მთვარის ანარეკლი

 მთვარის ასეთი უჩვეულო სურათი ორი გამოსახულების შეთავსების შედეგად გამოვიდა: სრულიად ჩვეულებრივ ფოტოზე, მოდელირებული ანარეკლია დადებული, რომელსაც იდეალურად გლუვი ზედაპირის მქონე მთვარე 150 მჰც-ზე მოგვცემდა. ელვარე ყვითელი ზოლი, ეს არის ირმის ნახტომში მოძრავი ელექტრონების სინქროტრონული გამოსხივება. მთვარე ამ დიაპზონში, მასზე დაცემული ელექტრომაგნიტური ენერგიის დახლოებით 7%-ს ირეკლავს, არეკლილი რადიო ტალღები კი მის ”ელვარებას” ამ სიხშირეზე 14%-ით ზრდის.

 ამ სიგრძის ტალღაზე მთვარისთვის რომ რადიო ტელესკოპით ”შეგვეხედა”, ასეთ მკაფიო სურათს ნამდვილად ვერ დავინახავდით. სინქროტრონული გამოსხივების ანარეკლი, რომელიც მთვარის ზედაპირზე გაბნევასაც განიცდის, ხარვეზებით იქნებოდა სავსე. ძლიერია ეფექტი ადამანის მოღვაწეობით გაჩენილი რადიო გამოსხივების მხრიდანაც (განსაკუთრებით FM დიაპაზონში, რომელზეც ჯერ კიდევ ბევრი რადიო სადგური მაუწყებლობს).

 კიდევ ერთი ეფექტი, ოპტიკურ (ხილულ) დიაპაზონს ეკუთვნის: ახალმთვარეობამდე რამდენიმე დღით ადრე და რამდენიმე დღის განმავლობაში ამ მომენტიდან, სანამ მთვარე ცაზე ჩანს, ხოლო მზე ახალი ჩასულია, მთვარის მთლიანი დისკოს დანახვაა შესაძლებელი, რომელიც დედამიწიდან არეკლილი მზის სხივებით არის განათებული – ე.წ. ნაცრისფერი მთვარე (ნუმენია და ნაცრისფერი მთვარე).

ხელოვნური წარმოშობის რადიო ტალღები (68 მჰც), რომლებიც მთვარიდან უკან აირეკლა და რადიო ინტერფერომეტრმა LOFAR მიიღო. მარცხნივ ზემოთ – მთლიანი გამოსახულება: მთვარე ბნელი ლაქის სახით ცენტრში, არეკლილი სიგნალი – კაშკაშა წერტილი მთვარის ცენტრში, ყველაფერ ამას კი ირმის ნახტომის ფონური გამოსხივება შემოფარგლავს. ფერებით ნაჩვენებია გამოსხივების ნაკადის ინტენსიურობა (H. K. Vedantham et al., 2015. Lunar occultation of the diffuse radio sky: LOFAR measurements between 35 and 80 MHz).

 პირველ ფოტოზე წარმოდგენილი მოდელირება ამ სტატიიდან არის აღებული. რატომ დაჭირდათ ნამუშევრის ავტორებს, ჩვენი გალაქტიკის გამოსხივების მიერ გაჩენილი რადიოგამოსხივების მთვარეზე არეკვლის მოდელირება?

 საქმე ისაა, რომ მეცნიერები ცდილობენ სამყაროს ევოლუციის საწყისი ეტაპები შეისწავლონ. რეკომბინაციის მერე, როცა სამყაროს გაფართოებისა და გაცივების გამო ელექტრონებმა და პროტონებმა ატომებად გაერთიანება შეძლო, სამყარო ელექტრო ნეიტრალური გახდა: არც არაფერი ასხივებდა და არც არაფერი შთანთქავდა გამოსხივებას, სწორედ ამიტომ უწოდეს მეცნიერებმა ამ პერიოდს ბნელი საუკუნეები (ადრეული სამყარო). თანდათანობით, წყალბადსგან შემდგარმა უზარმაზარმა ღრუბლებმა შეგროვება, გასქელება და შეკუმშვა დაიწყო, საკუთარივე გრავიტაციის ზემოქმედებით: აინთო პირველი ვარსკვლავები, გაჩნდა პირველი ვარსკვლავთგროვები და გალაქტიკები. ამ ვარსკვლავების მიერ გამოსხივებულმა მაღალი ენერგიის ფოტონება ისევ იონიზირებული მდგომარეობაში გადაიყვანა გაზი – დაიწყო რეიონიზაცია. ახლაც იმ ეპოქაში ვცხოვრობთ, რომელშიც ვარსკვლავთშორისი და გალაქტიკათშორისი გაზი იონიზირებულ მდგომარეობაშია (გაზის იონიზაცია).

 ბნელი საუკუნეები სხვა თვასაზრისითაც არის ბნელი. კერძოდ, მომხდარის ზოგადი სურათი, დაახლოებით, კი არის გასაგები, თუმცა პირველი ვარსკვლავების, გალაქტიკების, ზემასური შავი ხვრელებისა და გალაქტიკათა აქტიური ბირთვების ჩამოყალიბების ამბავი ისევ დაუზუსტებელი რჩება (გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები). საიდუმლოს ამოხსნა იმ სიგნალების კვლევით არის შესაძლებელი, რომლებიც იმ შორეულ ეპოქაში მომხდარი მოვლენების შედეგად წარმოიქამნა. საქმე ისაა, რომ ნეიტრალური წყალბადი პრაქტიკულად არც ასხივებს და არც შთანთქავს, რაც დაკვირვებათა ჩატარებას უკიდურესად აძნელებს.

 საბედნიეროდ, გამოსხივების ერთი სახეობა მაინც არსებობს – ნეიტრალური წყალბადის გამოსხივება 21 სმ. ტალღის სიგრძეზე (1420 მჰც), რომელიც ატომური წყალბადის ელექტრონისა  და პროტონის სპინების ურთიერთქმედებით(…) არის გამოწვეული. სწორედ მისი საშუალებით მოხერხდა ირმის ნახტომის მკლავების კარტოგრაფირება (ამ დიაპაზონშივე მუშაობს უცხო ცივლიზაციათა სიგნალების მაძიებელი ორგანიზაცია – SETI. 1420 მჰც-ზე ეთერში მუშაობა აკრძალულია. რადიო ტელესკოპებთან ახლოს კი ყველა სიხშირეზე – მიკროტალღიანი ღუმელი, მანქანის ძრავის ელექტრული ანთების გენერატორი და ა.შ.).

 მაშინ, რატომ არ შეგვიძლია უძველესი წყალბადის ღრუბლების ამ დიაპაზონში დანახვა? საქმე ისაა, რომ სამყაროს გაფართოების გამო, ტალღის სიგრძე იზრდება, გამოსხივება ე.წ. წითელ წანაცვლებას (z) განიცდის. რეკომბინაციამდელი (ხელახალი იონიზაცია) ცხელი გაზის გამოსხივებას რამდენიმე მიკრონიანი ტალღის სიგრძით, ახლა მიკროტალღური ფონის მილიმეტრული ტალღის სახით ვხედავთ.

 რა არის ტალღის სიგრძე? ტალღის ქიმებს შორის მანძილი (სურათზე – λ). სივრცის გაფართოების გამო (უჯრები), რომელშიც რადიო ტალღა ვრცელდება, ქიმებს შორის მანძილი იზრდება, შესაბამისად – ტალღის სიგრძეც.

 21 სანტიმეტრიანი გამოსხივება 210 სმ- სახით მოვიდა ჩვენამდე. პირიქით ემართება სიხშირეს – 1240 მჰც გახდა 142 მჰც. სოწრედ ამ დიაპაზონში ”ირჯებიან” ყველაზე უფრო კარგად ჩვენი გალაქტიკის მაგნიტურ ველში მოძრავი ელექტრონები, მათი ”ელვარება” კი გაცილებით ძლიერია. ამიტომ, შორეული წარსულიდან ჩვენამდე მოსული იგივე სიხშირის იშვიათი ფოტონების დაჭერა, რეაქტიული ძრავის გრიალის ფონზე კოღოს ხმის გაგონების მცდელობის ტოლფასია.

 რადიო ტელესკოპების მგრძნობელობა და სიზუსტე (გარჩევადობის შესაძლებლობა) მათი შემკრები ზედაპირის ფართობის (”თეფშის”) პროპორციულია, ხოლო ძალიან დიდი და მასიური ტელესკოპების აგება-შენახვა ძნელი, ამიტომ ასტრონომები ე.წ. ინტერფერომეტრებს იყენებენ: დედამიწის სხვადასხვა კუთხეში (კოსმოსშიც კი – ”რადიოასტრონ”) დაყენებულ რადიო ტელესკოპოებს, რომლებიც ერთი ობიექტისკენ არის მიმართული და ერთი გიგანტური ტელესკოპის (თუმცა, დაბალი მგრძნობელობით) მსგავსად მუშაობენ.

 1999 წელს, მოსაზრება იქნა წამოყენებული – ინტერფერომეტრები მთვარისკენ მიემართათ. დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრი საუკეთესო ”სამიზნეა” მოწყობილობის კალიბრირებისთვის, რადგან ის ცის რადიო გამოსხივების ნაწილის ბლოკირებას ახდენს და რადიოინტერფერომეტრის მგრძნობელობა არა მთელი ცის ელვარებაზე ხდება მომართული, არამედ მთვარისა და ცის (რადიო დიაპაზონში) ნათებებს შორის სხვაობაზე, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სიზუსტეს.

ვარსკვლავთშორისი სივრცის ელექტრონთა სინქროტრონული გამოსხივების ანარეკლის ფაზები (ანიმაცია: astro3d.org.au).

 ასეთმა მეთოდმა რომ იმუშაოს, მთვარის ”რადიო ელვარების” ზუსტი წინასწარმეტყველება უნდა ვიცოდეთ. სწორედ ამის გამო ახდენენ მეცნიერები ფოტოზე ნაჩვენების მსგავს მოდელირებას.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.