“ინსაითმა” (InSight) მარსზე უცნაური მაგნიტური იმპულსები დააფიქსირა – მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია

 შუაღამე დგება თუ არა, მარსის მაგნიტური ველი უჩვეულო რითმით პულსირებას იწყებს – ასეთია NASA-ს პირველი რობოტი-გეოფიზიკოსის, ”ინსაითის” მორიგი შთამბეჭდავი აღმოჩენა. მას შემდეგ, რაც  წითელ პლანეტაზე 2018 წლის ნოემბერში დაეშვა, ”InSight” მეცნიერებს პლანეტის აგებულების შესახებ მნიშვნელოვან ცნობებს აწვდის: აპარატი ზომავს მარსის ზედა გეოლოგიური ფენების ტემპერატურას, ადგილობრივი მაგნიტური ველის სიმძლავრეს, და მიწისძვრების ბგერებსაც იწერს.

 “ინსაითი” (InSight) მარსის ზედაპირზე და მისი სამეცნიერო ინსტრუმენტები (ილუსტრაცია). მაგნიტომეტრიდან მიღებული მონაცემების მიხედვით, ღამით მარსის მაგნიტური ველი უჩვეულო შეშფოთებებს განიცდის.

 კვლევის პირველი შედეგების პრეზენტაცია 2019 წლის ევროპის პლანეტური მეცნიერების კონგრესისა და ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების ერთობლივ შეხვედრაზე გაჟღერდა: როგორც ჩანს, წითელი პლანეტის ზედაპირის ქვეშ თხევადი წყლის უზარმაზარი რეზერვუარია დამალული.

 უცნაური პულსაციების გარდა, გამოვლინდა, რომ მარსის გეოლოგიური ქერქის მაგნიტური ველი გაცილებით უფრო მძლავრია, ვიდრე აქამდე ითვლებოდა. მეცნიერები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ ასევე 3 კილომეტრის სისქის ელექტროგამტარი ფენის არსებობას, რომელიც  აპარატმა პლანეტის ღრმა ფენებში აღმოაჩინა. სწორედ ამ ფენაში ვარაუდობენ წყლის არსებობას. ამ ვარაუდს კიდევ უფრო ამყარებს მარსის პოლარული რეგიონის ქვეშ ახლახანს აღმოჩენილი წყლის სქელი ფენა (მარსის ჩრდილოეთ პოლუსის ქვეშ წყლის ყინულის ახალი ფენები აღმოაჩინეს; კიდევ “ინსაითის” შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.