“ოპორტუნიტი”- მარსის საუკეთესო მკვლევარის მოკლე ისტორია

 2019 წლის 13 თებერვალს, მარსმავალ “ოპორტუნიტისთან” კავშირის დამყარების წარუმატებელი მცდელობების მერე,NASA-მ ეს მისია დახურულად გამოაცხადა. წითელ პლანეტაზე 15 წლის წინ დაშვებულმა მარსმავალმა სამუშაოდ დაგეგმილ ვადას მრავალჯერ გადააჭარბა და ალბათ, რომ არა შარშანდელი უძლიერესი ქვიშის ქარიშხალი, ახლაც მწყობრში იქნებოდა.

პლანეტის სიამაყე

 “ოპორტუნიტი” იყო ტყუპისცალი მარსმავლებიდან ერთ-ერთი, რომლებიც მისია Mars Exploration Rover (მარსის მკვლევარი ყველგანმავალი)-ის ჩარჩოებში 2004 წელს მარსზე გააგზავნეს. ეს პროექტი წარუმატებლობათა სერიისა და ერთი წარმატებული მცდელობის პირმშო იყო (მარსმავლების სასაფლაო წითელ პლანეტაზე). საქმე ისაა, რომ NASA მარსის კვლევას რიგი ორბიტული თანამგზავრებისა და დასაშვები აპარატების საშუალებით ცდილობდა, ამ მცდელობათა მეტი წილი, სხვადასხვა მიზეზების გამო, ცუდად სრულდებოდა. ამ ყველაფერმა კი სააგენტოსა და მის გეგმებს მძიმე დარტყმა მიაყენა. საბედნიეროდ, მარტივმა და არც თუ ისე ძვირმა “მარსმავალმა” (Mars Pathfinder), დავალება წარმატებით შეასრულა, თან დაგეგმილ ვადას 12-ჯერ გადააჭარბა. NASA-მ ამ შანსით ისარგებლა და მარსისკენ ტყუპი მარსმავლები ”ოპორტუნიტი” და ”სპირიტი” გაუშვა.

 მწარე გამოცდილების გათვალისიწნებით, NASA-ს სპეციალისტებმა საკმაოდ მოკრძალებული სამუშაო დრო გამოუყვეს ”ოპორტუნიტი”-ს: სულ რაღაც 90 სოლი (სოლი – მარსული დღე-ღამე), დაშვების დღიდან, რომელიც 2004 წლის იანვარში განხორციელდა. დასაშვები ადგილი ჰემატიტთან იყო დაკავშირებული, რომლის გროვებს მარსის ორბიტაზე მოძრავი Mars Global Surveyor (მარსის გლობალური მკვლევარი, ინსპექტორი…) ხედავდა. მარსმავლის დაშვება ჯერ, პლატო მერიდიანიზე (ლათ. Meridiani Planum) იგეგმებოდა, რომელიც ამ მინერალით არის მდიდარი. სპეციალისტები გეგმავდნენ ჰემატიტის წარმოქმნის პირობები შეესწავლათ, რომელიც ჩვეულებრივ (არა ყოველთვის), წყალთან არის დაკავშირებული.

 გეოლოგიური ძიებების ჩასატარებლად, მრსმავალი ყველა საჭირო ინსტრუმენტით იყო აღჭურვილი – პანორამული კამერები, მაგნიტები, ქვის სახეხი მოწყობილობა და სპექტრომეტრები, რომლებიც ნიმუშის ქიმიური შემადგენელის დადგენის საშულებას იძლეოდა, მათ შორის, ალფა-ნაწილაკების რენტგენის სპექტროგრაფი – APXS. აღჭურვილი იყო საშიშროებათა არიდებისა და ექსტრემალური ტემპერატურისგან დამცავი სისტემითაც.

 მთავარი მიღწევა

 დაშვების ადგილს მარსმავალი 22 კილომეტრით აცდა და სრულიად შემთხვევით, კრატერ იგლთან აღმოჩნდა, რასაც მეციერებმა ”გოლფის პატარა ორმოში მოხვედრა” უწოდეს. აქ და ახლოს მდებარე კრატერ ენდიურანსში, ”ოპორტუნიტი” მარსის ქანების კვლევითა და პანორამული ლანდშაფტების გადაღებით იყო დაკავებული. ზედაპირზე ამომავალ ქანებში მან ერთ დროს იქ არსებული წყლის კვალი აღმოაჩინა.

 მარსმავალმა ქანების დეტალური მიკროსკოპული გამოსახულებები გადმოსცა, რომლებიც სპეციალურად გაპრიალებულივით მბრწყინავ სხვადასხვა ზომის სფერულ გრანულებს შეიცავდა. მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ეს ჩანართები ვულკანური აქტიურობით, ან მეტეორიტების ვარდნის შედეგად გაჩნდა, ან წყალში დანალექ ქანებს წარმოადგენდა.

არამდგრადობის ზეგანი (”ოპორტუნიტი”/NASA).

 გაირკვა, რომ ამ ნაწილაკების განაწილება არაერთგვაროვანი და ქაოსური იყო, რაც წყლის არსებობით შეიძლება აიხსნას, წინააღმდეგ შემთხვევაში, გრანულების მდებარეობა გარკვეულ ფენებთან იქნებოდა დაკავშირებული. გარდა ამისა, გრანულები ჰემატიტს შეიცავდა და როგორც ჩანს, მათი ზრდა წყალში გახსნილი რკინის თანხლებით მიმდინარეობდა. დაშვებიდან უკვე რამდენიმე თვის შემდეგ გაკეთბეულმა ამ აღმოჩენამ, მეცნიერთა იმედები ბოლომდე გაამართლა.

გრძელი გზა

 კრატერ ენდიურანსის კვლევის დასრულების მერე, ”ოპორტუნიტიმ” კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ აღმოჩინა: მარსმავლის სითბური ფარის დაცემის ადგილთან ახლოს, კოსმოსის კვლევის ისტორიაში პირველად, სხვა პლანეტაზე დაცემულ მეტეორიტს წააწყდა. ობიექტი არ გაუბურღაცთ, რადგან ის რკინა-ნიკელისგან შედგებოდა და ბურღის დაზიანება შეეძლო. გაურკვეველი დარჩა, მეტეორიტი ახალი ჩამოვარდნილი იყო თუ მარსის მტვრიან ზედაპირზე მილიონობით წელი გაატარა.

 

 ამის მერე, მარსმავალი წითელი პლანტის ვაკეებზე სამოგზაუროდ გაეშურა, უამრავი კრატერი, გორაკი და კლდე დაათვალიერა. მისმა საიმედოობამ სავარაუდო 90 სოლს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. ყველაზე დიდი საფრთხე მარსული მტვრისგან მოდიოდა, რომელსაც აპარატის მზის ბატარეების დაფარვა შეეძლო, რაც ენერგიის წყაროს გარეშე დატოვებდა მას. როგორც აღმოჩნდა, თვითონ ქარივე ახდენდა პანელების ეფექტურ გაწმენდასა და ყველგანმავლის მუშა მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფას. დღეში გავლილი გზის სიგრძის რეკორდულ მაჩვენებლებს თვითონვე აუმჯობესებდა (პლანეტამავალთა კოსმოსური რეკორდები).

”ოპორტუნიტი”-ს კვალი და მარსული ქარბორბალა.

 ბუნებრივია, იყო პრობლემებიც. 2005 წლის 26 აპრილს (446-ე სოლი), მარსმავალი 30 სანტიმტრიან ქვიშის დიუნაში (ინგლ. Purgatory Dune) გაიჭედა. ოთხივე ბორბალი ნახევრამდე იყო ჩაფლული, გაგრძელებულ მისიას კი ნაადრევად დასრულების საფრთხე ემუქრებოდა. მოგვიანებით, იგივე დაემართა ”სპირიტ”-საც, რაც მან ვერ გადაიტანა.  NASA-მ მარსმავლის მაკეტისა და ქვიშიანი დიუნის მოდელირება მოახდინა, რათა დაედგინათ, რას გამოიწვევდა ბორბლების ფრთხილი ტრიალი.

 მარსმავალის სრული გათავისუფლება მხოლოდ 2005 წლის 4 ივნისისთვის მოხერხდა. მან ”ხაფანგი” დეტალურად შეისწავლა და სამხრეთით, კრატერ ერებუსისკენ წავიდა. ინციდენტის შესაძლო განმეორების თავიდან ასაცილებლად, სპეციალისტებმა სრიალის მაკონტროლებელი პროგრამა შეიმუშავეს, რომელიც აპარატს ამძრავს უთიშავდა.

“ოპორტუნიტი” ერებუსზე.

 მისია Opportunity იმითაც არის თვალსაჩინო, რომ მარსმავალი თითქოსდა გამოუვალი სიტუაციებიდან გამოძრომასაც ახერხებდა. როცა მისი მექანიკური მანიპულატორი (”ხელი”) დაზიანდა, დახმარება დამატებითი დამცავი მოწყობილობიდან მოვიდა. დამოუკიდებლად გათიშვას ”ხელი” ვერ ახერხებდა, რასაც აკუმულატორის განმუხტვა შეეძლო, მაგრამ თერმოსტატური ჩამრთველი, რომელიც გადაცხელების წინააღმდეგ მუშაობდა, დღის საათებში ავტომატურად თიშავდა მას. ზამთრობით, მზის სხივების ნაკლებობისას, მარსმავალი ე.წ. ”მძინარე” რეჟიმში გადადიოდა. ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება მანიპულატორის მოძრავ ნაწილებს სწრაფი გაცვეთით ემუქრებოდა, ამიტომ მისი ამოქმედება მოძრაობაში ხდებოდა, რაც გაჭედვის საფრთხეს გამორიცხავდა, თუ ელექტრო ძრავა არ დატრიალდებოდა.

ღირსეული ფინალი

 ”ოპორტუნიტი”-მ 2007 წლის ქვიშის ქარიშხალიც კი გადაიტანა. გამოთვლების მიხედვით, სტიქია მზის სხივების 99%-ს ბლოკავდა. მარსმავლის მიერ გამოყენებული ენერგიის რაოდენობა მინიმუმამდე დავიდა, ”ძილის” რეჟიმიდან გამოსვლას ის ვეღარ შეძლებდა. მიუხედავად ამისა, თავისი მოძმისგან განსხვავებით, აპარატი მუშაობას ისევ აგრძელებდა.

 2018 წლის იანვრისთვის,  ”ოპორტუნიტი”-მ 45 კილომეტრი გაიარა, მისიის ხანგრძლივობამ კი 2246 სოლს მიაღწია, რამაც ის მარსზე ყველაზე ხანგრძლივად მომუშავე აპარატად აქცია. შეისწავლა უამრავი კრატერი, ერებუსის ჩათვლით, ვიქტორია, ინდევორი, სანტა მარია, გადაიღო ფობოსის გავლა მზის დისკოზე, აღმოაჩინა აქამდე უცნობი გეოლოგიური წარმონაქმნები, გამოაგზავნა უამრავი პანორამული ფოტო.

 2018 წელს, პლანეტური მასშტაბის ქვიშის ქარიშხლის გადატანა (მტვრიანი “სელფი” ”ქიურიოსიტი”-სგან), რომელიც 2007 წლის ქარიშხალზე ძლიერი იყო, აპარატმა ვეღარ შეძლო, 10 ივნისს გამოგზავნილი ბოლო სიგნალის მერე, სამუდამოდ დადუმდა.

 მარსმავლის სამეცნიერო წვლილი შეუფასებელია. მისი სახელი შეარქვეს ერთ-ერთ ასტეროიდს, ხოლო დასაშვები პლატფორმა, რომლიდანაც ”ოპორტუნიტი” მარსის ზედაპირზე გადმოვიდა, ”ჩელენჯერი”-ს კატასტროფის დროს დაღუპული ასტრონავტების ხსოვნის მემორიალად გამოცხადდა. მარსმავალმა კაცობრიობას მარსის პეიზაჟები აჩვენა, დაამტკიცა, რომ ოდესღაც, წითელი პლანეტის ზედაპირზე თხევადი წყლის ზღვები არსებობდა. მისია ”ოპორტუნიტი” არ შეწყვეტილა, ის უბრალოდ დასრულდა, მრავალწლიანი ნაყოფიერი შრომის მერე. კაცობრიობა, ალბათ, მარსისკენ პილოტირებული ხომალდების გაშვებას შეძლებს, სადაც მას წითელ ქვიშაში ჩაკარგული ღვაწლმოსილი მარსმავალი ელოდება(კიდევ ”ოპორტუნიტი”-ს შესახებ; ყველაზე მაგარი მანქანა…).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.