როგორ გადავიღოთ ირმის ნახტომი

 ირმის ნახტომი, ჩვენი მშობლიური გალაქტიკაა. მისი შემადგენელი ვარსკვლავები, გაზისა და მტვრის ღრუბლები ე.წ. მკლავებშია თავმოყრილი, რომლებიც ერთ სიბრტყეში მოძრაობენ და დისკოს ფორმას სძენენ გალაქტიკას. ჩვენ გალაქტიკის შიგნით ვიმყოფებით, ამიტომ, ბუნებრივია, მისი ყველა მკლავის დანახვა არ შეგვიძლია. მზე, ორიონის მკლავის კიდეზეა, ანუ გალაქტიკაზე რომ ზემოდან დაგვეხედა, ერთ მხარეს ორიონი იქნება, საწინააღმდეგოდ კი მშვილდოსანი.

მზის სისტემის ეკლიპტიკური სიბრტყე(მზისა და მასში მდებარე ობიექტების ცენტრების შემაერთებელი წარმოსახვითი სიბრტყე), არ ემთხვევა გალაქტიკისას – თითქმის პერპენდიკულარულია, ამიტომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროდან ვხედავთ ჯერ ორიონის მკლავს, შემდეგ ორიონისა და მშვილდოსნის შეერთებას(თავზე), მერე კი მშვილდოსნის მკლავს. ამ შთამბეჭდავი კოსმოსური პეიზაჟის გადაღება ყველა ფოტო მოყვარულს შეუძლია, სტანდარტული ტენიკური კომპლექტის გამოყენებით.

 1. უნდა მოვძებნოთ კარგად ჩაბნელებული ადგილი, ქალაქიდან შორს!(ბნელი ადგილების მსოფლიო რუკა).

 2. კარგი ფოტოების მისაღებად, კარგი ხარისხის მქონე მატრიცით აღჭურვილი ფოტოკამერა დაგჭირდბათ(იდეალურია ქენონის, ნიკონის, სონის სრულკადრიანი კამერები, თუმცა მაღალ მგრძნობელობაზე(ISO) მათ არც სხვა სარკიანი(DSLR) კამერები ჩამოუვარდება – Canon 1100, Nikon D3100, Nikon d5300, Nikon D7100, Sony A290, Pentax K-x და მისთანები, 30 წამიანი დაყოვნებით), შტატივი(ან რაიმე მდგრადი დასადები) და მაღალი შუქძალის ფართოკუთხიანი ობიექტივი(ან ცვალებადი ფოკუსური მანძილით, როგორიც აპარატს მოყვება).

ხელით მართვის რეჟიმზე გადაყვანა.

 3. ფოკუსირება. ფოკუსს ვასწორებთ ხელით(MF). ვიყენებთ რეჟიმს live view, გადაგვყავს მაქსიმალურ გადიდებაზე, იქამდე ვასწორებთ, სანამ ვარსკვლავები მკაფიო, პატარა წერტილების სახეს მიიღებენ. ფოკუსის კარგად გასწორების დამადასტურებელია იმ სუსუტი ვარსკვლავების გამოჩენა, რომლებიც ეკრანზე თავიდან საერთოდ არ ჩანდა.

 4. პირველი ფოტოები მაქსიმალური მგრძნობელობით(ISO) გადაიღეთ, რათა მალევე ნახოთ, რა ჩაეტია კადრში, მკაფიოა თუ არა ვარსკვლავები, კომპოზიციის სისწორე და ა.შ. ამის მერე მგრძნობელობა 1600-3200-ზე დააყენეთ, ობიექტივის დიაფრაგმა მაქსიმალურად გახსენით f1.4-2.8.

 5. მოგეხსენებათ, რომ დედამიწა ბრუნავს, ამიტომ ფოტოაპარატის მატრიცაზე პროეცირებული ცა მოძრაობს და მიღებულ ფოტოზე წერტილოვანი ვარსკვლავების ნაცვლად, მათი გადღაბნილი კვალი გამოჩნდება. ამის გამო, ზემოთ ხსენებული დაყოვნების 30 წამს სრულად ვერ გამოვიყენებთ, დაყოვნებას სპეციალური ფორმულით ვითვლით – 500 გავყოთ ფოკუსურ მანძილზე. მაგალითად, თუ სრულკადრიანი აპარატით ვიღებთ 50 მმ. ობიექტივით, დაყოვნება 10 წამი გამოვა, 24 მმ.-ზე 21 წმ და ა.შ. თუ ე.წ. კროპ-ფაქტორიანი კამერით ვიღებთ, დაყოვნების დრო გაიზრდება, ექსპერიმენტით დაადგინეთ ადგილზევე. ამ შეზღუდვის გამო, იძულებული ვხდებით მგრძნობელობას მოვუმატოთ, ვარსკვლავების კარგად გამოჩენამდე.

 6. კომპოზიციაზეც იფიქრეთ. ირმის ნახტომთან ერთად თუ მიწაზე მდებარე ობიექტებიც გამოჩნდება, სურათი კიდევ უფრო საინტერესო იქნება.

7. ზოგიერთი ხარვეზის გამოსწორება შემდგომი დამუშავებით არის შესაძლებელი. იგულისხმება ფოტოების გაღიავება(ჩრდილების ამოქაჩვა), კონტრასტის დამატება, ხმაურის მოშორება და სიმკვეთრის მატება. აპარატის ეკრანზე ნანახმა ფოტოებმა შეიძლება მოგყვატყუოს, ამიტომ კარგად დარწმუნდით ზემოთ ხსენებული პარამეტრების სწორად დაყენებაში. შეგიძლიათ გამოიყენოთ დიდეკრანიანი გადასატანი კომპიუტერი, მასშივე ნახოთ ფოტოების ხარისხი, კომპიუტერიდანვე მართოთ აპარატი, მასზე შეუხელბლად, რაც შტატივის რყევას გამორიცხავს.

 ხელით გადაღებისას გამოიყენეთ ”თაიმერი”. გადაღება, ღილაკზე დაჭერიდან 10 წამის  მერე მოხდება, რა დროშიც შეხებით გამოწვეული რყევა მიილევა. შეგიძლიათ გადაიღოთ ე.წ. RAW-ფაილები, კადრები, რომელსაც ფოტოკამერა არ ამუშავებს და ასე რომ ვთქვათ, ორიგინალური სახით გაძლევთ მათ. თუ კადრი ცოტა მეტად ბნელი გამოვიდა, ამას Lightroom-ისა და მისი მსგავსი პროგრამებით გაათეთრებთ. თუ კადრი უინტერესოა, გადღაბნილია, ძალიან ბნელი და ხმაურიანია(ზედმეტი ISO, გარეგანათება…), მას ვეღარაფრით უშველით…

One comment

  1. pix.ge ჭედავს, იქ მაქვს ატვირთულო ფოტოები. მალე გამოვასწორებ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.