WOW და სხვა სიგნალები…

 არამიწიერი ცივილიზაციების პრობლემა – ეს არის სიცოცხლისა და მოაზროვნე არსებების ძიება სამყაროში. მისი ერთ-ერთი ნაწილია არამიწიერი ცივილიზაციების ძებნა, ინგლისურად Search for Extra-Terrestrial Intelligence, შემოკლებით SETI. დღეისათვის, პრაქტიკულად კავშირის მხოლოდ ერთი წყარო გამოიყენება – ელექტრომაგნიტური ტალღები. მასში შედის რადიოდიაპაზონი, ინფრაწითელი, ოპტიკური და რენტგენის სხივები. 1960 წელს, ფრენკ დრეიკმა, რადიოსიგნალების მოსმენა დაიწყო იმ ვარსკვლავების მიმართულებით, რომლებთანაც დედამიწის ტიპის პლანეტების არსებობა იქნებოდა შესაძლებელი. ამ ექსპერიმენტმა პროექტ SETI-ის დაუდო საფუძველი. პროექტის საშუალებით მსოფლიოს მეცნიერები და არა მარტო ისინი, არამიწიერი ცივილიზაციებისგან გამოგზავნილ რადიოსიგნალებს ეძებენ, მათ შორის ოპტიკურ (აქ შედის ხილული სინათლეც) დიაპაზონშიც. SETI@home-ს წყალობით სიგნალების გაშიფვრაში უბრალო მოხალისეების კომპიუტერებიც მონაწილეობს. სეტის საიტიდან სპეციალური პროგრამის გადმოწერის მერე, ჩართული და უმოქმედოთ დატოვებული კომპიუტერი სეტის ქსელიდან მოსული ინფორმაციის გაშიფვრას ავტომატურ რეჟიმში იწყებს. თუ თქვენმა კომპიუტერმა რაიმე საინტერესო აღმოაჩინა, მონაცემებს უკან გადააგზავნის და მხოლოდ რამდენიმე თვის მერე დადგინდება მართლაც უცხო ცივილიზაციასთან გვაქვს საქმე თუ რაიმე ხარვეზია, ან ვიღაცის ბოროტი ხუმრობა… 🙂

 1420 მეგაჰერცი (ანუ 21 სმ. სიგრძის ტალღა), ნეიტრალური წყალბადის ატომის იშვიათი გამოსხივებაა, გამოწვეული ამ ატომში მდებარე ელექტრონისა და პროტონის სპინების ურთიერთქმდებით, რომელთა პარალელური ორიენტაცია, მაგალითად, ერთ ატომში, უკიდურესად იშვიათად ხდება, საშაულოდ 1-ჯერ 11 მილიონ წელიწადში, ამიტომ ვარსკვლავთშორისი გარემოს ასეთი გამოსხივება უმნიშვნელოა. მთელი მზის სისტემის ნეიტრალური წყალბადის გამოსხივების სიმძლავრე სულ რაღაც 100 ვატია (შედარებისთვის, 100 ვატიანი ნათურა რისი მაქნისია კი იცით 🙂 , გალაქტიკურ მასშტაბში ეს გამოსხივება 10-ჯერ უფრო ინტენსიურია. ამ გამოსხივების საფუძველზე სამყაროს ნეიტრალური წყალბადის გადანაწილების დადგენა ხდება და სხვა განვითარებული ცივილიზაციაც, რა თქმა უნდა, ამ სიხშირეზე დაიწყებს სამყაროს კვლევას (წყალბადი ხომ ყველაზე უფრო გავრცელებული ელემენტია სამყაროში), ამიტომ ყურადღების მიქცევის მიზნით ამ სიხშირეზე გამოსხივებული, მეტი ინტენსიურობის (სიმძლავრის), მით უმეტეს რაიმე კოდების შემცველი სიგნალი, ასე რომ ვთქვათ, პირდაპირ თვალებში ”გაეჩხირებათ” ასტრონომებს, როგორც 1977 წლის 15 აგვისტოს მოხდა. სიხშირე მხოლოდ 50 კილოჰერცით განსხვავდებოდა 1420 მეგაჰერცისგან!!!
WOW
Wow_signal_profile 
_ძალიან ძლიერი სიგნალი, კარგად აჭარბებდა ფონური „ხმაურის“ დონეს, დაიმზირებოდა მხოლოდ რამდენიმე სპექტრულ არხში. მახასიათებლები აშკარად არამიწიერი (ხელოვნური) წარმომავლობისკენ მიუთითებდა.

 შემოხაზული კოდი 6EQUJ5, მიღებული სიგნალის ინტენსიურობას გვიჩვენებს დროში. ყოველი სტრიქონი ამონაბეჭდზე 12 წამიან ინტერვალს შეესაბამება. ქაღალდის ეკონომიურად გამოყენებისთვის ინტენსიურობა ასოით-ციფრული კოდირებით იწერებოდა: სიცარიელე აღნიშნავდა ინტენსიურობას 0-დან 0,999…-მდე; ციფრები 1 – 9 – ინტენსიურობა შესაბამისი ინტერვალებიდან 1-დან 9,999…; ინტენსიურობები, დაწყებული 10-დან, ასოითი კოდებით გამოისახებოდა(A აღნიშნავდა ინტენსიურობას 10,0-დან 10,999….-მდე, B – 11,0-დან 11,999… და ასე შემდეგ). ასო U(ინტენსიურობა 30,0-სა და 30,999… შორის) რადიოტელესკოპის მუშაობის მთელი დროის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა. სიგნალის სიგანე 10 კილოჰერცზე მეტს არ შეადგენდა (ამონაბეჭდზე ყოველი სვეტი 10 კილოჰერციან ზოლს შეესაბამებოდა, სიგნალი კი მხოლოდ ერთადერთ სვეტში აღიბეჭდა). სიგნალის სიხშირის დადგენის განსხვავებული მეთოდებით, განსხვავებული მნიშვნელობები მიიღეს: 1420,356 მჰც. (J. D. Kraus) და 1420,456 მჰც. (J. R. Ehman), ორივე 50 კილოჰერცის ფარგლებშია ნეიტრალური წყალბადის რადიოზოლიდან -1420,406 მჰც, ანუ 21 სმ.
big ear refl 1.gif  გამოყენებულ რადიოტელესკოპს (”დიდი ყური”) არ ჰქონდა მოძრავი ნაწილები (მხოლოდ ბრტყელ ამრეკლს ჰქონდა კუთხის შემცვლელი), ამიტომ ცის სკანირება დედამიწის ბრუნვით ხდებოდა, ანუ ტელესკოპი პლანეტის ბრუნვასთან ერთად განსხვავებული მიმართულებებით ”იყურებოდა”. ამ მოძრაობის კუთხური სიჩქარის გათვალისწინებით, ცის ერთი განსაზღვრული წერტილი 72 წამის განმავლობაში დაიმზირებოდა, WOW-ი სწორდ ამ ინტერვალში ნელა გაიზარდა და ასეთნაირადვე მიილია.”დიდ ყურს” ორი, სხვადახვა მხარეს ორიენტირებული ამრეკლი ჰქონდა, ზუსტად რომელმა მიიღო ეს სიგნალი ვერ დადგინდა, თუმცა შემდგომ ორივე მიმართულება იქნა შესწავლილი (მშვილდოსნის თანავარსკვლავედში, მეხუთე ვარსკვლავური სიდიდის ვარსკვლავთა ჯგუფიდან სამხრეთით), სიგნალი არ განმეორდა, არც მოგვიანებით ჩატარებული, ცის სავარუდო წერტილების სკანირებამ გამოიღო შედეგი. შესაძლებელია, სიგნალის წყარო შუქურასავით ტრიალებდა, სიხშირის პერიოდული ცვლილებით, ან იყო ერთჯერადად გამოსხივებული, ან მოძრავი ვარსკვლავთმფრენიდან მოვიდა 🙂 . ამ სიხშირეზე მაუწყებლობა აკრძალულია, არანაირი ხელოვნური გადამცემი არ მუშაობს 1420 მჰც. სიხშირეზე, ამიტომ არც რაიმე ორბიტაზე მდებარე სხეული აირეკლავდა მას, როგორც ერთ ხანს WOW წარწერის ავტორი ჯერი ეიმანიც თვლიდა.

 ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში, მოსასმენი არხების რაოდენობა 3000-მდე იქნა აყვანილი და მიმღებთან სპექტროანალიზატორის SERENDIP-ის მიერთება იგეგმებოდა, 4 მილიონი არხით, რითაც 1,4-დან 1,7-მდე გიგაჰერცი სიხშირეების მთლიანად გადაფარვა მოხდებოდა. სამწუხაროდ, ეს უნიკალური ინსტრუმენტი აღარ არსებობს. ოჰაიოს უნივერსიტეტმა ფინანსური სიძნელეების გამო მიწის ნაკვეთი გაყიდა, რომელზეც ტელესკოპი იყი დამონტაჟებული. 1998 წლის დასაწყისში კი ტელესკოპი დაშალეს. მის ადგილზე ახლა გოლფის მოედანი და კოტეჯებია გაშენებული. ოჰაიოს ობსერვატორიაში ჩატარებული დაკვირვებებით საინტერესო ობიექტთა მთელი რიგი იქნა აღმოჩენილი, მათ შორის ცივი ვარსკვლავთშორისი წყალბადი, რომელიც 21 სმ. სიხშირეზე ასხივებს, სიხშირეთა ძალიან ვიწრო ზოლში. რეგისტრირებულ იქნა საეჭვო წყაროები, რომლებიც, სამწუხაროდ, მხოლოდ ერთჯერადად დაიმზირებოდა, თუმცა თავიანთი თვისებებით არ ჰგავდნენ დედამიწისეულ ხარვეზებს.

SHGb02+14a

 რადიოსიგნალი SHGb02+14a  – აღმოაჩინეს 2003 წლის მარტში, პროექტ SETI@home-ს ჩარჩოებში, იმ დროს ხელოვნური წარმომავლობის ყველაზე უფრო საუკეთესო კანდიდატად ითვლებოდა, SETI@home-ს მთელი სამუშაო დროის განმავლობაში.
წყარო სამჯერ დაფიქსირდა, საერთო ხანგრძლივობით 1 წუთამდე, 1420 მჰც. სიხშირეზე. სიგნალს გააჩნდა რიგი მახასიათებლებისა, რომლებმაც სკეპტიკური დამოკიდებულება განაპირობეს მისი არამიწიერი, ხელოვნური წარმომავლობის თვალსაზრისით. წყარო თევზებისა და ვერძის თანავარსკვლავედებს შორის მდებარეობს, ხოლო იმ წერტილთან, საიდანაც ის მოდიოდა, 1000 სინათლის წლის მანძილზე ვარსკვლავები საერთოდ არ არის. სიგნალის სიხშირე ძალიან მაღალი სიჩქარით იცვლებოდა: 8-დან 37 ჰერცი/წამში. გამოდის, რომ პლანეტა, რომელზეც ეს გადამცემი მდებარეობს დედამიწაზე 40-ჯერ სწრაფად ბრუნავს. შედარებისთვის, დედამიწაზე მომუშვე გადამცემის სიხშირე 1,5 ჰერცი/წამში სუხშირით შეიცვლებოდა. გარდა ამისა, ყოველი აღმოჩენისას, მისი სიხშირე ყოველთვის 1420 მეგაჰერცს შეესაბამებოდა, მაშინ როცა შორიდან მოსული სიგნალი, ცვალებადი სიხშირით განსხვავებულ სიხშირეებზე უნდა დაფიქსირდეს, მისი რხევების ფარგლებში.

 მკვლევართა აზრით, სიგნალი უცნობი კოსმოსური მოვლენა შეიძლება იყოს, კოსმოსური „ხმაური“ ან არესიბოს ტელესკოპის მოწყობილობის ხარვეზი.

KOI 817

 2012 წლის 5 იანვარს პროგრამა SETI@home-ს ჩარჩოებში კიდევ ერთი სიგნალი იქნა აღმოჩენილი, რომელიც არამიწიერი ცივილიზაციის მიერ გამოგზავნილს ჰგავდა. სიზუსტისთვის, ძებნაში აწ უკვე მწყობრიდან გამოსული ორბიტული „კეპლერიც“ ჩართეს, სიგნალი ეგზოპლანეტა KOI 817-ის მხრიდან იქნა მიღებული, თუმცა აღმოჩენის სისწორის ერთმნიშვნელოვანი დასტური ახლაც არ არსებობს.

 მოკლე მიმოხილვაში ძნელია მოიცვა ყველა საკითხი, რომლებიც არამიწიერი ცივილიზაციების პრობლემას უკავშირდება. არ არის SETI საშიში? მით უმეტეს, კონტაქტის დასამყარებლად გაგზავნილი სიგნალები? თუ სიგნალი აღმოჩენილი იქნება, როგორ უნდა მოხდეს მისი გაშიფვრა და ინტერპრეტირება? როგორ იმოქმედებს ეს მოვლენა კაცობრიობის ისოტრიის მსვლელობაზე? ღირს კი მიღებულ სიგნალზე პასუხის გაცემა, თუ კი, როგორ? ვინ აიღებს ამაზე პასუხისმგებლობას? და ა.შ… (7 ეგზოპლანეტა სასიცოცხლო ზონაში; ანომალური მოვლენები).

2 comments

  1. გაუ – sakmaod sainteresoa dacvrilebiti informacia wow is shesaxeb – me sxva ckaroebidanac shevitkve rom chven mecnierebs undat daadgim\non is signali moazrovne arsebis damzadebuli radiogadamcemidan iqna migebuli tu astrosamkaroshi bunebribvi gadamcebis pulsarebis msgavsi gamosxiveba shemtxveviti speqtrit gaigivda wow signaltan …

  2. ახლა ითვლება, რომ ეს სიგნალი კომეტიდან იყო, რომელიც მაშჳნ დედამიწასთან ახლოს მოძრაობდა. კომეტების რადიო გამოსხივების შესახებ მაშინ არ იცოდნენ…

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.