ობიექტივის დიაფრაგმა

 დიაფრაგმა არის მოწყობილობა, რომელიც ობიექტივის შუქგამტარობას მასში შემავალი სინათლის კონის დიამეტრის ცვლილებით არეგულირებს. ასეთი რეგულირება გამოიყენება სიმკვეთრის სიღრმის მართვისთვისაც. წარმოადგენს გაუმჭვირვალე მასალისგან დამზადებული ფირფიტების ნაკრებს, ცვალებადი დიამეტრის მრგვალი ხვრელით, რომლის ცენტრი ლინზების ოპტიკურ ღერძს ემთხვევა.

 ობიექტივის დიაფრაგმის მთავარი დანიშნულებაა მისი შუქგამტარი ხვრელისა და შუქძალის რეგულირება, რომელიც აუცილებელია სიმკვეთრის სიღრმისა და შემავალი სინათლის დოზირებისთვის, სწორი ექსპოზიციის (გამოსხივების რაოდენობა, რომელსაც აპარატის ფოტომგრძნობიარე ელემენტი იღებს) მისაღწევად. გამოსახულება არც ბნელი უნდა გამოვიდეს და არც გადანათებული. დიაფრაგმის რეგულირებისას, მისი ხვრელი კიდეებიდან ცენტრისკენ იკეტება, რადგან საუკეთესო ხარისხის გამოსახულება, სინათლის კონათა ცენტრალური ნაწილით მიიღება.

როგორ ცვლის აპერტურა ექსპოზიციას.

f

განასხვავებენ გეომეტრიულ და ეფექტურ შუქგამტარ ხვრელს: გეომეტრიული, ეს არის ობიექტივის შესასვლელი ხვრელის დიამეტრის შეფარდება მის ფოკუსურ მანძილთან და წილადით გამოისახება, რომლის მრიცხველი 1-ს უტოლდება. ფოტოგრაფიაში ერთის ნაცვლად იყენებენ ლათინურ f-ს (f/5,6 და ა.შ.). ეფექტური ხვრელის ზომა ყოველთვის ნაკლებია გეომეტრიულზე, ვინაიდან ითვალისწინებს დანაკარგებს შუშაში სინათლის შთანთქმასა და გაბნევაზე. დანაკარგების შემცირება ლინზებზე ანტიამრეკლავი საფარის დატანით მიიღწევა (Просветление). 

 ექსპოზიციისა და სიმკვეთრის სიღრმის რეგულერების გარდა, დიაფრაგმის შუქგამტარი ხვრელის დიამეტრის ცვლილება, გამოსახულების სხვა მთავარ პარამეტრებზეც მოქმედებს:

 აბერაცია

 ოპტიკური სისტემის აბერაცია — ცთომილებები გამოსახულებაზე, რომელთაც ოპტიკური სისტემა იძლევა. აბერაციის დროს, ოპტიკური გამოსახულება არ არის სავსებით მკაფიო, ზუსტად არ შეესაბამება ობიექტს ან შეფერილია.

 შუქგამტარი ხვრელის დაპატარავება სისტემის აბერაციას  ამცირებს, რადგან გამოსახულების მისაღებად ლინზების ცენტრალური ნაწილიდან გამომვალი, შედარებით მცირე სიმრუდით გამორჩეული სინათლის კონა გამოიყენება. აბერაციას მაშინ აქვს მინიმალური სიდიდე, როცა დიაფრაგმა მინიმუმამდეა დაკეტილი.

 დიფრაქცია

 ტალღების მიერ წინაღობის შემოვლა.

 ყველა ოპტიკური სისტემის მსგავსად, ობიექტივიც შეზღუდულია სინათლის დიფრაქციის გამო დიაფრაგმის კიდეებთან. ეს გამოიხატება გარჩევადობის შესაძლებლობის შემცირებაში შუქგამტარი ხვრელის დაპატარავებისას.

 ამგვარად, დიაფრაგმის დაკეტვისას, აბერაციის შემცირებასთან ერთად იზრდება დიფრაქციული შეზღუდვაც. ობიექტივის მაქსიმალური გარჩევადობის შესაძლებლობა მიიღება დიაფრაგმის საშუალო მნიშვნელობებზე:  f/8—f/11, როცა აბერაცია და დიფრაქცია გაწონასწორებულია.

 ვინეტირება

 ობიექტივში კუთხით შემავალი სინათლის კონების ნაწილობრივი შეზღუდვა ოპტიკური სისტემის დიაფრაგმის მიერ.

ვინეტირებული და კორექტირებული გამოსახულება.

 რაც უფრო მცირეა დიაფრაგმის ხვრელი, მით უფრო ნაკლებია განათების ვარდნა გამოსახულების ცენტრიდან კიდეებისკენ. ვინეტირება მაქსიმალურია მთლიანად ღია დიაფრაგმისას, ხოლო ნაკლებად შესამჩნევი ხდება მისი ორი ან მეტი საფეხურით დაპატარავებისას. ეს იმით აიხსნება, რომ ობიექტივის კორპუსი, რომელიც ვინეტირების მთავარი მიზეზია, მხოლოდ სინათლის კონათა კიდეებს ზღუდავს, რომელთა დიამეტრი შუქგამტარი ხვრელის დაპატარავებით მცირდება (როგორ გადავიღოთ ირმის ნახტომი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.