ჯადოსნური კუნძული ტიტანზე

 სატურნის 62 ბუნებრივი თანამგზავრიდან, ტიტანი ყველაზე დიდია, მასზე მეთანისა და ეთანის ტბები და ზღვებია აღმოჩენილი. ის ერთად-ერთი თანამგზავრია მზის სისტემაში, რომლის ზედაპირი მყარი და თხევადი მასით არის დაფარული. იქ არა მარტო ტბები და ზღვებია (ოკეანე ტიტანზე), არამედ მდინარეები (ციური მდინარე: მინი-ნილოსი) და წვიმები, ზუსტად ისეთი პროცესები, რასაც ჩვენს პლანეტაზე წყლის წრებრუნვას ვუწოდებთ. ტიტანის სქელი და ღრუბლიანი ატმოსფეროს ქვემოთ მდებარე, ტიტანის სიდიდით მეორე ზღვის – ლიგეიას კვლევა ”კასინი”-ზე არსებული რადარის მეშვეობით ჩატარდა. ზღვის სახელი ძველბერძნული მითოლოგიის სირინოზის სახელიდან მომდინარეობს. ამ ზღვებზე დაცემული რადარის სხივი პრაქტიკულად მთლიანად შთაინთქმება, სიგნალი უკან აღარ ბრუნდება, ამიტომ დანარჩენ ლანდშაფტთან შედარებით, ”წყალსატევები” ბნელი ლაქებივით გამოიყურება. მეცნიერებმა ზონდის მიერ გამოგზავნილი ახალი სურათები ძველებს შეადარეს – ამ მეთოდს კომეტებისა და ასტეროიდების აღმოსაჩენადაც იყენებენ ხოლმე. 2013 წლის ივლისში, “კასინიმ” დანარჩენი ლანდშაფტის მსგავსი არეკვლის უნარის მქონე ობიექტი აღმოაჩინა, რომელიც შემდგომ დაკვირვებებში აღარ გამოჩნდა.

 მეცნიერები ამას, რა თქმა უნდა, უცხოპლანეტელებს არ მიაწერენ. ტიტანზე სეზონების ცვლილება მიმდინარეობს (ტიტანის ატმოსფეროს მერყევი ხასიათი), ზაფხული ახლოვდება, ზედაპირი უფრო მეტად თბება, თავს იჩენს მოვლენები, რომლებიც სხვა დროს შეუმჩნველი რჩება (ტალღები არამიწიერ ოკეანეში; ადრე დედამიწის ატმოსფერო ტიტანისას ჰგავდა). ან სულაც, ანარეკლი ზღვის სიღრმიდან ამოსულ ბუშტულებსაც შეეძლო წარმოექმნა (შემოდგომა ტიტანზე; „კასინიმ“ ტიტანის კრატერთა გაქრობა აღმოაჩინა).

ავტორი: თეო ჯაფარიძე.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.