღაც თუ ამჟამად სავარაუდოდ არსებული სიცოცხლის ფორმების შესწავლას შეუდგება.

 ამ მისსიის განსაკუთრებული თავისებურება კიდევ ის არის, რომ მარსმავალს პირველი  მარსის შვეულმფრენი ”Ingenuity” მიაქვს, რომელიც მარსის ატმოსფეროში ისტორიულ ფრენებს განახორციელებს და, მარსმავლებთან შედარებით გაცილებით უფრო ფართო არეალებს გამოიკვლევს.

კიდევ რომელი აპარატები შეისწავლიან მარსს?

 სივრცე წითელი პლანეტის გარშემო ნელ-ნელა ვიწროვდება – ექვსი ორბიტერიდან სამი NASA-ს საკუთრებაა: ”Mars Odyssey”, ”Mars Reconnaissance Orbiter”, და ”MAVEN”; ორი ხომალდი ევროპის კოსმოსურ სააგენტოს ეკუთვნის: ”Mars Express orbiter” და ”ExoMars Trace Gas Orbiter”. ეს უკანასკნელი რუსეთის კოსმოსური სააგენტოს საკუთრებაცაა. ერთი ორბიტერი კი, ”Mangalyaan” ინდოეთის მიერ 2013 წელს გაშვებული ხომალდია (მარსის ორბიტული მზვერავები).

 მარსის ზედაპირზე ორი ამერიკული მისსია მუშაობს – მარსმავალი ”Curiosity”, რომელიც იქ 2012 წელს დაეშვა და ”InSight”, რომელიც მარსძვრებს და პლანეტის ქერქის პარამეტრებს შეისწავლის. ერთ-ერთი უაღრესად წარმატებული მარსმავალი ”Opportunity” 2019 წელს მარსის გლობალურმა ქარიშხალმა შეიწირა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.