ნუმენია და ნაცრისფერი მთვარე

 მზე ახალი ჩასულია, მთვარე კი მასთან ახლოსაა. თითქოს სავსემთვარეობაა, მაგრამ ეს ხომ მაშინ ხდება, როცა მთვარე ზუსტად მზის საწინააღმდეგოდ მდებარეობს ღამის ცაზე?

 ამ მომენტს ნუმენიას (ბერძ.) უწოდებენ – ახალი მთვარის თხელი ნამგალის პირველი გამოჩენა. როგოც ყველა სხვა ფაზა, ნუმენიაც თვეში ერთჯერ მეორდება და მისი დამზერის შესაძლებლობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. შეუიარაღებელი თვალისთვის, ნუმენია დგემა პირველსა და მესამე დღეს შორის (საღამოს) ახალმთვარეობის მერე. ასტრო ფოტოგრაფებს (1) გამოუცხადებელი შეჯიბრიც კი აქვთ, ვინ უფრო თხელ ნამგალს გადაიღებს.

 ძლივს შესამჩნევი ნათელი რკალი ფოტოს ქვედა ნაწილში, ნუმენიური ნამგალია, გადაღებული საათზე მცირე დროში ახალმთვარეობის მერე, 2008 წლის 5 მაისს. გამოყენებულია სამოყვარულო ტელესკოპი და სპეციალური ფილტრები (დღეა). ნამგალის უკეთ გამოსაჩენად საჭირო გახდა დამატებითი ციფრული დამუშავებაც.

 თუ სავსემთვარეობა არ არის, მთლიანი დისკო რატომ ჩანს?

 ეს არის მთვარის ნაცრისფერი ნათება. მთვარის დისკოს ისევ და ისევ მზე ანათებს, ოღონდ არა პირდაპირ: დედამიწაზე დაცემული სინათლის 30% აირეკლება და მთვარის გაუნათებელ დისკოს ეცემა, ამ სინათლის ნაწილი, თავის მხრივ, ასევე აირეკლება და უკან დედამიწისკენ ბრუნდება. ამიტომაც ვხედავთ მთლიან მთვარეს.

 მთვარის ნაცრისფერი ნათების ელვარება დროთა განმავლობაში იცვლება: წინა საუკუნის 90-იან წლებში ის მცირდებოდა, 2000-იანებში კი ისევ მატება დაიწყო. ეს დედამიწის ზედაპირზე და ატმოსფეროში მომხდარ ცვლილებებზეა დამოკიდებული. ნიადაგი, ოკეანე, ღრუბლები, თოვლი – განსხვავებულად ირეკლავს სინათლეს. საუკეთესო ამრეკლია ღრუბლები – 50%-მდე. ნაცრისფერი ნათების მატება დედამიწის ალბედოს (სინათლის არეკვლის უნარი) ზრდაზე მეტყველებს, მაგალითად, ღრუბლების საფარის ფართობის ზრდით. ნეცრისფერი ნათების შესწავლა, თანამგზავრებიდან გადმოცემულ მონაცემებთან ერთდ, გლობალური კლიმატური სიტუაციის კვლევაში გვეხმარება (ულტრაიისფერი დედამიწა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.